1ნეშტთა თავი 10

1 . შეებრძოლნენ ფილისტიმელნი ისრაელს და უკუიქცნენ ისრაელიანები ფილისტიმელთაგან, დახოცილები კი გილბოაყის მთაზე დაეცნენ.

2 . მისდევდნენ ფილისტიმელნი საულსა და მის ძეებს და განგმირეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის ძენი.

3 . სასტიკი ბრძოლა გაიმართა საულის წინააღმდეგ; დაჰკრეს მშვილდოსნებმა და დაჭრეს საული.

4 . უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: „იშიშვლე მახვილი და განმგმირე, თორემ მოვლენ ის წინადაუცვეთელნი და შემბილწავენ”. მაგრამ არ ინდომა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძლიერ ეშინოდა. აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.

5 . როცა იხილა საჭურველთმტვირთველმა, რომ ცოცხალი აღარ იყო საული, თვითონაც ამოიღო მახვილი და ზედ დაეგო.

6 . ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ძე და მთელი მისი სახლეული.

7 . როცა იხილა ველზე მყოფმა მთელმა ისრაელმა, რომ დაიხოცნენ საული და მისი ძენი, მისი მებრძოლები კი გაიქცნენ, თვითონაც მიატოვეს თავიანთი ქალაქები, მოვიდნენ ფილისტიმელნი და ჩასახლდნენ.

8 . მივიდნენ მეორე დღეს ფილისტიმელნი ბრძოლის ველზე მოკლულთა გასაძარცვად და იპოვეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი ძენი.

9 . გაძარცვეს იგი და წაიღეს მისი მოკვეთილი თავი მის საჭურველთან ერთად ფილისტიმელთა საკერპოებში ხალხისთვის საჩვენებლად.

10 . მისი საჭურველი თავიანთი ღმერთების სახლში დადეს, ხოლო მისი თავისქალა დაგონის ტაძარს მიაჭედეს.

11 . როცა გაიგო მთელმა იაბეშმა გილყადში, რაც დამართეს საულს ფილისტიმელებმა,

12 . აღდგა ყველა მამაცი კაცი, წამოიღეს საულისა და მისი ძეების გვამები და მუხის ქვეშ დაკრძალეს იაბეშში; და შვიდი დღე იმარხულეს.

13 . მოკვდა საული დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინა უფლის წინაშე, რადგან არ დაიცვა უფლის სიტყვა და მესულთანესაც მიმართა გამოსაკითხად.

14 . უფალში კი არ ეძიებდა; ამიტომაც მოაკვდინა იგი უფალმა და დავითს, იესეს ძეს გადასცა სამეფო.