დაბადება თავი 42

1 . როცა გაიგო იაკობმა, რომ ხორბალი იყო ეგვიპტეში, უთხრა თავის ძეებს: "რას უყუ­რებთ?”

2 . თქვა: "გავიგე, რომ არის ხორბალი ეგვიპტეში. წადით და იყიდეთ ხორბალი, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ!”

3 . და ჩავიდნენ იოსების ძმები ეგვიპტეში ხორბლის საყიდლად.

4 . ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაუგზავნია იაკობს ძმებთან ერთად, რადგან ამბობდა: "ფათერაკი არ შეემთხვასო”.

5 . და მივიდნენ ისრაელის ძენი სხვა მიმსვლელებთან ერთად ხორბლის საყიდლად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.

6 . ქვეყნის განმგებელი იყო იოსები; ის ასყიდებდა ხორბალს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები და მიწამდე სცეს თაყვანი.

7 . დაინახა თუ არა, იცნო იოსებმა თავისი ძმები, მაგრამ თავი არ გაამხილა და მკაცრად ელაპარაკა. ჰკითხა: "საიდან მოხვედით?” უპასუხეს: "ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად”.

8 . იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი.

9 . და გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათ შესახებ რომ დაესიზმრა. უთხრა: "ჯაშუშები ხართ, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით”.

10 . უთხრეს: "არა, ბატონო, საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი!

11 . ყველანი ერთი კაცის ძენი ვართ; პატიოსანი ხალხი ვართ შენი მსახურნი, ჯაშუშები არა ვართ!”

12 . თქვა იოსებმა: "არა, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით!”

13 . უთხრეს: "თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ერთი კაცის ძენი, ქანაანის ქვეყნიდან; უმცროსი მამასთან დარჩა, ერთი კი აღარ გვყავს”.

14 . თქვა იოსებმა: "ასეა, როგორც გითხარით, ჯაშუშები ხართ!

15 . ამით გამოიცდებით: ფარაონს ვფიცავ, მანამდე ვერ გახვალთ აქედან, სანამ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ.

16 . გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; თქვენ კი დაკავებულნი იქნებით. მაშინ გავიგებ, თუ სიმართლე მითხარით. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, ჯაშუშები ყოფილხართ”.

17 . და სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი.

18 . უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: "ასე მოიქეცით და იცოცხლებთ, რადგან ღვთისმოშიში კაცი ვარ!

19 . გულწრფელნი თუ ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, დანარჩენები კი წადით და ხორბალი წაუღეთ თქვენს მშიერ სახლეულს.

20 . მოიყვანეთ ჩემთან თქვენი უმცროსი ძმა, ამით დადასტურდება თქვენი სიტყვები და არ მოკვდებით”. ასეც მოიქცნენ.

21 . უთხრეს ერთმანეთს: "ნამდვილად დამნაშავენი ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვხედავდით მის ტანჯვას, როცა გვევედრებოდა, ჩვენ კი არ შევისმინეთ! ამიტომ დაგვატყდა ეს გასაჭირი”.

22 . თქვა რეუბენმა: "ხომ გეუბნებოდით, არ შეგეცოდათ ბიჭის წინააღმდეგ და არ დამიჯერეთ. აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი”.

23 . არ ეგონათ, რომ ესმოდა იოსებს, რადგან თარჯიმანი იდგა მათ შორის.

24 . შეტრიალდა იოსები და აქვითინდა. მერე მოუბრუნდა და დაელაპარაკა. სიმონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა.

25 . ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ტომრები, ფულიც უკან ჩაედოთ მათსავე ტომრებში და საგზალიც მიეცათ მათთვის. და შეასრულეს ბრძანება.

26 . აჰკიდეს ხორბალი სახედრებს და გაემგზავრნენ.

27 . ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა პირი მოხსნა ტომარას, რათა საკვები დაეყარა სახედრისათვის და თავისი ვერცხლი დაინახა: ტომრის პირზე იდო.

28 . უთხრა ძმებს: "დაუბრუნებიათ ჩემი ფული, აჰა, ჩემს ტომარაშია!” გული შეუკრთათ და თრთოლვით უთხრეს ერთმანეთს: "ეს რა გვიყო ღმერთმა?”

29 . და მივიდნენ იაკობთან, თავიანთ მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და, უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს:

30 . "მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი და ჯაშუშებად მიგვიჩნია.

31 . ვუთხარით: "პატიოსანი კაცები ვართ, არ ვართ ჯაშუშები,

32 . თორმეტი ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები, ერთი ჩვენთან აღარაა, უმცროსი კი მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში”.

33 . გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: "ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა ჩემთან დატოვეთ, დანარჩენებმა კი წაიღეთ ხორბალი თქვენი მშიერი სახლეულისათვის და წადით.

34 . მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და მაშინ დავიჯერებ, რომ ჯაშუშები კი არა, პატიოსანი ხალხი ხართ. დაგიბრუნებთ თქვენს ძმას და ივაჭრებთ ამ ქვეყანაში”.

35 . თავ-თავისი ტომრები რომ გადმოცალეს, აჰა, თითოეულმა თავისი ფულის ქისა იპოვა ტომარაში. დაინახეს მათ და მათმა მამამ თავისი ფულის ქისები და შეეშინდათ.

36 . უთხრა იაკობმა, მათმა მამამ: "შვილმკვდარად მაქციეთ: იოსები აღარ არის, სიმონი აღარ არის და ბენიამინიც მიგყავთ; ყველაფერი მე დამატყდა თავს!”

37 . უპასუხა რეუბენმა მამამისს: "ორივე ძე მომიკალი, უკან თუ არ მოგიყვანო; მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ”.

38 . მაგრამ უთხრა მას მამამისმა: "არ წამოვა თქვენთან ერთად ჩემი ძე, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა დამრჩა. და თუ ხიფათი შეემთხვევა გზაზე, სადაც მიდიხართ, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში”.