1 . შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, თან ოცდათორმეტი მეფე ახლდა, ბედაურებითა და ეტლებით; მივიდა, ალყაში მოაქცია სამარია და შეებრძოლა;
2 . მოციქულები გაუგზავნა ახაბს, ისრაელის მეფეს, ქალაქში.
3 . შეუთვალა: "ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ჩემია შენი ვერცხლი და ოქრო, შენი საუკეთესო ცოლებიცა და ვაჟებიც ჩემია”.
4 . უპასუხა ისრაელის მეფემ: "შენი სიტყვისამებრ იყოს, მეფევ, ჩემო ბატონო, მეც შენი ვარ და რაც გამაჩნია, ისიც შენია”.
5 . კვლავ მობრუნდნენ მოციქულები და უთხრეს: "ასე ამბობსო ბენ-ჰადადი: განა არ შემოგითვალე? შენს ვერცხლსა და ოქროს, ცოლებსა და ძეებს მე მომცემ!
6 . ხვალ ამ დროს მსახურებს გამოგიგზავნი, გაჩხრეკენ შენს და შენი მსახურების სახლებს და თავისი ხელით აიღებენ ყველაფერს, რაც ძვირფასია შენთვის და წამოიღებენ”.
7 . მოუხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის ყველა უხუცესს და უთხრა: "შეიგნეთ და დაინახეთ, რომ ბოროტებას გვიპირებს ეს კაცი, რადგან ხალხი გამომიგზავნა ჩემი ცოლებისა და ძეების, ჩემი ვერცხლისა და ოქროსთვის, მე კი უარი არ მითქვამს მისთვის”.
8 . მიუგო მთელმა უხუცესობამ და ხალხმა: "არც მოუსმინო და არც დაემორჩილო”.
9 . უპასუხა ბენ-ჰადადის მოციქულებს: "უთხარით მეფეს, ჩემს ბატონს: რაც პირველად შემომითვალე აღვასრულებ, ამ სიტყვის აღსრულება კი არ ძალმიძს!” წავიდნენ მოციქულები და მიიტანეს ეს სიტყვა.
10 . კვლავ გამოუგზავნა ბენ-ჰადადმა მოციქულნი ამ სიტყვებით: "ასე დამმართონ ღმერთებმა და უარესიც, თუ თითო მუჭი სამარიის მტვერი შეხვდეს ჩემს ხალხს, რომელიც მომყვება”.
11 . უპასუხა ისრაელის მეფემ: "ასე გადაეცით: აბჯრის ამსხმელი მეომარი ვერ იტრაბახებს ისე როგორც, აბჯრის შემხსნელი ბრძოლის შემდეგ”.
12 . ეს სიტყვა რომ მიუტანეს ბენ-ჰადადს, მეფეებთან ერთად სვამდა კარვებში. უთხრა თავის მსახურებს: "ალყაში მოაქციეთ”. და შემოადგნენ ქალაქს.
13 . აჰა, წინასწარმეტყველი მივიდა ახაბთან, ისრაელის მეფესთან და უთხრა: "ასე ამბობს უფალი: ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? აჰა, შენს ხელს ჩავუგდებ მას დღეს და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!”
14 . ჰკითხა ახაბმა: "ვისი მეშვეობით?” უპასუხა: "ასე ამბობს უფალი: მხარეთა მთავრების მებრძოლთა მეშვეობით”. კვლავ ჰკითხა ახაბმა: "ვინ დაიწყოს ბრძოლა?” უპასუხა: "შენ დაიწყე!”
15 . აღრიცხა ახაბმა მხარეთა მთავრების მებრძოლნი; ორას ოცდათორმეტნი იყვნენ; შემდეგ მთელი ხალხი აღრიცხა, ყველა ისრაელიანი და იყო შვიდი ათასი.
16 . შუადღისას გამოვიდნენ, როცა თრობამდე სვამდა ბენ-ჰადადი კარავში, თავის თანამებრძოლ ოცდათორმეტ მეფესთან ერთად.
17 . ჯერ მხარეთა მთავრების მებრძოლნი გამოვიდნენ. გაგზავნა ბენ-ჰადადმა და მოახსენეს: "კაცები გამოვიდნენო სამარიიდან”.
18 . თქვა: "სამშვიდობოდ გამოვიდნენ თუ საომრად, ცოცხლად შეიპყარით”.
19 . გამოვიდნენ ქალაქიდან მხარეთა მთავრების მებრძოლნი და ლაშქარი, რომელიც უკან მოჰყვებოდათ.
20 . თითოეულმა თავისი მეტოქე დასცა ძირს; უკუიქცნენ არამელნი, დაედევნა ისრაელი. და ცხენზე შემჯდარმა უშველა თავს არამელთა მეფემ ბენ-ჰადადმა, მხედრებითურთ.
21 . გამოვიდა ისრაელის მეფე, შემუსრა ცხენები, ეტლები და მოსრა არამი.
22 . მივიდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფესთან და უთხრა: "წადი, განიმტკიცე თავი და იფიქრე, რა უნდა გააკეთო, რადგან წლის თავზე, კვლავ გამოვა არამის მეფე შენს წინააღმდეგ”.
23 . და უთხრეს არამის მეფეს მისმა მსახურებმა: "მთების ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომ იყვნენ ჩვენზე ძლიერნი. თუ ველზე შევებრძოლებით, უცილობლად მათზე ძლიერნი ვიქნებით!
24 . ასე მოიქეცი: მოაცილე თავისი ადგილებიდან მეფენი და მათ ნაცვლად მხედართმთავარნი დაადგინე.
25 . აღადგინე ლაშქარი, რომელიც დაკარგე, ცხენი ცხენის წილ და ეტლი ეტლის წილ; ვიბრძოლებთ მათთან ვაკეზე და უცილობლად დავამარცხებთ”. შეისმინა მეფემ მათი ნათქვამი და ასე მოიქცა.
26 . წლის შემობრუნებისას აღრიცხა ბენ-ჰადადმა არამელნი და აფეკს ავიდა ისრაელთან საბრძოლველად.
27 . აღირიცხნენ ისრაელის ძენი, მომარაგდნენ სურსათითა და იარაღით და წავიდნენ მათთან შესახვედრად. თხის ორი პატარა ფარასავით დაბანაკდნენ მათ პირისპირ ისრაელის ძენი, არამელებმა კი აავსეს არემარე.
28 . მიუახლოვდა ღვთისკაცი და უთხრა ისრაელის მეფეს: "ასე ამბობსო უფალი: რადგან ასე თქვეს არამელებმა, მთათა ღმერთიაო უფალი და არა ველების ღმერთი! ხელში ჩაგიგდებ მთელ ამ დიდ ჯარს და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი!”
29 . შვიდი დღე იყვნენ ერთმანეთის პირისპირ დაბანაკებულნი, მეშვიდე დღეს გაიმართა ბრძოლა; არამელთა ასი ათასი ქვეითი შემუსრეს ისრაელის ძეებმა ერთ დღეში.
30 . აფეკში გაიქცნენ გადარჩენილნი, მაგრამ ზღუდე დაეცა დარჩენილ ოცდაშვიდ ათას კაცს, ბენ-ჰადადი კი ქალაქში შევიდა და შიდა სამალავში დაიმალა.
31 . უთხრეს მას მისმა მსახურებმა: "გვსმენია, რომ ისრაელის სახლის მეფენი მოწყალენი არიან. გთხოვთ, ნება მოგვცე, რომ ჯვალო შემოვიკრათ წელზე, საბელები დავიდოთ თავზე და გავალთ ისრაელის მეფესთან, ეგებ ვიხსნათ შენი სიცოცხლე”.
32 . ჯვალო შემოიკრეს წელზე, საბელები დაიდეს თავზე; მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: "შენმა მსახურმა, ბენ-ჰადადმა შემოგითვალა, გემუდარები, შემინარჩუნეო სიცოცხლე”. მიუგო: "ნუთუ ჯერ კიდევ ცოცხალია? ჩემი ძმაა იგი!”
33 . კეთილად ენიშნათ ეს იმ კაცებს, აიტაცეს მისი ნათქვამი და უთხრეს: "შენი ძმაა ბენ-ჰადადი!” ბრძანა: "წადით და მომიყვანეთ”. მაშინ გამოვიდა ბენ-ჰადადი და თავისთან, ეტლში აიყვანა ის ახაბმა.
34 . მიუგო ბენ-ჰადადმა ახაბს: "ქალაქებს, მამაჩემმა რომ წაართვა მამაშენს, დაგიბრუნებ და საბაზრო მოედნებიც გაიკეთე დამასკოში, როგორც მამაჩემმა - სამარიაში”. უთხრა ახაბმა: "ამ პირობით გაგიშვებ”. აღთქმა დაადებინა და გაუშვა.
35 . ერთმა კაცმა, წინასწარმეტყველთა ძეთაგან, უფლის სიტყვით უთხრა თავის მეგობარს: "გთხოვ, მცემე!” მაგრამ არ ინება კაცმა მისი ცემა.
36 . უთხრა: "რადგან არ ისმინე უფლის ხმა, აჰა, წახვალ ჩემგან და ლომი მოგკლავს”. როგორც კი წავიდა მისგან, შემოხვდა ლომი და მოკლა.
37 . ახლა სხვა კაცი ნახა და უთხრა: "გთხოვ, მცემე!” სცემა იმ კაცმა და დაასისხლიანა.
38 . წავიდა წინასწარმეტყველი, დადგა გზაზე და დაელოდა მეფეს, თვალები საბურველით ჰქონდა დაფარული.
39 . მეფემ რომ გამოიარა, შეჰღაღადა და უთხრა: "ბრძოლის ველზე გამოვიდა შენი მსახური და აჰა, ვიღაც უცნობმა კაცი მომიყვანა და მითხრა: უდარაჯეო ამ კაცს; თუ დაგეკარგება, შენი სული იქნება მისი სულის წილ, ან ტალანტი ვერცხლი უნდა მომიწონოო მისთვის.
40 . სანამ საქმიანობდა შენი მსახური, გაქრა ის კაცი”. მიუგო ისრაელის მეფემ: "თვითონვე გამოგიტანია შენი თავისთვის განაჩენი”.
41 . მყისვე მოიხსნა საბურველი თვალთაგან და იცნო ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველი.
42 . უთხრა მეფეს: "ასე ამბობს უფალი, რადგან ხელიდან გაუშვი ჩემს მიერ სასიკვდილოდ განწესებული კაცი, შენი სიცოცხლე იქნება მისი სიცოცხლის წილ და შენი ხალხი - მისი ხალხის წილ”.
43 . დაღონებული და შეშფოთებული გაბრუნდა სახლში ისრაელის მეფე და მივიდა სამარიას.