1 . ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონის ძეთა მეფე, ნახაშ ყამონის ძე და მის ნაცვლად მისი ძე გამეფდა.
2 . თქვა დავითმა: „სიკეთეს ვუჩვენებ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისმა მიჩვენა”. წარგზავნა დავითმა მოციქულები მის სანუგეშებლად მამამისის გამო და მივიდნენ დავითის მსახურნი ყამონის ძეთა ქვეყანაში ხანუნთან, მის სანუგეშებლად.
3 . უთხრეს ყამონის ძეთა მთავრებმა ხანუნს, თავის ბატონს: "რას ფიქრობ, ნუთუ მამაშენის პატივსაცემად წარმოგზავნა დავითმა ნუგეშისმცემელნი? განა ქალაქის გამოსაძიებლად და დასაზვერად არა? მის ასაოხრებლად გამოგიგზავნა დავითმა თავისი მსახურები”.
4 . შეიპყრო ხანუნმა დავითის მსახურნი და ნახევარი წვერი მოპარსა, დუნდულებამდე შემოაჭრა სამოსელი და გაუშვა.
5 . წავიდნენ და შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი; გაგზავნა კაცები მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ ისინი და უთხრა მათ მეფემ: "დარჩით იერიხოში, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით”.
6 . დაინახეს ყამონის შვილებმა, რომ სიმყრალესავით გახდნენ დავითისთვის და გაგზავნეს ხანუნმა და ყამონის შვილებმა ათასი ტალანტი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარეთიდან, მაყაქას არამიდან და ცობადან.
7 . დაიქირავეს ოცდათორმეტი ათასი ეტლი და მეფე მაყაქა თავისი ხალხით. მივიდნენ და მედებას წინ დაბანაკდნენ. ყამონის ძენი კი ერთად შეიკრიბნენ თავ-თავისი ქალაქებიდან და გამოემართნენ საბრძოლველად.
8 . გაიგო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი და მთელი უმამაცესი ლაშქარი.
9 . გამოვიდნენ ყამონელები და ქალაქის კარიბჭესთან გამართეს ბრძოლა; ხოლო ის მეფენი, რომლებიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე განლაგდნენ ველზე.
10 . დაინახა იოაბმა, რომ მტრის ჯარი წინიდან და ზურგიდან იყო განლაგებული; გამოაცალკევა მებრძოლნი ისრაელის რჩეულთაგან და არამელთა წინააღმდეგ განალაგა ისინი.
11 . დანარჩენი ხალხი აბიშაის, თავის ძმას გადასცა; მან კი ყამონელთა პირისპირ განალაგა ისინი.
12 . უთხრა: "თუ არამელნი გაძლიერდებიან ჩემზე, შენ მომეშველები, ხოლო თუ ყამონელები გაძლიერდებიან შენზე, მე მოვალ შენს დასახმარებლად.
13 . მტკიცედ იყავი და მაგრად დავდგეთ ჩვენი ხალხისა და უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის, უფალმა კი თავისი ნება აღასრულოს”.
14 . გავიდა იოაბი თავის ხალხთან ერთად არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები.
15 . დაინახეს ყამონელებმა, რომ გაიქცნენ არამელნი, თვითონაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეცვივდნენ. დაბრუნდა იოაბი ყამონელთაგან და მივიდა იერუსალიმში.
16 . როცა დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, კაცები გაუგზავნეს მდინარის გაღმელ არამელებს და გადმოიყვანეს. ჰადარ-ყეზერის სარდალი, შოფახი წინამძღოლობდა მათ.
17 . როცა აუწყეს დავითს ეს ამბავი, შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე, მივიდა მათთან და დაეწყო მათ წინააღმდეგ. შეებრძოლა დავითი არამელებს და ისინიც შეებნენ.
18 . უკუიქცნენ არამელნი ისრაელიანთაგან და ამოჟლიტა დავითმა არამელთაგან შვიდი ათასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი მხედარი; მათი მხედართმთავარი შოფახიც განგმირულ იქნა.
19 . დაინახეს ჰადად-ყეზერის მსახურებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაუზავდნენ და დამორჩილდნენ დავითს. ვეღარ გაბედეს არამელებმა ყამონის ძეთა დახმარება.