1ნეშტთა თავი 13

1 . ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებსა და ყველა წინამძღოლს,

2 . და უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: „თუ სასიკეთოდ მიგაჩნიათ ეს საქმე და თუ ეს უფლის, ჩვენი ღმერთის ნება იქნება, ხალხი გავუგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებს, მღვდლებს და ლევიანებს მათ ქალაქებსა და ველებზე, რათა შემოგვიერთდნენ.

3 . ჩვენთან გადმოვიტანოთ ჩვენი ღმერთის კიდობანი, რადგან არც კი მოგვიკითხავს იგი საულის დღეებში”.

4 . და თქვა მთელმა კრებულმა „ასე იყოს”, ვინაიდან მოსაწონი იყო ეს საქმე ხალხის თვალში.

5 . შეკრიბა დავითმა მთელი ისრაელი ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსატანად.

6 . ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალ-ათაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოეღოთ ღვთის კიდობანი, ქერუბებზე მჯდომი უფალი ღმერთისა, კიდობანი, რომელიც მისი სახელით იწოდება.

7 . შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოიღეს აბინადაბის სახლიდან. ყუზა და ახიო მიუძღვოდნენ ურემს.

8 . მთელი ძალით დღესასწაულობდნენ დავითი და მთელი ისრაელი სიმღერებით, ქნარებით, ჩანგებითა და დაფდაფებით, წინწილებითა და ბუკებით ღვთის წინაშე.

9 . ქიდონის კალოსთან რომ მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან ურემი დააყირავეს ხარებმა.

10 . აღენთო უფლის რისხვა ყუზაზე და ადგილზევე განგმირა იგი კიდობანზე ხელის მიშველების გამო; და მოკვდა იგი იქვე ღვთის წინაშე.

11 . დამწუხრდა დავითი, რომ მოაკვდინა ყუზა უფალმა და უწოდა იმ ადგილს ფერეც-ყუზა.

12 . შეეშინდა დავითს ღმერთისა იმ დღეს და თქვა: "როგორ მივიტანო ჩემამდე ღვთის კიდობანი?”

13 . აღარ წამოიღო დავითმა კიდობანი თავისთან, დავითის ქალაქში და გათელი ყობედ-ედომის სახლისკენ გადაახვევინა.

14 . სამ თვეს დარჩა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის სახლსა და სამკვიდრებელში. და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი საბადებელი.