1ნეშტთა თავი 14

1 . გაუგზავნა ცორის მეფე ხირამმა დავითს დესპანნი, კედარის მორები, მშენებელნი და ხურონი მისთვის სახლის ასაშენებლად.

2 . და მიხვდა დავითი, რომ განამტკიცა იგი უფალმა მეფედ ისრაელზე და რომ აამაღლა მისი სამეფო თავისი ხალხის, ისრაელის გამო.

3 . კიდევ შეირთო დავითმა ცოლები იერუსალიმში და უფრო მეტი ძე და ასული შეეძინა.

4 . ესენია იერუსალიმში შეძენილი შვილების სახელები: შამუაყი, შობაბი, ნათანი და სოლომონი,

5 . იბხარი, ელიშუაყი და ელიფალეტი,

6 . ნოგა, ნეფეგი და იაფიაყი,

7 . ელიშამაყი, ბეყელიადაყი და ელიფალეტი.

8 . როცა ესმათ ფილისტიმელებს, რომ ისრაელის მეფედ სცხეს დავითი, ყველანი დავითის საძებნელად გამოვიდნენ. გაიგო დავითმა და გავიდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ.

9 . მოვიდნენ ფილისტიმელნი და დადგნენ რეფაიმის ველზე.

10 . ჰკითხა დავითმა ღმერთს: „გავიდე ფილისტიმელთა წინააღმდეგ? ჩამიგდებ მათ ხელში?” მიუგო მას უფალმა: „გადი და ხელში ჩაგიგდებ მათ!”

11 . ბაყალ-ფერაციმში ავიდნენ და იქ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელნი. და თქვა: "ნიაღვარივით წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემივე ხელით!” ამიტომ უწოდეს იმ ადგილს ბაყალ-ფერაციმი.

12 . იქ მიატოვეს ფილისტიმელებმა თავიანთი ღმერთები; გასცა დავითმა ბრძანება და ცეცხლში დაწვეს ისინი.

13 . კვლავ შემოიჭრნენ ფილისტიმელები და ველზე განლაგდნენ.

14 . ისევ დაეკითხა დავითი ღმერთს და უთხრა მას ღმერთმა: „პირდაპირ ნუ მიადგები მათ, არამედ უკნიდან მოუარე და ბალსამონის ხეების მხრიდან მიადექი.

15 . როგორც კი ბალსამონის ხეთა კენწეროებიდან შრიალის ხმა მოგესმება, მაშინ გადი საბრძოლველად, რადგან ღმერთი წაგიძღვება ფილისტიმელთა ჯარის შესამუსრად”.

16 . ღვთის ბრძანებისამებრ მოიქცა დავითი და გაბაონიდან გეზერამდე მუსრავდა ფილისტიმელთა ლაშქარს.

17 . მთელ ქვეყანაზე გაითქვა დავითის სახელი და ყველა ერს მისი შიში ჩაუნერგა უფალმა.