დაბადება თავი 28

1 . მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაავალა: "ცოლი ქანაანის ასულთაგან არ შეირთო.

2 . წადი შუამდინარეთში, დედაშენის მამის, ბეთუელის სახლში, და დედაშენის ძმის, ლაბანის ასულთაგანი შეირთე ცოლად;

3 . ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს, გაგამრავლოს და გაქციოს მრავალრიცხოვან ხალხებად.

4 . მოგცეს შენ აბრაჰამის კურთხევა, შენ და შენს შთამომავლობას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაჰამს”.

5 . გაგზავნა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან შუამდინარეთში, არამელი ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.

6 . დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და შუამდინარეთში ცოლის შესართავად გაგზავნა და რომ კურთხევისას უთხრა: "არ შეირთო ცოლი ქანაანის ასულთაგან”.

7 . და რომ გაუგონა იაკობმა თავის დედ-მამას და წავიდა შუამდინარეთში.

8 . დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ასულები.

9 . წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაჰამის ძის, ისმაელის ასული, და ნებაიოთისა, სხვა ცოლების გვერდით.

10 . წავიდა იაკობი ბეერ-შებაყიდან და ხარანისკენ გაემართა.

11 . მიადგა ერთ ადგილს და რაკი მზე ჩაესვენა, ღამე იქ გაათია. აიღო ერთი ქვა იმ ადგილიდან, სასთუმლად დაიდო და დაწვა იმ ადგილას.

12 . და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თხემი ზეცას სწვდებოდა; ზედ კი უფლის ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ.

13 . აჰა, უფალი იდგა მასზე და უთხრა: "მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაჰამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. მიწას, რომელზეც წევხარ, შენ და შენს თესლს მოგცემთ.

14 . ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება შენი თესლი, განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით; და შენით და შენი შთამომავლობით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი.

15 . შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ იმას, რაც გითხარი”.

16 . გაიღვიძა იაკობმა და თქვა: "ჭეშმარიტად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!”

17 . შეშინდა და თქვა: "რა გასაოცარი ადგილი ყოფილა! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ღვთის სახლი და ზეცის კარიბჭე!”

18 . ადგა იაკობი დილაადრიან, აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა.

19 . და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი - ღვთის სახლი; მანამდე კი ლუზი ერქვა იმ ქალაქს.

20 . დადო იაკობმა აღთქმა და თქვა: "თუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიცავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგავარ, მომცემს პურს საჭმელად, სამოსს შესამოსად

21 . და მშვიდობით დამაბრუნებს მამაჩემის სახლში, მაშინ უფალი იქნება ჩემი ღმერთი.

22 . და ეს ქვა, რომელიც აღვმართე სვეტად, ღვთის სახლი იქნება და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი”.