1 . შვილო, ჩემი ნათქვამი დაიცავი და შენში დაიუნჯე ჩემი მცნებანი.
2 . დაიცავი ჩემი მცნებები და მოძღვრებები, როგორც საკუთარი თვალის ჩინი და იცოცხლებ.
3 . თითებზე დაიბნიე და გულის ფიცარზე დაიწერე.
4 . უთხარი სიბრძნეს: "ჩემი და ხარ შენ” და ახლო მეგობარი უწოდე გონიერებას.
5 . რათა დაგიფაროს სხვისი ცოლისგან, უცხო ქალისგან, ლაპარაკით რომ ხიბლავს;
6 . ვინაიდან, გავიხედე ჩემი სახლის სარკმლიდან და დარაბიდან
7 . და დავინახე გულუბრყვილონი, ვაჟებს შორის უგუნური ყმაწვილი შევამჩნიე.
8 . ქუჩაზე გადამავალი, ქალის სახლის კუთხესთან; მისი სახლის გზას დაადგა,
9 . შებინდებულზე, შუაღამესა და წყვდიადში.
10 . და აი, მეძავივით შემოსილი ქალი გამოეგება, ცბიერი გულით;
11 . დაუდგრომელი და ურჩია იგი, შინ ფეხს ვერ აჩერებს:
12 . ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე, ყოველ კუთხეში საფრდება;
13 . ჩაებღაუჭა, კოცნის და ურცხვად ეუბნება:
14 . "სამშვიდობო მსხვერპლი აღვუთქვი და დღეს აღვასრულე ჩემი დანაპირები,
15 . ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, გეძებდი და კიდეც გიპოვე!
16 . ფარდაგებით მოვფინე ჩემი სარეცელი, ეგვიპტის ნაქარგი ქსოვილით,
17 . მური ვაპკურე ჩემს საწოლს, ალოე და დარიჩინი,
18 . შემოდი, დილამდე გავძღეთ სიყვარულით, ვინეტაროთ ალერსით!
19 . რადგან სახლში არ არის ჩემი ქმარი, შორ გზაზე წავიდა.
20 . ფულით სავსე ქისა წაიღო, შინ სავსე მთვარისას დაბრუნდება.
21 . მრავალსიტყვაობით აცდუნა, ლაქარდიანი ბაგით მონუსხა იგი.
22 . მყისვე უკან გაჰყვა დასაკლავი ხარივით და შებორკილი სულელივით, დასასჯელად რომ მიჰყავთ.
23 . ფრინველივით იჩქარის მახისკენ, სანამ ისარი არ დალახვრავს მის ღვიძლს; ის კი არ იცის, რომ სულს დაიღუპავს.
24 . ამიტომ, მისმინეთ ახლა შვილებო, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს:
25 . ნუ გადაუხვევს თქვენი გულები იმ ქალის გზებისკენ და ნურც მის ბილიკებზე იხეტიალებთ,
26 . რადგან მრავალი დასცა მან განგმირული, თვლა არ აქვს მისგან დახოცილთ.
27 . მისი სახლი ქვესკნელის გზაა, მკვდართა სამყოფელში ჩამავალი.