1 . კარიბჭეთა მცველების განაწილება: კორახელთაგან - მეშელემიაჰუ კორეს ძე, ასაფის ძეთაგან.
2 . მეშელემიაჰუს ძენი: ზაქარია - პირმშო, იედიყაელი - მეორე, ზებადიაჰუ - მესამე, იათნიელი - მეოთხე,
3 . ყელამი - მეხუთე, იოხანანი - მეექვსე, ელიეჰოყენაი - მეშვიდე;
4 . ყობედ-ედომის ძენი: შემაყია - პირმშო, იეჰოზაბადი - მეორე, იოახი - მესამე, საქარი - მეოთხე, ნეთანელი - მეხუთე,
5 . ყამიელი - მეექვსე, ისაქარი - მეშვიდე და ფეყულათი - მერვე, რადგან აკურთხა ღმერთმა იგი.
6 . მის ძეს, შემაყიას შეეძინა ძენი, რომლებიც მათი საგვარეულოს უფროსები გახდნენ, ვინაიდან ძლიერი ვაჟკაცები იყვნენ.
7 . შემაყიას ძენი: ყოთნი, რეფაელი, ყობედი და ელზაბადი, რომელთა ძმანიც მამაცი ვაჟკაცები იყვნენ, ელიჰუ და სემაქიაჰუ.
8 . ყველა ესენი ყობედ-ედომის ძეთაგან იყვნენ; ისინი, მათი ძენი და ძმანი, ძლიერი და უნარიანი ვაჟკაცები იყვნენ მსახურებაში; ასეთი სამოცდაორი ჰყავდა ყობედ-ედომს.
9 . მეშელემიაჰუს თვრამეტი ძე და ძმა ჰყავდა.
10 . ხოსა მერარის ძის ვაჟები: თავკაცი შიმრი, თუმცა პირმშო არ ყოფილა, მამამისმა დაადგინა საგვარეულოს თავკაცად,
11 . ხილკიაჰუ - მეორე, ტებალიაჰუ - მესამე, ზაქარია - მეოთხე; სულ ცამეტი ძმა და ვაჟი ჰყავდა ხოსას.
12 . კარიბჭის მცველთა ამ რაზმების თავკაცებსაც, თავიანთი ძმების მსგავსად უფლის ტაძარში მსახურება ევალებოდათ.
13 . ყოველ კარიბჭეზე წილი ჰყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით.
14 . აღმოსავლეთისკენ წილი შელემეიჰუს ერგო; ზაქარიას, მის ძეს, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და ჩრდილოეთით ერგო;
15 . ყობედ-ედომს - სამხრეთით, მის ძეებს კი - საწყობებთან;
16 . შუფიმსა და ხოსას - დასავლეთით, შელექეთის კარიბჭესთან აღმავალ გზაზე, სადაც საგუშაგო იყო საპყრობილეს პირდაპირ.
17 . აღმოსავლეთით - ექვსი ლევიანი იყო, ჩრდილოეთით - დღიურად ოთხი, სამხრეთით - დღიურად ოთხი და საწყობებთან - ორ-ორი.
18 . დასავლეთ მოედანთან: გზაზე - ოთხი, ხოლო თვით მოედანზე - ორი.
19 . ესაა კარიბჭეთა გუშაგების დანაწილება კორახისა და მერარის ძეთაგან.
20 . ლევიანთაგან - ახია, ღვთის საგანძურსა და შეწირული ნივთების საგანძურზე იყო დადგენილი.
21 . ლაყდანის ძენი, გერშონიანის შთამომავალთაგან, გერშონელებში ლაყდანის მამისსახლის თავკაცები: იეხიელი;
22 . იეხიელის ძენი - ზეთამი და მისი ძმა იოელი უფლის ტაძრის საგანძურს დარაჯობდნენ
23 . ყამრამის, იცჰარის, ხებრონის და ყუზიელის ძეებთან ერთად.
24 . შებუელ გერშომის ძე, მოსეს შთამომავალი - საგანძურების მთავარი გამგებელი იყო.
25 . მისი ძმები ელეაზარისგან; რეხაბიაჰუ - მისი ძე, ეშაყიაჰუ - მისი ძე, იორამი - მისი ძე, ზიქრი - მისი ძე და შელომითი - მისი ძე.
26 . ეს შელომითი და მისი ძმები ზედამხედველობდნენ მეფე დავითის, მამისსახლის თავკაცების, ათასისთავების, ასისთავებისა და ჯარის სარდლების მიერ შეწირული ნივთების მთელ საგანძურს,
27 . რომელიც ბრძოლებში მონაპოვარი ნადავლიდან მიუძღვნეს უფლის სახლს მის განსამტკიცებლად.
28 . ყველაფერი, რაც სამუელ წინასწარმეტყველს, საულ კიშის ძეს, აბნერ ნერის ძეს, იოაბ ცერუიას ძეს და დანარჩენებს ჰქონდათ მიძღვნილი, შელომითსა და მის ძმებს გადასცეს.
29 . იცჰარის საგვარეულოდან ქენანიაჰუ და მისი ძენი განწესდნენ ისრაელის გარე საქმეებზე - მთავრებად და მსაჯულებად.
30 . ხებრონის საგვარეულოდან ხაშაბიაჰუ და მისი ძმანი, ათას შვიდასი მამაცი კაცი გამწესდა ისრაელზე, იორდანეს გაღმა, დასავლეთით, უფლის ყოველი საქმისა და მეფის მსახურებისთვის.
31 . ხებრონის საგვარეულოში იერია იყო ხებრონელთა მეთაური. დავითის მეფობის მეორმოცე წელს აღირიცხნენ ისინი და გილყადის იაყეზერში აღმოჩნდა მათ შორის მამაცი ხალხი.
32 . მათი ძმანი, ორი ათას შვიდასი მამაცი ვაჟკაცი, მამისსახლთა თავკაცნი იყვნენ. მეფე დავითმა რეუბენელებზე, გადელებსა და მენაშეს ნახევარ ტომზე დააყენა ისინი უფლისა და მეფის ყოველი საქმისთვის.