დაბადება თავი 34

1 . გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან იაკობს უშვა, იქაურ ასულთა სანახავად.

2 . დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, მოიტაცა, ძალით დაწვა მასთან და აჰყარა პატივი.

3 . და მიეწება მისი გული დინას, იაკობის ასულს, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და გულიანად ელაპარაკა მას.

4 . უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: "ცოლად შემრთე ეს ყმაწვილი ქალი!”

5 . გაიგო იაკობმა, რომ წაბილწა ხამორის ძემ დინა, მისი ასული; მაგრამ რაკი მისი ძენი ველად იყვნენ პირუტყვთან, დადუმდა მათ მოსვლამდე.

6 . და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.

7 . იაკობის ძენიც დაბრუნდნენ მინდვრიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს, შეწუხდნენ და ძალიან გაბრაზდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დამართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.

8 . ელაპარაკა ხამორი მათ და უთხრა: "მთელი გულით შეიყვარა შექემმა, ჩემმა ძემ თქვენი ასული; მიათხოვეთ ცოლად.

9 . დაგვიმოყვრდით: მოგვეცით თქვენი ასულნი, ჩვენები კი თქვენ წაიყვანეთ.

10 . ჩვენთან დამკვიდრდით, ეს ქვეყა­ნა თქვენს წინაშეა, იცხოვრეთ, ივაჭრეთ და შეიძინეთ ქონება”.

11 . უთხრა შექემმა დინას მამასა და ძმებს: "ოღონდ კი მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რასაც მთხოვთ, მოგცემთ.

12 . დიდძალი საქორწინო ურვადი და ძღვენი დამაკისრეთ. მოგცემთ, რასაც მომთხოვთ, ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომეცით ცოლად”.

13 . მიუგეს იაკობის ძეებმა შექემს და მამამისს და მზაკვრულად ელაპარაკნენ, ვინაიდან შებილწული იყო დინა, მათი და.

14 . უთხრეს: "არ შეგვიძლია, წინადაუცვეთელ კაცს ვერ მივცემთ ჩვენს დას, რადგან ეს ჩვენი შერცხვენა იქნება.

15 . მხოლოდ მაშინ ვიქნებით თანახმა, თუ თქვენი ყოველი მამაკაცი ჩვენსავით წინადაიცვეთს.

16 . მაშინ მოგათხოვებთ ჩვენს ასულებს და ჩვენც შევირთავთ თქვენს ასულებს, თქვენთან დავმკვიდრდებით და ერთ ხალხად ვიქცევით.

17 . წინადაცვეთას თუ არ ისურვებთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ”.

18 . და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.

19 . აღარ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული. ყველაზე პატივდებული იყო იგი მამამისის სახლში.

20 . მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ასე ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:

21 . "ეს კაცები ჩვენ მიმართ მშვიდობიანად არიან განწყობილნი: დამკვიდრდნენ და ივაჭრონ; ეს ქვეყანაც ხელგაშლილი იქნება მათ წინაშე. ჩვენ მათი ასულნი შევირთოთ ცოლებად და ჩვენი ასულნი მათ მივათხოვოთ.

22 . მაგრამ ეს კაცები მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდებიან ჩვენთან დამკვიდრებაზე და ერთ ხალხად გადაქცევაზე, თუ ჩვენში ყოველი მამაკაცი წინადაიცვეთს, როგორც თავად არიან წინადაცვეთილნი.

23 . მათი სამწყსო, მთელი მათი ქონება და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმოთ და ჩვენთან დამკვიდრდებიან”.

24 . დაუჯერა ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომავალმა და წინადაიცვითა ქალაქის კარიბჭიდან გამომავალმა ყოველმა მამაკაცმა.

25 . მესამე დღეს, როცა ჭრილობა სტკიოდათ, იაკობის ორმა ძემ, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს მახვილი ხელში, თამამად შევიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყოველი მამაკაცი.

26 . და მახვილით მოკლეს ხამორი და შექემი, მისი ძე, წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წავიდნენ.

27 . მივიდნენ იაკობის ძენი მოკლულებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და, დინა.

28 . წამოასხეს მათი საქონელი და სახედრები, ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად იყო,

29 . მთელი მათი სიმდიდრე; და დაატყვევეს მათი ბავშვები და ცოლები; ხელთ იგდეს ყოველივე, რაც სახლებში ჰქონდათ.

30 . უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: "დამღუპეთ, რადგან შეაძულეთ ჩემი თავი ქანაანელებსა და ფერიზელებს, ამ ქვეყნის მცხოვრებლებს. ხალხი ცოტა მყავს, ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მომსპობენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც”.

31 . მაგრამ მათ უპასუხეს: "განა ჩვენს დას ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მეძავს?”