3მეფეთა თავი 16

1 . ეუწყა უფლის სიტყვა ბაყაშას წინააღმდეგ იეჰუ ხანანის ძეს:

2 . "მტვრიდან აღგადგინე და ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლად გაქციე, შენ კი იერობყამის გზით წახვედი და აცდუნე ისრაელი, რათა განვრისხდე მათი ცოდვებით,

3 . აჰა, პირწმინდად აღვგვი ბაყაშას და მის სახლს და ვაქცევ იერობყამ ნებატის ძის სახლივით.

4 . ვინც ქალაქში მოუკვდება ბაყაშას, ძაღლები შეჭამენ; და ვინც ველზე - ცის ფრინველნი დაჯიჯგნიან”.

5 . ბაყაშას დანარჩენი საქმენი, მისი სიმამაცე, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?

6 . მიიძინა ბაყაშამ თავის მამებთან და დაიკრძალა თირცაში. მის ნაცვლად ელა, მისი ძე გამეფდა.

7 . წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის მეშვეობით ეუწყა უფლის სიტყვა ბაყაშას და მის სახლეულს, ყველა იმ ბოროტების შესახებ, რომელიც ჩაიდინა უფლის თვალში, რათა განერისხებინა ღმერთი თავისი ქცევით, გამხდარიყო იერობყამის სახლივით და განადგურებულიყო.

8 . იუდას მეფის, ასას გამეფების ოცდამეექვსე წელს გამეფდა ელა, ბაყაშას ძე და ორ წელს იმეფა თირცაში ისრაელზე.

9 . აუმხედრდა მისი მსახური ზიმრი, რომელიც საბრძოლო ეტლების ნახევარს მეთაურობდა. თირცას სამეფო სასახლის მოურავის, არცას სახლში იყო მთვრალი ელა.

10 . შევიდა ზიმრი, უგმირა და მოკლა. იუდას მეფის, ასას მეფობის ოცდამეშვიდე წელს გამეფდა მის მაგიერ.

11 . როცა გამეფდა და ტახტზე დაჯდა, მაშინვე მოსრა ბაყაშას მთელი სახლეული, არ დაუტოვებია მისგან კედელზე მიმშარდველი, არც ნათესავი და არც მეგობარი.

12 . მოსპო ზიმრიმ ბაყაშას მთელი სახლეული უფლის სიტყვისამებრ, რომელიც წინასწარმეტყველ იეჰუს მეშვეობით ჰქონდა ნათქვამი ბაყაშაზე,

13 . ბაყაშას მთელი ცოდვებისთვის და ელას, მისი ძის ცოდვებისთვის, რომლებითაც აცდუნეს ისრაელი თავისი ამაოებით, რათა განერისხებინათ უფალი, ისრაელის ღმერთი.

14 . ელას დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?

15 . იუდას მეფის, ასას მეფობის ოცდამეშვიდე წელს, შვიდ დღეს იმეფა ზიმრიმ თირცაში. ხალხი ფილისტიმელთა გიბეთონის პირდაპირ იყო დაბანაკებული.

16 . გაიგო დაბანაკებულმა ხალხმა, რომ ამბოხებულ ზიმრის მეფე მოუკლავს და იმავე დღეს, მხედართმთავარი ყომრი გაამეფა ბანაკში მთელ ისრაელზე.

17 . წავიდა ყომრი გიბეთონიდან მთელ ისრაელთან ერთად და ალყაში მოაქცია თირცა.

18 . დაინახა ზიმრიმ, რომ აღებულია ქალაქი, შევიდა მეფის სასახლის სამალავში, თავზე გადაიწვა სასახლე და მოკვდა.

19 . თავისი ცოდვებისთვის, რომლითაც სცოდავდა, რადგან ბოროტს სჩადიოდა უფლის თვალში და იერობყამის გზით მიდიოდა მის ცოდვებში, რომლითაც აცდუნა ისრაელი.

20 . ზიმრის დანარჩენი საქმენი და მისი ამბოხება, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?

21 . მაშინ ორად გაიხლიჩა ისრაელის ხალხი: ხალხის ერთი ნახევარი თიბნი გინათის ძის გამეფებას ემხრობოდა, მეორე ნახევარი კი - ყომრისას.

22 . ყომრის ხალხი უფრო ძლიერი აღმოჩნდა თიბნის ხალხზე. მოკვდა თიბნი და გამეფდა ყომრი.

23 . იუდას მეფის, ასას მეფობის ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ყომრი ისრაელზე და თორმეტ წელს მეფობდა. ექვსი წელი თირცაში იმეფა.

24 . იყიდა შემერისგან სამარიის მთა ვერცხლის ორ ტალანტად, ქალაქი გააშენა იქ და სახელად სამარია უწოდა, ყოფილი მფლობელის სახელისამებრ.

25 . ბოროტად იქცეოდა ყომრი უფლის თვალში; იმათაც გადააჭარბა, რომლებიც მასზე უწინ იყვნენ.

26 . იერობყამ ნებატის ძის გზით წავიდა, მისი ცოდვის გზით, რომლითაც აცდუნა ისრაელი, რათა თავისი ამაო კერპებით განერისხებინა უფალი, ისრაელის ღმერთი.

27 . ყომრის დანარჩენი საქმენი და მისი სიმამაცე, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?

28 . მიიძინა ყომრიმ თავის მამებთან და დაიკრძალა სამარიაში. მის ნაცვლად კი მისი ძე, ახაბი გამეფდა.

29 . ასას, იუდას მეფობის ოცდამეთვრამეტე წელს გამეფდა ახაბ ყომრის ძე ისრაელზე და ოცდაორი წელი მეფობდა სამარიაში, ისრაელზე.

30 . ყომრის ძის ბოროტებამ, რომელიც უფლის წინაშე ჩაიდინა მან, ყველას გადააჭარბა, ვინც მასზე უწინ იყვნენ.

31 . და არ იკმარა იერობყამ ნებატის ძის ცოდვაში სიარული; ცოლად მოიყვანა იეზებელი, ეთბაყალის, ციდონის მეფის ასული. და დაუწყო ბაყალს მსახურება და თაყვანისცემა.

32 . სამსხვერპლო აღუმართა ბაყალს სამარიაში, მის მიერვე აგებულ ბაყალის საკერპეში.

33 . გააკეთა ახაბმა აშერი და უფრო მეტად განარისხა უფალი, ისრაელის ღმერთი, ვიდრე ისრაელის ყველა მეფემ, მასზე უწინ რომ იყვნენ.

34 . მის დღეებში ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხო: აბირამზე, თავის პირმშოზე დააფუძნა იგი და სეგუბზე, თავის უმცროს ძეზე დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, რომელიც იეშუა ნავეს ძის მეშვეობით ჰქონდა წარმოთქმული.