1 . მოხუცდა დავითი და გაძღა წლებით, ისრაელზე კი თავისი ძე სოლომონი გაამეფა.
2 . და შეკრიბა ისრაელის ყველა უხუცესი, მღვდელი და ლევიანი.
3 . აღირიცხა ყველა ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანი და გამოვიდა ოცდათვრამეტი ათასი კაცი.
4 . ამათგან ოცდაოთხი ათასი უფლის სახლის საქმეებს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ;
5 . ოთხი ათასი კარისმცველი იყო, ოთხი ათასი კი იმ საკრავებით აქებდა უფალს, რომლებიც დავითმა გააკეთა.
6 . ლევის, გერშონის, კეჰათისა და მერარის ძეთა დასებად დაჰყო ისინი დავითმა.
7 . გერშონელთაგან იყვნენ: ლაყდანი და შიმყი.
8 . ლაყდანის ძენი: თავკაცი იეხიელი, ზეთამი და იოელი - სამნი.
9 . შიმყის ძენი: შელომითი, ხაზიელი და ჰარანი - სამნი. ესენი იყვნენ ლაყდანის მამისსახლის თავკაცები.
10 . შიმყის ძენი: იახათი, ზიზა, იეყუში და ბერიყა. ეს ოთხნი იყვნენ შიმყის ძენი.
11 . იახათი თავკაცი იყო, ზიზა - მეორე, იეყუში და ბერიყა არ იყვნენ მრავალშვილიანნი, ამიტომ აღრიცხვისას ერთ მამისსახლს შეადგენდნენ.
12 . კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი - ოთხნი.
13 . ყამრამის ძენი: აჰარონი და მოსე. გამოეყო აჰარონი, რომ განეწმიდა წმიდათა წმიდა საგნები, უკუნისამდე საკმეველი ეკმიათ მას და მის ძეებს, რათა ემსახურათ უფლის წინაშე და მისი სახელით ეკურთხებინათ უკუნისამდე.
14 . მოსე ღვთისკაცი იყო და მისი ძენი ლევის ტომს მიათვალეს.
15 . მოსეს ძენი: გერშომი და ელიეზერი.
16 . გერშომის ძენი: თავკაცი - შებუელი.
17 . ელიეზერის ძენი იყვნენ: თავკაცი - რეხებია. ელიეზერს მეტი შვილი არ ჰყოლია, რეხებიას ძენი კი ძალზე ბევრნი იყვნენ.
18 . იცჰარის ძენი: თავკაცი - შელომითი.
19 . ხებრონის ძენი: თავკაცი - იერიაჰუ, მეორე - ამარია, მესამე - იახაზიელი და მეოთხე - იკამყამი.
20 . ყუზიელის ძენი: თავკაცი - მიქა, იშია - მეორე.
21 . მერარის ძენი: მახლი და მუში; მახლის ძენი: ელეაზარი და კიში.
22 . მოკვდა ელეაზარი და ძენი არ ჰყოლია მას, მხოლოდ ასულები, კიშის ძეებმა, მათმა ძმებმა შეირთეს ისინი.
23 . მუშის ძენი: მახლი, ყედერი და იერიმოთი - სამნი.
24 . ესენი იყვნენ ლევის ძენი, თავ-თავისი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომლებიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოც წელს გადაცილებულნი.
25 . რადგან თქვა დავითმა: „უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მოსვენება მისცა თავის ხალხს, რათა უკუნისამდე იერუსალიმში დამკვიდრდნენ ისინი.
26 . აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად კარვისა და მთელი მისი ჭურჭლეულის ტარება”.
27 . დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს ოც წელს გადაცილებული ლევიანები,
28 . რათა აჰარონის ძეთ დახმარებოდნენ ისინი უფლის სახლში, ეზოებსა და ოთახებში მსახურებით, რომ სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური,
29 . რათა აჰარონის ძეთ დახმარებოდნენ ისინი უფლის სახლში, ეზოებსა და ოთახებში მსახურებით, რომ სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური,
30 . დილა-საღამოს უფლის წინაშე ფეხზე დგომით, მადლიერებასა და ქება-დიდებაზე;
31 . რომ აღევლინათ სრულადდასაწველი ყოველ შაბათს, ახალმთვარობათა დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც მათთვისაა დადგენილი უფლის წინაშე სამარადჟამო აღსასრულებლად.
32 . რათა დაეცვათ საკრებულო კარვის, საწმიდრის, აჰარონის ძეებისა და მათი მოძმეების დადგენილება, უფლის სახლში მსახურების გასაწევად.