1ნეშტთა თავი 22

1 . თქვა დავითმა: „აქ იქნება სახლი უფალი ღმერთისა და ეს არის სრულადდასაწველის სამსხვერპლო ისრაელისთვის”.

2 . ბრძანა დავითმა ყველა ხიზნის შეკრება, რომლებიც იყვნენ იმ დროს ისრაელში და ქვისმთლელებად დააყენა ღვთის სახლის ასაშენებლად.

3 . დიდძალი რკინა მოამზადა კარიბჭეთა ლურსმნებად და სამაგრებად; დიდძალი სპილენძი, აუწონავი;

4 . დაუთვლელი იყო კედარის მორები, ვინაიდან ციდონელებსა და ცორელებს მოჰქონდათ დავითისთვის კედარის უამრავი ხე;

5 . თქვა დავითმა: „ყმაწვილი და გამოუცდელია ჩემი ძე სოლომონი, ტაძარი კი, რომელიც უფლისთვის უნდა აშენდეს - დიადი, სახელგანთქმული და მშვენიერი უნდა იყოს მთელ დედამიწაზე; ამიტომ თვითონვე მოვამზადებ ყველაფერს მის ასაშენებლად”. და ყოველივე მოამზადა დავითმა სიკვდილის წინ.

6 . მოუხმო სოლომონს, თავის ძეს, და უფლის, ისრაელის ღმერთისთვის ტაძრის აშენება დაავალა მას.

7 . უთხრა დავითმა სოლომონს: „შვილო! გულით მსურდა უფლის, ღმერთის სახელისთვის სახლი ამეგო.

8 . მაგრამ უფლის სიტყვა გამომეცხადა და მითხრა: ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ბრძოლები გადაიხადე. შენ არ ააშენებ ტაძარს ჩემს სახელზე, რადგან ბევრი სისხლი დაღვარე მიწაზე ჩემს წინაშე.

9 . აჰა, შეგეძინება ძე, რომელიც მშვიდი კაცი იქნება. მოვასვენებ ყველა მტრისგან, ვინაიდან სოლომონი იქნება მისი სახელი. მშვიდობას და სიმყუდროვეს მივცემ ისრაელს მის დღეებში.

10 . ის ააშენებს ტაძარს ჩემს სახელზე. იქნება ის ჩემი ძე და მე ვიქნები მისი მამა, და სამუდამოდ განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს ისრაელზე!

11 . ახლა კი, ჩემო შვილო, უფალი იყოს შენთან, რათა წარმატებული იყო და სახლი აუშენო უფალს, შენს ღმერთს, როგორც ნათქვამი აქვს შენზე.

12 . მოგცეს უფალმა აზრი და გონიერება და დაგაყენოს ისრაელზე, რათა დაიცვა უფლის, შენი ღმერთის რჯული.

13 . მაშინ იქნები წარმატებული, თუ დაიცავ რჯულსა და კანონებს, რომელიც ისრაელისთვის ამცნო მოსეს უფალმა. მტკიცედ იდექი და გამხნევდი, ნურც შეშინდები და ნურც შეშფოთდები.

14 . აჰა, ჩემს ტანჯვაში გავუმზადე უფლის სახლს ასი ათასი ტალანტი ოქრო და ათასჯერ ათასი ტალანტი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია; ხე და ქვაც გავამზადე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო.

15 . ბევრი ხელოსანი გყავს: ქვისმთლელნი, ხურონი, კალატოზნი და ყოველგვარი ხელობის კაცები.

16 . ოქრო-ვერცხლს, სპილენძსა და რკინას თვლა არა აქვს. ადექი, ააშენე და დაე, უფალი იყოს შენთან!”

17 . ისრაელის ყველა მთავარს უბრძანა დავითმა, რომ შეწეოდნენ სოლომონს, მის ძეს:

18 . „განა თქვენთან არაა უფალი, თქვენი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ყველა მხრიდან სიმშვიდე? რადგან ჩემს ხელს გადასცა ამ ქვეყნის მკვიდრნი და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფალსა და მის ხალხს.

19 . ახლა თქვენი გული და სული განაწყვეთ უფლის, თქვენი ღმერთის საძიებლად. ადექით და ააშენეთ უფლის, თქვენი ღმერთის საწმიდარი, რათა უფლის სახელზე აშენებულ სახლში მიიტანოთ უფლის აღთქმის კიდობანი და წმიდა ჭურჭელი”.