1 . და იყო, როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,
2 . მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა.
3 . უთხრა უფალმა: "შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, ჩემ წინაშე რომ აღავლინე; წმიდავყავი ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის უკუნისამდე დასამკვიდრებლად; დღენიადაგ მანდ იქნება ჩემი თვალი და გული.
4 . და თუ ივლი ჩემ წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, გულის სიწმიდითა და სიმართლით, ისე მოიქცევი, როგორც მაქვს შენთვის ნაბრძანები და დაიცავ ჩემს წესებსა და სამართალს,
5 . მაშინ უკუნისამდე განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელზე, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის, მითქვამს: არ მოგაკლდება-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომი.
6 . მაგრამ თუ ზურგს შემაქცევთ თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს მცნებებსა და წესდებებს, მე რომ მოგეცით, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას და მათ სცემთ თაყვანს,
7 . მაშინ მოვკვეთ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მივეცი მას; მოვიშორებ სახლს, რომელიც წმიდავყავი ჩემი სახელისთვის და შეიქნება ისრაელი საიგავოდ და საქილიკოდ ყოველ ხალხს შორის.
8 . ეს სახლი ნანგრევების გროვად იქცევა და ყველა ჩამვლელი გაოცდება დაუსტვენს და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს?
9 . იტყვიან: რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა მათი მამები და შეეთვისნენ უცხო ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ მათ. ამის გამო მოუვლინა უფალმა ყველა ეს უბედურება”.
10 . ოცი წლის თავზე დაასრულა სოლომონმა ორი სახლის: უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება.
11 . ხირამი, ცორის მეფე, აწვდიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს, ასევე ოქროს, მისი სურვილისამებრ, მეფე სოლომონმა კი ოცი ქალაქი მისცა ხირამს გალილეის ქვეყანაში.
12 . მოვიდა ხირამი ცორიდან, სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი.
13 . თქვა ხირამმა: "ეს რა ქალაქები მოგიცია ჩემთვის, ჩემო ძმაო?” და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა ამ დღემდე.
14 . და გაუგზავნა ხირამმა მეფეს ასოცი ტალანტი ოქრო.
15 . ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და მეფის სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად.
16 . ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და ცეცხლით გადაბუგა. დახოცა ქალაქში მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს.
17 . ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი,
18 . ბაყალათი და თადმორი ქვეყნის უდაბნოში,
19 . სამარაგო ქალაქები, რომლებიც სოლომონს ჰქონდა, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა სოლომონს იერუსალიმსა და ლიბანში, და მთელ თავის სამეფოში.
20 . ხოლო ყველა ის ხალხი, რომელიც დარჩა ამორელთაგან, ხეთელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომლებიც ისრაელის ძეთაგან არ ყოფილან,
21 . მათი შთამომავლები, მათ შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში, რომელთა მოსპობაც ვერ შეძლეს ისრაელის ძეებმა, მონა-მსახურებად განაწესა სოლომონმა და დღემდე ასე არიან.
22 . ისრაელის ძეთაგან არავინ დაუმონებია სოლომონს, რადგან მეომრები იყვნენ ისინი, მისი მსახურები, მეთაურები და მხედართმთავრები, მისი ეტლებისა და მხედრების სარდალნი.
23 . ესენი იყვნენ ზემდგომთა მთავრები, სოლომონის სამუშაოების ზედამხედველნი: ხუთას ორმოცდაათი კაცი მმართველობდა მომუშავე ხალხს.
24 . და ავიდა ფარაონის ასული დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა სოლომონმა; მაშინ ააშენა მან მილო.
25 . წელიწადში სამჯერ აღავლენდა სოლომონი სრულადდასაწველებსა და სამშვიდობო მსხვერპლებს სამსხვერპლოზე, რომელიც აუშენა უფალს და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე განასრულა სოლომონმა სახლი.
26 . ხომალდები ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, წითელი ზღვის სანაპიროზე, ედომის ქვეყანაში.
27 . ზღვის მცოდნე მსახურები დაუმგზავრა ხირამმა ხომალდებით სოლომონის მსახურებს.
28 . მივიდნენ ისინი ოფირში, წამოიღეს ოთხას ოცი ტალანტი ოქრო და მოუტანეს მეფე სოლომონს.