1 . სამ წელს არ უომიათ ერთმანეთთან არამსა და ისრაელს.
2 . მესამე წელს ჩამოვიდა იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფესთან.
3 . უთხრა ისრაელის მეფემ თავის მსახურთ: "ნუთუ არ იცით, რომ ჩვენია გილყადის რამოთი? ჩვენ კი არ ვზრუნავთ, რომ გამოვაცალოთ იგი არამელთა მეფეს ხელიდან”.
4 . ჰკითხა იოშაფატს: "წამოგვყვები გილყადის რამოთს საბრძოლველად?” უპასუხა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: "ერთი ვართ მე და შენ; ჩემი ხალხი - შენი ხალხია, ჩემი ცხენები - შენი ცხენებია,
5 . მაგრამ გთხოვ - უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს - ჯერ უფლის სიტყვას დაეკითხე”.
6 . შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი, ოთხასამდე კაცი, და ჰკითხა მათ: "წავიდე გილყადის რამოთზე საბრძოლველად, თუ დავთმო?” უთხრეს: "წადი და ხელში ჩაუგდებს მეფეს უფალი”.
7 . თქვა იოშაფატმა: "ნუთუ არაა აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?”
8 . მიუგო ისრაელის მეფემ იოშაფატს: "არის კიდევ ერთი კაცი, მიქა იმლას ძე. შეგვიძლია მას ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ ბოროტს. უთხრა იოშაფატმა: "ასე ნუ ამბობ, მეფეო”.
9 . მოუხმო ისრაელის მეფემ ერთ საჭურისს და უბრძანა: "სასწრაფოდ მომიყვანე მიქა იმლას ძე”.
10 . თავ-თავის ტახტებზე ისხდნენ ისრაელის მეფე და იუდას მეფე, იოშაფატი; სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილნი, კალოზე, სამარიის კარიბჭესთან; და მათ წინაშე წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველნი.
11 . რკინის რქები გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ და თქვა: "ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამელთ, სანამ ბოლომდე არ მოსპობ”.
12 . ყოველი წინასწარმეტყველი ასე წინასწარმეტყველებდა: "გაილაშქრე გილყადის რამოთზე, გაიმარჯვებ და ხელში ჩაუგდებს მეფეს უფალი”.
13 . მოციქულმა, რომელიც მიქას მოსახმობად წავიდა, უთხრა: "აჰა, წინასწარმეტყველნი, როგორც ერთი ისე წინასწარმეტყველებენ, ყველანი გამარჯვებას და კეთილს უქადიან მეფეს; შენი სიტყვაც მათი სიტყვისამებრ იყოს, შენც სასიკეთოდ ელაპარაკე”.
14 . მიუგო მიქამ: "ცოცხალია უფალი, რასაც მეტყვის უფალი, იმას ვილაპარაკებ!”
15 . მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: "მიქა, წავიდეთ გილყადის რამოთზე საბრძოლველად, თუ დავთმოთ?” მიუგო მიქამ: "წადი და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს მას უფალი”.
16 . უთხრა მას მეფემ: "რამდენჯერ დაგაფიცო, რომ არაფერი მითხრა უფლის სახელით, გარდა ჭეშმარიტებისა?”
17 . მიუგო მიქამ: "ფარასავით მთებზე გაბნეული ვნახე მთელი ისრაელი, რომელსაც მწყემსი არ ჰყავდა. თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაუბრუნდეს თავის სახლს ყოველი”.
18 . უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: "აკი გითხარი, არ მიწინასწარმეტყველებს-მეთქი სასიკეთოს, არამედ მხოლოდ ბოროტს”.
19 . თქვა მიქამ: "ახლა, ისმინე უფლის სიტყვა! ვიხილე თავის ტახტზე მჯდომი უფალი და ცის მთელი ლაშქარი მასთან მდგომი, მის მარჯვნივ და მის მარცხნივ.
20 . თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ წავიდეს და დაეცეს გილყადის რამოთში? ზოგმა ის თქვა, ზოგმა - ეს.
21 . გამოვიდა სული, დადგა უფლის წინაშე და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: როგორ?
22 . უპასუხა: გავალ და მაცდურ სულად ვიქცევი მისი ყოველი წინასწარმეტყველის პირში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და გამოგივა კიდეც; წადი და ასე მოიქეცი.
23 . და აჰა, სიცრუის სული ჩაუდო უფალმა ბაგეში ყველა შენს წინასწარმეტყველს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე”.
24 . მივიდა ციდკია ქენაყანის ძე, სახეში გაარტყა მიქას და უთხრა: "როგორ, ნუთუ ჩემგან განვიდა უფლის სული, რომ შენში ელაპარაკა?”
25 . უთხრა მიქამ: "თვითონ დაინახავ იმ დღეს, როცა სამალავს დაუწყებ ძებნას”.
26 . მაშინ ბრძანა ისრაელის მეფემ: "წაიყვანეთ მიქა და ქალაქისთავ ამონსა და უფლისწულ იოაშს მიუყვანეთ.
27 . უთხარით, ასე თქვა-თქო მეფემ: საპყრობილეში ჩასვით და ძღომამდე არ აჭამოთ პური და არ ასვათ წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე”.
28 . უთხრა მიქამ მეფეს: "თუ მშვიდობით დაბრუნდები, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით”. და კიდევ თქვა: "ხალხნო, მისმინეთ ყველამ?”
29 . წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე და გილყადის რამოთზე გაილაშქრეს.
30 . უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: "შევინიღბები და ისე გავალ საბრძოლველად; შენ კი შენი მოსასხამი მოიცვი”. გადაცმული ჩაება ისრაელის მეფე ბრძოლაში.
31 . ასე უბრძანა არამის მეფემ თავისი ეტლების ოცდათორმეტ მხედართმთავარს: "ნურც დიდს შეებრძოლებით და ნურც პატარას, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეუტიეთ”.
32 . როცა დაინახეს ეტლების მხედართმთავრებმა იოშაფატი, იფიქრეს, ნამდვილად ისრაელის მეფეაო და მისკენ მიბრუნდნენ საომრად; და შეჰყვირა იოშაფატმა.
33 . დაინახეს ეტლების მხედართმთავრებმა, რომ არ იყო ისრაელის მეფე და შეწყვიტეს მისი დევნა.
34 . ალალბედზე მოზიდა ერთმა კაცმა მშვილდი და აბჯრის ნაწიბურებს შორის დალახვრა ისრაელის მეფე. უთხრა ახაბმა თავის მეეტლეს: "მობრუნდი და გამიყვანე ბრძოლის ველიდან, ვინაიდან დაჭრილი ვარ”.
35 . გახურდა იმ დღეს ბრძოლა; ეტლში მოუწია მეფეს დგომა არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამოს, რადგან სისხლი სდიოდა ჭრილობიდან.
36 . მზის ჩასვლისას ასეთი ხმა დაირხა ბანაკში: "თითოეული თავის ქალაქს და თითოეული თავის ქვეყანას დაუბრუნდეს!”
37 . მოკვდა მეფე, გადაასვენეს სამარიაში და იქ დაკრძალეს.
38 . გარეცხეს ეტლი სამარიის აუზთან, სადაც მეძავებიც ბანაობდნენ და ძაღლები ლოკავდნენ მის სისხლს უფლის სიტყვისამებრ.
39 . ახაბის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, სპილოს ძვლის სახლი და ყველა ქალაქი, რომელიც ააშენა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
40 . მიიძინა ახაბმა თავის მამებთან, მის ნაცვლად კი მისი ძე, ახაზია გამეფდა.
41 . იოშაფატ ასას ძე იუდაზე ისრაელის მეფის, ახაბის მეფობის მეოთხე წელს გამეფდა.
42 . ოცდათხუთმეტი წლისა იყო თავისი გამეფებისას იოშაფატი და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ყაზუბა, შილხის ასული.
43 . მამამისის, ასას გზით დადიოდა იოშაფატი, არ განშორებია მას და მართებულად იქცეოდა უფლის თვალში. თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია, და ხალხი ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა და აკმევდა.
44 . მშვიდობა დაამყარა იოშაფატმა ისრაელის მეფესთან.
45 . იოშაფატის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც აღასრულა და მისი ბრძოლები, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
46 . საკერპოთა მეძავი კაცები კი, რომლებიც მამამისის, ასას დღეებიდან შემორჩა, ამოძირკვა ქვეყნიდან.
47 . მეფე არ იყო მაშინ ედომში; იუდას მეფისნაცვალი მმართველობდა.
48 . ათი სავაჭრო ხომალდი ააგო იოშაფატმა, ოფირიდან ოქროს შემოსაზიდად, მაგრამ ვერ ჩააღწიეს, რადგან დაიმსხვრნენ ყეციონ-გებერში.
49 . მაშინ უთხრა ახაზიამ, ახაბის ძემ, იოშაფატს: ერთად ინაოსნონ ჩემმა და შენმა მსახურებმა გემებზე, მაგრამ არ ინება იოშაფატმა.
50 . მიიძინა იოშაფატმა თავის მამებთან და მათთანვე დაიკრძალა მამამისის, დავითის ქალაქში, მის ნაცვლად კი მისი ძე, იორამი გამეფდა.
51 . სამარიაში კი ახაზია, ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე, იოშაფატის იუდაზე გამეფების მეჩვიდმეტე წელს და ორ წელიწადს მეფობდა ისრაელზე.
52 . ბოროტს სჩადიოდა უფლის თვალში, თავისი დედ-მამისა და იერობყამ ნებატის ძის გზით დადიოდა, რომლებმაც აცდუნეს ისრაელი.
53 . ემსახურებოდა ბაყალს და თაყვანს სცემდა. და ანრისხებდა უფალს, ისრაელის ღმერთს ყველა იმ საქმით, რასაც მამამისი აკეთებდა.