1 . და უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს: "ამათი ტომრები იმდენი საზრდოთი აავსე, რამდენის წაღებასაც შეძლებენ, ვერცხლიც უკანვე ჩაუდე ტომრებში.
2 . ჩემი თასი კი, ვერცხლის თასი, უმცროსის ტომარაში ჩადე, მის მიერ ხორბალში გადახდილ ფულთან ერთად”. და ისე გააკეთა კაცმა ყველაფერი, როგორც უბრძანა იოსებმა.
3 . განთიადისთანავე გაუშვეს ეს ხალხი თავიანთი სახედრებით.
4 . ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, როდესაც უთხრა იოსებმა თავისი სახლის მოურავს: "დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘რატომ მომაგეთ ბოროტი კეთილის წილ?’
5 . განა ეს ის თასი არაა, რომლიდანაც სვამს და მარჩიელობს ჩემი ბატონი? ცუდი საქმე ჩაიდინეთ!”
6 . დაეწია და უთხრა ეს სიტყვები.
7 . უპასუხეს: "რად გვეუბნება ბატონი ასეთ სიტყვებს? შორს ჩვენგან, შენი მსახურებისგან, ამგვარი საქმე!
8 . ის ფული, ადრე რომ ვიპოვეთ ჩვენს ტომრებში, ქანაანის ქვეყნიდან დაგიბრუნეთ: ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?!
9 . რომელიმე ჩვენგანს თუ აღმოაჩნდა თასი, დაე მოკვდეს, ჩვენ კი მონებად გავუხდებით შენს ბატონს”.
10 . უთხრა: "როგორც თქვით, ეგრე იყოს: ვისთანაც თასი აღმოჩნდება, მონად ის გამიხდეს, დანარჩენები კი უბრალონი იქნებით”.
11 . სწრაფად ჩამოიღო თითოეულმა თავისი ტომარა და მოუხსნეს პირები.
12 . გაჩხრიკა კაცმა; უფროსით დაიწყო და უმცროსით დაასრულა. ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი.
13 . შემოიხიეს სამოსელი, დატვირთეს სახედრები და დაბრუნდნენ ქალაქში.
14 . მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში, იგი ჯერ კიდევ შინ იყო, და მის წინ დაემხნენ მიწაზე.
15 . უთხრა იოსებმა: "ეს რა საქმე ჩაიდინეთ? ნუთუ არ იცოდით, რომ ისეთი კაცი, როგორიც მე ვარ, ყველაფერს გამოიცნობდა?”
16 . უთხრა იუდამ: "რა ვუთხრათ ჩემს ბატონს? რა ვთქვათ, რით გავიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა დანაშაული შენს მსახურებში; აჰა, ჩვენი ბატონის მონები გავხდით, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი”.
17 . უთხრა იოსებმა: "შორს ჩემგან ასეთი საქციელი! ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის იქნება ჩემი მონა, თქვენ კი მშვიდობით დაბრუნდებით მამათქვენთან”.
18 . მიეახლა იუდა და უთხრა: "გევედრები, ბატონო, სიტყვა ათქმევინე შენს მსახურს ჩემი ბატონის გასაგონად და ნუ განურისხდები შენს მსახურს, რადგან ფარაონის ტოლი ხარ!
19 . ჰკითხა ჩემმა ბატონმა მის მსახურთ, მამა ან ძმა თუ გყავთო.
20 . და ვუთხარით ჩვენს ბატონს, რომ გვყავს მოხუცებული მამა და მისი სიბერის ჟამს დაბადებული პატარა ძმა, რომელსაც მოუკვდა ძმა და იგი დარჩა მარტო მისი დედისაგან, და ამიტომაც უყვარს იგი მამამისს.
21 . და გვითხარი შენს მსახურთ: ჩამოიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახავო.
22 . ვუთხარით ჩვენს ბატონს: "არ შეუძლია ყმაწვილს მამის დატოვება, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი”.
23 . გვითხარი შენს მსახურთ: თქვენს უმცროს ძმას თუ არ ჩამოიყვანთ, აღარ დამენახოთო.
24 . მამაჩვენთან, შენს მსახურთან, რომ დავბრუნდით, გადავეცით ჩვენი ბატონის ნათქვამი.
25 . გვითხრა მამაჩვენმა: "დაბრუნდით და იყიდეთ ცოტაოდენი საზრდო”.
26 . ვუთხარით: "არ ძალგვიძს წასვლა, თუ ჩვენი უმცროსი ძმა იქნება ჩვენთან ერთად, მაშინ წავალთ! იმ კაცს ვერ დავენახვებით, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ გვეყოლება თან”.
27 . გვითხრა მამაჩვენმა, შენმა მსახურმა: "თქვენ იცით, რომ ორი ძე მიშვა ჩემმა ცოლმა.
28 . ერთი წავიდა ჩემგან და ვთქვი: ნამდვილად მხეცმა დაგლიჯა-მეთქი; აღარ მინახავს მას მერე.
29 . ახლა მეორეც მიგყავთ და თუ რაიმე ხიფათი შეემთხვა, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში”.
30 . და აი, მამაჩვენთან, შენს მსახურთან რომ დავბრუნდებით და ამ ყმაწვილს, რომლის გულსაც მისი გული მიჰკრობია, უკან აღარ მივუყვანთ,
31 . და ნახავს, რომ ყმაწვილი არ არის ჩვენთან, მოკვდება; და გამწარებულს ჩაიყვანენ შენი მსახურნი, მამაჩვენის, შენი მსახურის, ჭაღარას შავეთში.
32 . ამ ყმაწვილისათვის მამაჩვენთან მე, შენი მსახური, გავხდი თავდები; ვუთხარი: "უკან თუ არ დაგიბრუნე, მამაჩემის წინაშე სამუდამოდ დამნაშავე ვიყო-მეთქი”.
33 . ახლა, ნება დამრთე, ამ ყმაწვილის სანაცვლოდ მე, შენი მსახური, დავრჩე მონად ჩემს ბატონთან; ყმაწვილი კი თავის ძმებთან ერთად გაბრუნდეს.
34 . როგორ მივიდე მამასთან ყმაწვილის გარეშე? ნუმც მოვსწრებივარ უბედურებას, მამაჩემს რომ დაატყდება თავს!”