1 . ეგვიპტეში ჩაიყვანეს იოსები და იყიდა იგი ისმაელიანთაგან ეგვიპტელმა ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა და მცველთა უფროსმა.
2 . არ მიუტოვებია უფალს იოსები და ხელი ემართებოდა ყველაფერში. თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში ცხოვრობდა იგი.
3 . და იხილა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და ხელს უმართავდა ყველაფერში, რასაც აკეთებდა.
4 . მადლი ჰპოვა იოსებმა მის თვალში და ემსახურებოდა მას. დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მას ჩააბარა მთელი თავისი საბადებელი.
5 . მას შემდეგ, რაც თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა, აკურთხა უფალმა იმ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და კურთხეული იყო უფლისგან მთელი მისი ქონება სახლში თუ მინდვრად.
6 . იოსებს მიანდო მთელი თავისი ქონება, თვითონ კი აღარაფერზე ფიქრობდა ჭამა-სმის გარდა. მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად.
7 . ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: "დაწექი ჩემთან”.
8 . მაგრამ იუარა იოსებმა და უთხრა ბატონის ცოლს: "ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა გააჩნია, რადგან მთელი თავისი ქონება მე ჩამაბარა.
9 . ამ სახლში ჩემზე დიდი არავინაა; არაფერი ამიკრძალა შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და როგორ შევცოდო ღმერთს?”
10 . და ყოველდღე სთავაზობდა ქალი იოსებს, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაიყოლია იოსები.
11 . რთ დღეს იოსები თავის საქმეზე შევიდა სახლში; შინ არავინ იყო სახლეულიდან;
12 . ჩაეჭიდა ქალი იოსებს სამოსელში და უთხრა: "წამოდი, დაწექი ჩემთან!” და ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი, გაიქცა და გარეთ გავარდა.
13 . დაინახა რა ქალმა, რომ ხელში შეატოვა სამოსელი იოსებმა და გარეთ გაიქცა,
14 . დაუძახა თავის სახლის კაცებს და უთხრა: "შეხედეთ, ჩვენს დასაცინად მოგვიყვანა ებრაელი კაცი! ჩემთან დასაწოლად შემოვიდა, მაგრამ მე დიდი ხმით ვიყვირე;
15 . ჩემი კივილი რომ გაიგონა, მიატოვა სამოსელი და გაიქცა”.
16 . გვერდით დაიდო ქალმა ბატონის შინ დაბრუნებამდე იოსების ტანსაცმელი.
17 . და ასე უამბო ქმარს ეს ამბავი: "შენი მოყვანილი ებრაელი მონა, ჩემთვის პატივის ასახდელად შემოვიდა!
18 . ხმა რომ ავიმაღლე და ვიკივლე, სამოსელი ჩემთან მიატოვა და გარეთ გაიქცა!”
19 . როცა მოისმინა იოსების ბატონმა ცოლის ნათქვამი: შენი მონა ასე მომექცაო! ძალიან განრისხდა.
20 . წაიყვანა ბატონმა იოსები და ჩააგდო საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეულნი. და იყო იგი იქ, საპყრობილეში.
21 . მაგრამ უფალი იყო იოსებთან, წყალობა მოჰფინა მას და მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.
22 . იოსებს ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი და ის გახდა ყველაფრის განმგებელი, რასაც საპყრობილეში აკეთებდნენ.
23 . აღარაფერზე ზრუნავდა საპყრობილის უფროსი, რადგან უფალი იყო იოსებთან და რა საქმესაც მოკიდებდა ხელს, ყველაფერში წარმატებას ანიჭებდა უფალი.