1 . ამ ამბების მერე იყო: იზრეყელელ ნაბოთს ვენახი ჰქონდა იზრეყელში, სამარიის მეფის, ახაბის სასახლის გვერდით.
2 . ელაპარაკა ახაბი ნაბოთს და უთხრა: "მომეცი შენი ვენახი, ბაღ-ბოსტნად მექნება, რადგან ჩემი სახლის გვერდითაა; სანაცვლოდ უკეთეს ვენახს მოგცემ, ან თუ გინდა, საფასურს ფულად გადაგიხდი”.
3 . უთხრა ნაბოთმა: "უფალმა დამიფაროს, რომ ჩემი მამების სამკვიდრო მოგცე!”
4 . მივიდა ახაბი სახლში დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვების გამო, რაც უთხრა ნაბოთ იზრეყელელმა: "არ მოგცემო ჩემი მამების სამკვიდროს”. ჩაწვა საწოლში და კედლისკენ იბრუნა პირი; პურიც არ უჭამია.
5 . შევიდა მასთან მისი ცოლი იეზებელი და უთხრა: "ასე რამ დაგინაღვლიანა სული, პურსაც რომ არა ჭამ?”
6 . უთხრა: "ველაპარაკე ნაბოთ იზრეყელელს, ვუთხარი: მომეცი შენი ვენახი ფულის ფასად, ანდა, თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ-მეთქი, მან კი უარი მითხრა: არ მოგცემო ჩემს ვენახს!
7 . უთხრა მას იეზებელმა, მისმა ცოლმა: "განა ისრაელის მეფე არა ხარ? ადექი, პური ჭამე და იმხიარულე; მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს”.
8 . წერილები დაწერა იეზებელმა ახაბის სახელით, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში.
9 . ასე ჩაწერა წერილებში: "გამოაცხადეთ მარხვა და ნაბოთი ხალხის თავში დასვით.
10 . წინ ორი უღირსი კაცი დაუსვით, რომ ცილი დასწამონ და უთხრან: ‘შენ იყავი, რომ სწყევლიდი ღმერთსა და მეფესო; მერე გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს”.
11 . ისე მოიქცნენ იმ ქალაქის კაცები, უხუცესები და წარჩინებულები, იმ ქალაქის მკვიდრნი, როგორც შეუთვალა იეზებელმა, როგორც ეწერა წერილებში, მათთვის რომ ჰქონდა დაგზავნილი.
12 . გამოაცხადეს მარხვა და დასვეს ნაბოთი ხალხის თავში.
13 . მოვიდა ორი უღირსი კაცი და წინ დაუჯდა. ცილი დასწამეს ამ უღირსებმა ნაბოთს ხალხის წინაშე, ამბობდნენ: "დასწყევლა ნაბოთმა ღმერთი და მეფეო”. გაიყვანეს ქალაქის გარეთ, ქვებით ჩაქოლეს და მოკვდა.
14 . გაგზავნეს იეზებელთან და შეუთვალეს: "ჩაიქოლა ნაბოთი და მოკვდა”.
15 . როცა გაიგო იეზებელმა რომ ჩაიქოლა ნაბოთი და მოკვდა, უთხრა ახაბს: "ადექი და დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენახს, რომელმაც უარი გითხრა დათმობაზე, რადგან აღარ არის ცოცხალი, მკვდარია”.
16 . როცა გაიგო ახაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა, რომ ჩასულიყო ნაბოთ იზრეყელელის ვენახში და დაპატრონებოდა.
17 . უფლის სიტყვა გამოეცხადა ელია თიშბელს, უთხრა:
18 . "ადექი, წადი და შეხვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის; აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად.
19 . ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და მის ქონებას ეპატრონები. კიდევ ელაპარაკე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ”.
20 . უთხრა ახაბმა ელიას: "მიპოვე ჩემო მტერო?!” უთხრა ელიამ: "გიპოვე, რადგან უფლის თვალში ბოროტის საკეთებლად გაყიდე თავი.
21 . აჰა, ბოროტებას დაგათევ თავზე, მოვკვეთ შენს შემდგომს, ყველას, ვინც კი ჰყავს ახაბს კედელთან მიმშარდავი, როგორც მონას, ისე თავისუფალს, ისრაელში!
22 . ისე მოვექცევი შენს სახლს, როგორც იერობყამ ნებატის ძის სახლს და ბაყაშა ახიას ძის სახლს მოვექეცი, იმის გამო, რომ განმარისხე, რომ ცოდვაში შეიყვანე ისრაელი”.
23 . იეზებელზეც ილაპარაკა უფალმა, თქვა: "ძაღლები შეჭამენ იეზებელს იზრეყელის გალავანთან.
24 . ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც მინდორში მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან”.
25 . ჯერ არავინ ყოფილა, რომ ახაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც იეზებელი, მისი ცოლი აქეზებდა.
26 . დიდი სიბილწე იყო, რომ გაჰყვა კერპების კვალს და მიბაძა ამორელთ, რომლებიც ისრაელის თვალწინ განდევნა უფალმა”.
27 . როცა მოისმინა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიხია სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა.
28 . გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბიელს, უთხრა:
29 . "ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი ჩემ წინაშე? იმის გამო, რომ ასე დაიმდაბლა თავი ჩემ წინაშე, არ დავათევ ბოროტებას მის სიცოცხლეში, მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ ბოროტებას მის სახლს”.