დაბადება თავი 41`

1 . ორი წლის თავზე სიზმარი ნახა ფარაონმა: თითქოს ნილოსის პირას იდგა;

2 . და აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ბალახობს ლერწმიანში.

3 . მერე შვიდი უშნო და გამხდარი ძროხა ამოვიდა ნილოსიდან და გვერდში ამოუდგა იმ ძროხებს ნილოსის პირას.

4 . და შეჭამეს უშნო და გამხდარმა ძროხებმა შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა. და გაეღვიძა ფარაონს.

5 . კვლავ დაეძინა და კვლავ ნახა სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოვიდა ერთ ღეროზე, საღი და სავსე.

6 . მერე აღმოცენდა შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავი.

7 . და შთანთქეს გამოფიტულმა თავთავებმა შვიდი საღი და სავსე თავთავი; და გამოეღვიძა ფარაონს და აჰა, ეს იყო სიზმარი.

8 . შეშფოთდა დილით მისი სული, მოახმობინა ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ განუმარტა ისინი ფარაონს.

9 . და უთხრა მწდეთუხუცესმა ფარაონს: "ჩემს ცოდვებს ვიხსენებ დღეს:

10 . განურისხდა ფარაონი თავის მსახურებს და მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად დამატუსაღა.

11 . ერთ ღამეს სიზმარი გვესიზმრა მე და მას, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი.

12 . იყო ჩვენთან ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები და მანაც ზუსტად აგვიხსნა ისინი.

13 . როგორც აგვიხსნა, ისე აგვიხდა: მე ჩემს ადგილზე დამაბრუნა ფარაონმა, ის კი - ჩამოკიდა”.

14 . მიავლინა კაცი ფარაონმა და მოაყვანინა იოსები. სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. გაიპარსა იოსებმა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.

15 . უთხრა ფარაონმა: "სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა ამხსნელი. შენზე გავიგე, რომ იცი სიზმრების ახსნა”.

16 . მიუგო იოსებმა ფარაონს: "მე რა ძალმიძს, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ”.

17 . და უამბო ფარაონმა იოსებს: "სიზმარში ნილოსის პირას ვიდექი.

18 . აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში იწყეს ბალახობა.

19 . მერე კიდევ შვიდი სხვა ძროხა ამოვიდა, მეტისმეტად უშნო და გამხდარი; მთელ ეგვიპტეში მათზე უშნო არაფერი მინახავს.

20 . დამჭლევებულმა და უშნო ძროხებმა წინა შვიდი საღი ძროხა შეჭამეს.

21 . შთანთქეს, მაგრამ არ ემჩნეოდათ, რომ მათ შიგნეულში იყვნენ შესული; ისეთივე უშნონი დარჩნენ, როგორც მანამდე იყვნენ და გამეღვიძა.

22 . კიდევ ვიხილე სიზმარი: შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი.

23 . აჰა, სხვა შვიდი თავთავიც აღმოცენდა მათ შემდეგ, გამოფიტული, წვრილი და ხორშაკისაგან გარუჯული.

24 . წვრილმა თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი შთანთქეს. ვუამბე მისნებს, მაგრამ ვერ განმიმარტეს!”

25 . უთხრა იოსებმა ფარაონს: "ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები: ღმერთი უცხადებს ფარაონს, რის გაკეთებასაც აპირებს.

26 . შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელია, შვიდი კარგი თავთავიც შვიდი წელია: ეს ერთი სიზმარია.

27 . მათ შემდეგ ამოსული შვიდი გამხდარი და უშნო ძროხა შვიდი წელია; შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავიც შიმშილობის შვიდი წელია.

28 . ეს ისაა, რაც უკვე ვუთხარი ფარაონს - რის გაკეთებასაც აპირებს ღმერთი, სიზმრად აჩვენა მან ფარაონს.

29 . აჰა, მოდის შვიდი უხვმოსავლიანი წელი ეგვიპტის ქვეყანაში.

30 . მას შემდეგ შიმშილობის შვიდი წელიწადი დადგება და დავიწყებული იქნება სიუხვე ეგვიპტეში და შიმშილი დააუძლურებს ქვეყანას.

31 . ვეღარავინ გაიხსენებს სიუხვეს იმ შიმშილობის გამო, რომელიც დადგება, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი.

32 . და რაკი ორჯერ გამეორდა ფარაონის სიზმარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისაგანაა ეს საქმე და აღარ დააყოვნებს ღმერთი მის აღსრულებას.

33 . ახლა გამოძებნოს ფარაონმა და დააყენოს ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად გონიერი და ბრძენი კაცი.

34 . ბრძანოს ფარაონმა და ზედამხედველნი განაწესოს ქვეყანაზე, რომ მეხუთედი ახდევინოს ეგვიპტის ქვეყანას სიუხვის წლებში.

35 . დააგროვონ მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო, ფარაონის განმგებლობაში მყოფ ქალაქებში დაახვავონ საზრდოდ ხორბალი და შეინახონ.

36 . ხოლო შვიდწლიანი შიმშილობის დროს, რომელიც დადგება ეგვიპტის ქვეყანაში, ეს მარაგი საზრდო იქნება ქვეყნისათვის და არ დაიღუპება შიმშილისაგან”.

37 . მოეწონა ფარაონს და მის ყველა მსახურს ეს სიტყვა.

38 . უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: "ნუთუ ვიპოვით ასეთ კაცს, რომელშიც ღვთის სულია?”

39 . და უთხრა ფარაონმა იოსებს: "რაკი ღმერთმა შენ გაუწყა ეს ყველაფერი, არავინაა შენზე გონიერი და ბრძენი!

40 . შენ იქნები ჩემი სახლის განმგებელი, შენი სიტყვით წარიმართება მთელი ჩემი ხალხი, მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე ამაღლებული”.

41 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "აჰა, დაგადგინე მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად”.

42 . და წაიძრო ფარაონმა ხელიდან ბეჭედი და გაუკეთა იოსებს; ბისონის სამოსლით შემოსა და კისერზე ოქროს ძეწკვი ჩამოკიდა,

43 . დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე: დაიჩოქეთ! და დაადგინა იგი განმგებლად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.

44 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელ-ფეხს ვერავინ გაანძრევს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.

45 . უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი და ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასული ასენათი შერთო ცოლად; და გამოვიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში.

46 . ოცდაათი წლის იყო იოსები, როცა ეგვიპტის ფარაონის წინაშე წარსდგა. გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა ეგვიპტის მთელი ქვეყანა.

47 . უხვი მოსავალი წარმოქმნა მიწამ სიუხვის შვიდწლეულში.

48 . და შეაგროვა იოსებმა მთელი შვიდი წლის მოსავალი, რომელიც ფრიად უხვად მოვიდა ეგვიპტის ქვეყანაში და საზრდოდ დაუდგინა ქალაქებს. თითოეულ ქალაქს თავისი შემოგარენი მინდვრებიდან აღებული მოსავალი დაუდგინა საზრდოდ.

49 . ზღვის ქვიშასავით დაახვავა იოსებმა ხორბალი, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან სათვალავი აღარ იყო.

50 . ორი ვაჟი შეეძინა იოსებს შიმშილობის წელიწადის დადგომამდე, რომლებიც ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა უშვა.

51 . და დაარქვა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: "ღმერთმა დამავიწყა ყოველგვარი ტანჯვა და მამაჩემის სახლეული”.

52 . მეორეს დაარქვა ეფრემი, რადგან თქვა: "ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი წამების ქვეყანაში”.

53 . დასრულდა სიუხვის შვიდი წელი, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაში იდგა

54 . და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელი, როგორც თქვა იოსებმა. ყველა ქვეყანა შიმშილობდა, ხოლო ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური.

55 . და როცა მთელი ეგვიპტის ქვეყანაც დაიმშა, შეჰღაღადა ხალხმა ფარაონს პურისთვის; და გამოუცხადა ფარაონმა მთელ ეგვიპტეს: "იოსებთან მიდით და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით”.

56 . შიმშილი იყო დედამიწის ზურგზე; და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ ძლიერდებოდა შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში.

57 . ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ იოსებთან პურის საყიდლად, რადგან გაძლიერდა შიმშილი დედამიწაზე.