1 . მაშინ შემოიკრიბა მეფე სოლომონმა ისრაელის უხუცესნი, ყოველი ტომის მეთაური და ისრაელიანთა მამის სახლთა მთავარნი იერუსალიმში, რათა წამოეღოთ უფლის აღთქმის კიდობანი სიონიდან, დავითის ქალაქიდან.
2 . და შეიკრიბა მეფე სოლომონთან ყოველი ისრაელიანი ეთანიმის (მეშვიდე) თვეს, დღესასწაულზე.
3 . მოვიდა ისრაელის ყველა უხუცესი და ასწიეს კიდობანი მღვდლებმა.
4 . გამოიტანეს მღვდლებმა და ლევიანებმა უფლის კიდობანი, საკრებულო კარავი და ყოველი წმიდა ჭურჭელი, რომელიც იყო კარავში. მღვდლები და ლევიანნი ზიდავდნენ.
5 . ხოლო მეფე სოლომონი, ისრაელის მთელ თემთან ერთად მიუძღოდა წინ კიდობანს, უამრავ ცხვარსა და ხარს სწირავდნენ; ვერ დაითვლებოდა სიმრავლის გამო.
6 . და მიიტანეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის ადგილზე ტაძარში, წმიდათა წმიდა ადგილას ქერუბთა ფრთებქვეშ,
7 . ვინაიდან გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბებს კიდობანზე და ზემოდან ფარავდნენ ქერუბები კიდობანსა და მის ლატნებს.
8 . გრძელი იყო ლატნები, საწმიდრიდან ჩანდა ლატანთა ბოლოები, დაბირის წინ, მაგრამ გარედან არ ჩანდა; დღემდე იქ არის იგი.
9 . არაფერი იყო კიდობანში, გარდა ქვის ორი დაფისა, რომლებიც მოსემ ჩააწყო ხორებში, როდესაც აღთქმა დაუდო უფალმა ისრაელის ძეებს ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას.
10 . და აჰა, როცა გამოდიოდნენ მღვდლები საწმიდრიდან, ღრუბელმა აავსო უფლის სახლი.
11 . და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა მსახურებისთვის დგომა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აავსო უფლის სახლი.
12 . მაშინ თქვა სოლომონმა: "თქვა უფალმა, რომ სქელ ღრუბელში დაივანებდა.
13 . ამაღლებული სახლი აგიშენე შენთვის სავანედ, საუკუნო სამკვიდრებლად”.
14 . მობრუნდა მეფე ხალხისკენ და აკურთხა ფეხზე მდგომი ისრაელის მთელი კრებული;
15 . თქვა: "კურთხეულია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს და ახლა თავისი ხელით აღასრულა ეს სიტყვები:
16 . იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელი, არ ამომირჩევია ქალაქი ისრაელის არც ერთ ტომში, სახლის ასაშენებლად და ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად, არ
17 . გულში ჰქონდა დავითს, მამაჩემს, სახლის აშენება, უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
18 . მაგრამ უთხრა უფალმა დავითს, მამაჩემს: გულში გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე.
19 . მაგრამ შენ არ ამიშენებ სახლს, არამედ შენი ძე, შენი წიაღიდან გამოსული ამიშენებს!
20 . და აღასრულა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა, მე ვდგავარ მამაჩემის, დავითის მაგიერ და ვზივარ ისრაელის ტახტზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს და ავაშენე სახლი უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
21 . იქ დავუდგინე ადგილი კიდობანს, რომელშიც ჩვენი მამებისადმი დადებული უფლის აღთქმაა, ეგვიპტიდან მათი გამოყვანისას რომ აღუთქვა!”
22 . დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოსა და უფლის მთელი კრებულის წინაშე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები
23 . და თქვა: "უფალო, ღმერთო ისრაელისა! არავინაა შენი სადარი, ღმერთო, მაღლა ზეცაში თუ დაბლა დედამიწაზე, აღთქმას და სიკეთეს უნახავ შენს მსახურთ, ვინც მთელი გულით დადის შენ წინაშე.
24 . შენ აღუსრულე შენს მსახურს დავითს, მამაჩემს, რაც ნათქვამი გქონდა მისთვის; შენი პირით ელაპარაკე და შენივე ხელით აღუსრულე, რაც დღეს ხდება.
25 . ახლა კი, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შეუნახე დავითს, შენს მსახურს, მამაჩემს, რაც ნათქვამი გაქვს მისთვის: არ დაგელევაო ჩემ წინაშე ისრაელის ტახტზე მჯდომი კაცი, ოღონდ თუ დაიცავენ თავის გზებს შენი ძენი, რათა ისე იარონ ჩემ წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემ წინაშე.
26 . ახლა კი, ღმერთო ისრაელისა, შესრულდეს შენი სიტყვა, რომელიც შენს მსახურს, დავითს, მამაჩემს უთხარი!
27 . ნუთუ ნამდვილად დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე? აჰა, ცანი და ცანი ცათანი ვერ გიტევენ შენ, როგორღა დაგიტევს ეს სახლი, რომელიც მე ავაშენე?
28 . მაგრამ, მოხედე შენი მსახურის ლოცვასა და ვედრებას უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომელთაც შენი მსახური აღავლენს დღეს შენ წინაშე.
29 . თვალი გეჭიროს ამ სახლზე დღითა და ღამით, ადგილზე, რომელზეც თქვი: იქ იქნებაო ჩემი სახელი, იმ ლოცვის მოსასმენად, რომლითაც შენი მსახური ილოცებს ამ ადგილზე.
30 . მოისმინე ვედრება შენი მსახურისა და ხალხისა, ისრაელისა, როცა ილოცებენ ამ ადგილზე, მოისმინე შენი ზეციური სამყოფელიდან; მოისმინე და მოგვიტევე.
31 . თუ შესცოდავს კაცი თავის მოყვასს და მოითხოვს მისგან, რომ დაიფიცოს და მოვლენ შენი სამსხვერპლოსა და ამ სახლის წინაშე ფიცის აღსავლენად,
32 . მაშინ ზეციდან მოისმინე და სამართალი გაუჩინე შენს მსახურებს; მსჯავრი დასდე დამნაშავეს, რათა მასზევე მიაქციო მისი ცოდვა, მართალი კი გაამართლე, რათა თავისი სიმართლისამებრ მიაგო მას.
33 . როცა დამარცხდება შენი ხალხი, ისრაელი, მტრის წინაშე, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მაგრამ მობრუნდებიან შენკენ, აღიარებენ შენს სახელს, ილოცებენ და შემოგევედრებიან ამ სახლში;
34 . ზეციდან მოისმინე და აპატიე შეცოდება შენს ხალხს, ისრაელს, და დააბრუნე ისინი იმ ქვეყანაში, რომელიც მათი მამებისთვის გაქვს მიცემული.
35 . როცა დაიხშობა ზეცა და აღარ იქნება წვიმა, იმის გამო, რომ შემოგცოდეს; თუ ილოცებენ ამ ადგილზე, შენს სახელს აღიარებენ და მობრუნდებიან თავისი ცოდვებისგან, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,
36 . ზეციდან მოისმინე და შეუნდე შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, დააყენე სასიკეთო გზაზე, რომელზეც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც შენი ხალხისთვის გაქვს მიცემული სამკვიდრებლად.
37 . შიმშილი იქნება ქვეყანაში, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, გუდაფშუტა, კალია თუ მატლი, მტერი შეაჭირვებს მას თავის მიწაზე და ქალაქებში, თუ რაიმე წყლული ან სენი,
38 . ყოველი ლოცვა და ვედრება, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი, რადგან თითოეულმა იცის თავისი გულის შეჭირვება და ამ სახლისკენ გამოიწვდის ხელებს,
39 . ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე, აპატიე და აღუსრულე და ყოველ კაცს მისი გზებისამებრ მიაგე, რადგან იცი მისი გული, რადგან შენ, მხოლოდ შენ იცნობ ყოველი კაცის გულს;
40 . რათა დღენიადაგ ეშინოდეთ შენი, სანამ ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი მამებისთვის გაქვს მიცემული.
41 . უცხოელიც, რომელიც არ იქნება შენი ხალხიდან, არ იქნება ისრაელიანი და შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო,
42 . ვინაიდან, გაგონილი ექნება შენი დიადი სახელის, ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში,
43 . ზეციდან მოისმინე, შენი სამკვიდრებლიდან და აღუსრულე უცხოტომელს ყოველივე, რასაც შემოგავედრებს, რათა დედამიწის ყოველმა ხალხმა იცოდეს შენი სახელი, ეშინოდეთ შენი, როგორც შენ ხალხს, ისრაელს და გაიგონ რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, რომელიც ავაშენე.
44 . როცა მტრის წინააღმდეგ გავა საომრად შენი ხალხი, იმ გზით, რომლითაც შენ წარგზავნი მათ და ილოცებენ უფლისადმი შენი რჩეული ქალაქისა და იმ სახლისკენ პირმიქცეულნი, რომელიც მე ავაშენე შენს სახელზე.
45 . ზეციდან მოისმინე მათი ლოცვა-ვედრება და აღუსრულე მათ სამართალი.
46 . თუ შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს კაცი, რომ არ შესცოდოს, და განურისხდები, მტრის ხელში ჩააგდებ, რათა ტყვედ წაიყვანონ მტრის მიწაზე, შორს ან ახლოს.
47 . მაგრამ მოაქცევენ თავის გულებს იმ ქვეყანაში, სადაც ტყვედ იქნენ წაყვანილნი, მოგიბრუნდებიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში: შეგცოდეთ, ურჯულოება ჩავიდინეთ და ბოროტად მოვიქეცითო!
48 . მთელი გულითა და სულით მობრუნდებიან შენკენ მათი მტრების ქვეყანაში, სადაც ტყვედ წაასხეს და ილოცებენ შენკენ პირმოქცეულნი, იმ ქვეყნისკენ, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აირჩიე და იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,
49 . ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე მათი ლოცვა-ვედრება და აღუსრულე სამართალი.
50 . შეუნდე შენს ხალხს ყოველი დანაშაული და უმართლობა შენ წინაშე და წყალობა აპოვნინე თავის დამატყვევებელთა თვალში.
51 . რადგან შენი ხალხი და სამკვიდრებელი არიან ისინი, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან გამოიყვანე.
52 . ღია გქონდეს თვალი შენი მსახურის ვედრების მიმართ და შენი ხალხის, ისრაელის ვედრების მიმართ, რომ გესმოდეს მათი, როცა კი შემოგღაღადებენ.
53 . რადგან შენ გამოარჩიე ისინი დედამიწის ყველა ხალხთაგან შენთვის სამკვიდრებლად, როგორც შენი მსახურის, მოსეს მეშვეობით გაქვს ნათქვამი, ეგვიპტიდან ჩვენი მამების გამოყვანისას, ღმერთო, უფალო!”
54 . და როგორც კი დაასრულა სოლომონმა ეს ლოცვა-ვედრება, ზეცისკენ ხელაპყრობილი წამოიმართა მუხლებიდან, რადგან უფლის სამსხვერპლოს წინაშე იყო დაჩოქილი.
55 . იდგა და მაღალი ხმით აკურთხებდა ისრაელის მთელ კრებულს ამ სიტყვებით:
56 . "კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მოასვენა თავისი ხალხი, ისრაელი, როგორც დაპირდა! ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი მისი სასიკეთო დანაპირებიდან, რომელიც თავისი მსახურის, მოსეს მეშვეობით წარმოთქვა.
57 . ისე იყოს ჩვენთან უფალი, ღმერთი ჩვენი, როგორც ჩვენს მამებთან იყო; ნუ დაგვტოვებს და ნუ მიგვატოვებს,
58 . თავისკენ მიიზიდოს ჩვენი გულები, რათა მის გზებზე ვიაროთ და ვიცავდეთ მის მცნებებს, წესდებებსა და სამართალს, რომელიც ამცნო ჩვენს მამებს.
59 . დაე სიტყვა ჩემი, რომელიც შევავედრე უფალს, დღისით და ღამით ახლოს იყოს უფალთან, ჩვენს ღმერთთან, რათა დღენიადაგ აღუსრულოს სამართალი თავის მსახურსა და ისრაელიან ხალხს.
60 . რათა შეიცნოს დედამიწის ყოველმა ხალხმა, რომ უფალია ღმერთი და სხვა არავინაა.
61 . ამიტომ სრულად იყოს თქვენი გული მიძღვნილი უფლისადმი, თქვენი ღმერთისადმი, რათა ცხოვრობდეთ მისი წესებით და იცავდეთ მის მცნებებს, როგორც დღეს!”
62 . და მსხვერპლი შესწირა უფალს მეფემ მთელ ისრაელთან ერთად.
63 . სამშვიდობო შესაწირი შესწირა უფალს სოლომონმა: ოცდაორი ათასი ხარი და ასოცი ათასი ცხვარი; აკურთხეს უფლის სახლი მეფემ და ყოველმა ისრაელიანმა.
64 . იმავე დღეს წმიდაჰყო მეფემ შიდა ეზო, რომელიც უფლის სახლის წინ იყო; იქ აღავლინა სრულადდასაწველი, პურეული ძღვენი და სამშვიდობო შესაწირთა ქონი, ვინაიდან ძალიან პატარა იყო სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც უფლის წინაშე იყო, სრულადდასაწველის, პურეული ძღვენისა და სამშვიდობო შესაწირთა ქონის დასატევად.
65 . დღესასწაულობდა სოლომონი და მასთან ერთად მთელი ისრაელი, დიდი კრებული - ხამათის მისადგომებიდან ეგვიპტის მდინარემდე - უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე: შვიდი დღე და შვიდი დღე, სულ თოთხმეტი დღე.
66 . მერვე დღეს გაუშვა ხალხი. აკურთხეს მეფე და წავიდნენ თავ-თავის კარვებში გახარებულნი და გულგახალისებულნი იმ სიკეთის გამო, რაც უყო უფალმა დავითს, თავის მსახურს და თავის ხალხს, ისრაელს.