დაბადება თავი 32

1 . წავიდა იაკობი თავისი გზით; და შემოხვდნენ მას ღმერთის ანგელოზები.

2 . როცა დაინახა იაკობმა ისინი, თქვა: "ეს ღვთის ბანაკია” და უწოდა ამ ადგილს მახანაიმი - ორბანაკი.

3 . გაგზავნა იაკობმა მოციქულები ესავთან, თავის ძმასთან, რომელიც სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე ცხოვრობდა.

4 . უბრძანა: "უთხარით ჩემს ბატონს, ესავს, ასე ამბობს-თქო შენი მსახური იაკობი: ლაბანთან ვიყავი და მასთან ვცხოვრობდი აქამდე;

5 . მყავს ხარები და სახედრები, ცხვარი, მსახურნი და მხევალნი; და გაუწყებ ჩემს ბატონს, რადგან მინდა მადლი ვპოვო შენს თვალში”.

6 . დაბრუნდნენ მოციქულები იაკობთან და უთხრეს: "მივედით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც ოთხასი კაცით მოდის შენს შესახვედრად”.

7 . ძლიერ შეშინდა და შეშფოთდა იაკობი. ორ ჯგუფად გაყო ხალხი, რომელიც თან ახლდა, აგრეთვე საქონელი და აქლემები.

8 . თქვა: "ერთ ბანაკს თუ დაარბევს ესავი, მაშინ მეორე ბანაკი მაინც გადარჩება”.

9 . და თქვა იაკობმა: "მამაჩემის, აბრაჰამის ღმერთო და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სამშობლოს, შენს სახლეულს და სიკეთეს გიყოფო.

10 . ღირსი არა ვარ ყველა იმ წყალობისა და სიკეთისა, რომელიც შენს მსახურს უწყალობე; ერთი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.

11 . მიხსენი ჩემი ძმის, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია, არ მოვიდეს და ოჯახიანად არ ამომწყვიტოს.

12 . ნათქვამი გაქვს: სიკეთეს გიყოფ და შენს შთამომავლობას ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ; და ვერ დაითვლებაო იგი სიმრავლის გამო.

13 . ღამე იქ გაათია და ძღვენი შეურჩია ძმას თავისი ქონებიდან.

14 . ორასი დედალი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნეზვი და ოცი ვერძი,

15 . ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.

16 . თავის მსახურებს ჩააბარა ცალცალკე ჯოგებად და უთხრა: "იარეთ ჩემ წინ და ჯოგსა და ჯოგს შორის მანძილი მოიტოვეთ”.

17 . უბრძანა პირველს: "როცა ჩემი ძმა, ესავი შეგხვდება და გკითხავს, ვისი ხარ, საით მიდიხარ ან ეგ სამწყსო ვისიაო,

18 . მაშინ ეტყვი: "შენი მსახურის, იაკობისაა-თქო, ესავისთვისაა გამოგზავნილი და თავადაც უკან მოგვყვება-თქო”.

19 . ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც სამწყსოს გააყოლა: "შეხვედრისას ასე უთხარით ესავს:

20 . "შენი მსახური იაკობიც უკან მოგვყვება-თქო”. ფიქრობდა: "გულს მოვუგებ, მის რისხვას დავაცხრობ და მერე შევხედავ სახეზე, ეგებ შემიწყნაროსო”.

21 . და მიდიოდა ეს ძღვენი მის წინ; ის ღამე ბანაკში გაათია.

22 . ადგა ღამით, აიყვანა თავისი ორი ცოლი, ორი მხევალი და თერთმეტი შვილი და გადავიდა იაბოკის ფონზე.

23 . აიყვანა ისინი და მდინარეზე გადაიყვანა, რაც კი ჰქონდა, ყველაფერი გადაიტანა.

24 . მარტო დარჩა იაკობი და განთიადამდე ერკინებოდა მას კაცი.

25 . როცა მიხვდა, რომ ვერ ერეოდა, მის თეძოს სახსარს შეეხო და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან ბრძოლისას.

26 . უთხრა: "გამიშვი, რადგან თენდება”. უთხრა იაკობმა: "არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ”.

27 . ჰკითხა: "რა გქვია?” უპასუხა: "იაკობი”.

28 . და უთხრა: "ამიერიდან აღარ გერქვას იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე!”

29 . ჰკითხა იაკობმა: "მითხარი შენი სახელი”. უპასუხა: "რისთვის მეკითხები სახელს?” და იქვე აკურთხა.

30 . და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი _ ღვთის ხილვა, რადგან თქვა: "ღმერთი ვიხილე პირისპირ და ცოცხალი დავრჩი”.

31 . როგორც კი ფენუელს გასცდა, მზე ამოუბრწყინდა. და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი.

32 . ამიტომ დღემდე არ ჭამენ ისრაელნი მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან თეძოს ძარღვზე შეეხო იაკობის სახსარს.