1 . დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ცოლად შეირთო მისი ასული და დავითის ქალაქში მიიყვანა, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლსა და გალავანს იერუსალიმის გარშემო.
2 . მაგრამ ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი, რადგან იმ დროს ჯერ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
3 . შეიყვარა სოლომონმა უფალი და დადიოდა დავითის, მამამისის წესებით, მაგრამ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4 . გაბაონში იყო მთავარი მაღლობი; წავიდა მეფე, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ. ათასი სრულადდასაწველი აღავლინა სოლომონმა იმ სამსხვერპლოზე.
5 . ღამით სიზმარში უფალი გამოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: "მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!”
6 . უთხრა სოლომონმა: "სიკეთით და წყალობით ექცეოდი შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენ წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი სიკეთე და ძე მიეცი, რომელიც მის ტახტზე ზის დღეს.
7 . ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური; მაგრამ პატარა ბავშვივით ვარ, არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა.
8 . შენი რჩეული ხალხის წიაღშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არ აღირიცხება სიმრავლის გამო.
9 . მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?”
10 . მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი.
11 . უთხრა მას ღმერთმა: "იმის გამო, რომ ეს მთხოვე და არა ხანგრძლივი სიცოცხლე, სიმდიდრე ან შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი მთხოვე სამართლის გასაკითხად!
12 . აჰა, შენი სიტყვებისამებრ მოვიქეცი და მოგეცი ბრძენი და გამგები გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა და არც შენს შემდეგ გამოჩნდება.
13 . რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ მთელ შენს სიცოცხლეში, არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.
14 . თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს წესებსა და მცნებებს დაიცავ, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი”.
15 . გაიღვიძა სოლომონმა და აჰა, სიზმარი! მივიდა იერუსალიმში და წარსდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, აღავლინა სრულადდასაწველი და შესწირა სამშვიდობო მსხვერპლები. ამის შემდეგ ნადიმი გამართა თავისი მსახურებისთვის.
16 . მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და წარსდგნენ მის წინაშე.
17 . თქვა ერთმა ქალმა: "ჩემო ბატონო, ერთ სახლში ვცხოვრობთ მე და ეს ქალი; იმ სახლში ვიმშობიარე მისი თანდასწრებით.
18 . ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
19 . მოკვდა ამ ქალის ვაჟი ღამით, რადგან ზედ დასწოლოდა.
20 . ადგა შუაღამისას, ეძინა შენს მხევალს, აიყვანა ჩემი ვაჟი ჩემი გვერდიდან და მკერდთან მიიწვინა, თავისი მკვდარი კი ჩემს მკერდთან დააწვინა.
21 . ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ჩემი ვაჟისთვის და აჰა, მკვდარია იგი. კარგად დავაკვირდი დილით და არ იყო ის ყრმა ჩემი შვილი, მე რომ ვშობე”.
22 . მეორე ქალმა თქვა: "არა, ცოცხალი ჩემი ვაჟია, მკვდარი კი შენი”. ის პასუხობდა: "არა, მკვდარი შენი ვაჟია, ცოცხალი კი ჩემი”. ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე.
23 . თქვა მეფემ: "ერთი ამბობს: ცოცხალი ჩემი შვილია, შენი კი მკვდარიაო; მეორე ამბობს: "არა, მკვდარი შენი შვილია, ცოცხალი კი ჩემიაო.
24 . თქვა მეფემ: "მახვილი მომიტანეთ”; და მოიტანეს მახვილი.
25 . თქვა მეფემ: "ორად გაკვეთეთ ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთს მიეცით და მეორე ნახევარი მეორეს”.
26 . უთხრა ცოცხალი ბავშვის დედამ მეფეს, რადგან გულ-მუცელი დაეწვა თავისი ვაჟის გამო: "ოჰ, ჩემო ბატონო, მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი, ოღონდ ნუ მოკლავთ”. მეორე იმეორებდა: "არც ჩემი იყოს და არც შენი. გაკვეთეთ!”
27 . მაშინ თქვა მეფემ პირველ ქალზე: "ამ ქალს მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის მისი დედა!”
28 . გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, რომლითაც განსაჯა მეფემ და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის აღსასრულებლად.