3მეფეთა თავი 10

1 . ესმა შებას დედოფალს სოლომონის მიერ უფლის სახელის სადიდებლად აღსრულებული საქმენი და მივიდა გამოცანებით მის გამოსაცდელად.

2 . ფრიად დიდი ქარავნით მივიდა იერუსალიმში: სურნელებებით, უამრავი ოქროთი და ძვირფასი ქვებით დაეტვირთათ აქლემები; ეახლა სოლომონს და ყველაფერი უთხრა, რაც გულში ჰქონდა.

3 . ყველა კითხვაზე პასუხი გასცა სოლომონმა; არაფერი იყო დაფარული მეფისგან, რომ ვერ გაეცა პასუხი.

4 . და იხილა შებას დედოფალმა სოლომონის მთელი სიბრძნე და სასახლე, რომელიც მან ააშენა;

5 . ასევე მისი სუფრის სანოვაგე, მსახურთა სადგომი, სუფრის მომსახურეთა ქცევა და მათი ჩაცმულობა, ასევე ღვინის მწდენი, მისი სრულადდასაწველნი, რომელსაც აღავლენდა უფლის ტაძარში და გაოგნდა დედოფალი;

6 . უთხრა მეფეს: "ჭეშმარიტება ყოფილა ყველაფერი, რაც ჩემს ქვეყანაში მსმენია შენს საქმეებსა და სიბრძნეზე.

7 . არ ვუჯერებდი სიტყვებს, ვიდრე მოვიდოდი და ჩემი თვალით ვიხილავდი; აჰა, თურმე ნახევარიც კი არ მსმენია: იმაზე მეტი სიბრძნე და სიმდიდრე გქონია, ვიდრე გაგონილი მქონდა.

8 . ნეტარია შენი ხალხი და ნეტარ არიან შენი მსახურნი, რომლებიც მუდმივად დგანან შენ წინაშე და ისმენენ შენს სიბრძნეს.

9 . კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც ისურვა შე­ნთვის ისრაელის ტახტის მოცემა! ისრაელისადმი მარადიული სიყვარულით დაგადგინა მეფედ უფალმა, რათა აღასრულო სიმართლე და სამართალი”.

10 . და მისცა მან მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო, ფრიად მრავალი კეთილსურნელება და ძვირფასი ქვა; არასოდეს შემოზიდულა ქვეყანაში ამდენი კეთილსურნელება, რამდენიც შებას დედოფალმა უძღვნა მეფე სოლომონს.

11 . ხირამის გემებმაც შემოიტანეს ოფირის ოქრო, დიდძალი სანდალოზის ხე და ძვირფასი ქვა.

12 . სანდალოზის ხისგან მოაჯირი გაუკეთა მეფემ უფლის ტაძარსა და მეფის სასახლეს, მგალობლებს კი - ქნარები და ჩანგები; აღარასდროს შემოზიდულა სანდალოზის ამდენი ხე და არც უნახავს ვინმეს დღემდე.

13 . ყველაფერი უბოძა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს, რაც კი ინება და ითხოვა, გარდა იმისა, რაც მეფე სოლომონმა თვითონ აჩუქა თავისი გულუხვობით; და დაუბრუნდა იგი თავის ქვეყანას თავის მსახურებთან ერთად.

14 . ოქროს წონა, რომელიც წელიწადში შემოსდიოდა სოლომონს, ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი იყო,

15 . იმ ოქროს გარდა, რაც მოქარავნეთაგან, ვაჭართაგან, არაბთა მეფეებისა და მხარეთა განმგებლებისაგან შემოსდიოდა.

16 . და გააკეთა მეფე სოლომონმა სამასი შუბი ნაჭედი ოქროსგან: ოქროს ექვსასი შეკელი დასჭირდა თითო ოქროს ფარს;

17 . ასევე ნაჭედი ოქროს სამასი ფარი: სამი მინა ოქრო დასჭირდა თითო ფარს და ლიბანის მაღნარის სახლში დააწყო ისინი მეფემ.

18 . გააკეთა მეფემ სპილოს ძვლის დიდი ტახტი და სუფთა ოქროთი შემოჭედა.

19 . ექვსი საფეხური ადიოდა ტახტამდე, მომრგვალებული თხემი ჰქონდა უკან და სანიდაყვეები ერთვოდა დასაჯდომ ადგილს ორივე მხრიდან; ორი ლომი ედგა სანიდაყვეებთან.

20 . თორმეტი ლომი ედგა ექვსივე საფეხურს აქეთ-იქიდან. არც ერთ სამეფოში არ ყოფილა ასეთი რამ.

21 . მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო და ლიბანის მაღნარის სასახლის ყველა ჭურჭელიც ასევე ხალასი ოქროსი იყო; ვერცხლისა არაფერი იყო, რადგან არაფრად ფასობდა ვერცხლი სოლომონის დღეებში.

22 . მეფის თარშიშული გემები ხირამის გემებთან ერთად ნაოსნობდნენ ზღვაში; სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ ეს გემები და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი და მაიმუნები და ფარშევანგები მოჰყავდათ.

23 . დედამიწის ყველა მეფეს გადააჭარბა მეფე სოლომონმა სიმდიდრითა და სიბრძნით.

24 . დედამიწის ყოველ მეფეს სურდა სოლომონის ხილვა და იმ სიბრძნის მოსმენა, რომელიც ღმერთმა ჩადო მის გულში.

25 . თითოეულ მათგანს საჩუქრები მოჰქონდა: ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, სამოსელი, საჭურველი, კეთილსურნელებანი, ცხენები და ჯორები. ასე იყო წლიდან წლამდე.

26 . შეკრიბა სოლომონმა ეტლები და მხედრები; ათას ოთხასი ეტლი ჰქონდა და თორმეტი ათასი მხედარი ჰყავდა; საეტლო ქალაქებში განალაგა ისინი და თავისთან ახლოს, იერუსალიმში.

27 . ქვის ფასი დაედო ვერცხლს იერუსალიმში სოლომონის დღეებში, კედარს კი - ლეღვის ხისა, რომელიც მრავლად ხარობს დაბლობზე.

28 . ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი სოლომონის ცხენები; მეფის ვაჭრები საფასურად ყიდულობდნენ მათ კევეში.

29 . ვერცხლის ექვსასი შეკელი ჯდებოდა ეგვიპტეში ეტლის შეძენა და გატანა, ას ორმოცდაათი კი - ცხენისა; ასევე ამარაგებდნენ ისინი ხეთელთა და არამელთა მეფეებს.