იგავნი თავი 28

1 . ბოროტი მაშინაც გარბის, როცა არავინ მისდევს, მართალი კი ლომივით გაბედულია.

2 . ამბოხის დროს ქვეყანაში მთავარნი მრავლდებიან; გონიერი და მცოდნე კაცის ხელში კი ხანგრძლივია მეფობა.

3 . მდაბიოთა მჩაგვრელი ღარიბი, კოკისპირულ წვიმასავითაა, პურს რომ ანადგურებს.

4 . რჯულის მიმტოვებელნი ბოროტს აქებენ, რჯულის დამცველნი კი ებრძვიან მათ.

5 . ბოროტს სამართლის არაფერი გაეგება, უფლის მაძიებელნი კი ყველაფერს ხვდებიან.

6 . სწორად მავალი ღარიბი სჯობს, უკუღმართი გზებით მოსიარულე მდიდარს.

7 . რჯულის დამცველი შვილი გონიერია, გაუმაძღართა მეგობარი კი არცხვენს მამამისს

8 . ვინც ვახშითა და სარგებლით იხვეჭს სიმდიდრეს ღატაკთა მწყალობელთათვის აგროვებს მას.

9 . ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სისაძაგლეა.

10 . ვინც მართალს აცდუნებს და ბოროტების გზაზე აყენებს, თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება, უბიწონი კი სიკეთეს დაიმკვიდრებენ.

11 . მდიდარს ბრძენი ჰგონია თავი, გონიერი ღატაკი კი გამოიცნობს მას.

12 . მართალთა ზეიმისას დიდება მრავლდება, ბოროტის აღზევებისას კი ხალხი იმალება.

13 . ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.

14 . ნეტარია კაცი, რომელიც მუდმივად ფრთხილობს, გულის გამქვავებელი კი უბედურებაში ჩავარდება.

15 . მბრდღვინავი ლომი და გააფთრებული დათვია ბოროტი ბატონი ღატაკი ხალხისთვის.

16 . გონიერებას მოკლებული მმართველი უზომოდ გამომძალველია, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.

17 . ადამიანის სისხლით დამძიმებული კაცი სამარემდე ირბენს. ნურავინ დაეხმარება მას.

18 . უბიწოდ მავალი კაცი გადარჩება, უკუღმართი გზებით მოარული კი უეცრად დაეცემა.

19 . თვისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი სიღარიბით დანაყრდება.

20 . ერთგულ კაცს უამრავი კურთხევა ექნება, ხოლო ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი არ დარჩება.

21 . მიკერძოება არ არის კარგი, ასეთი კაცი ლუკმაპურისთვისაც ჩაიდენს დანაშაულს.

22 . ხარბი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის; ის კი არ იცის, რომ გაჭირვება ეწევა.

23 . მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ მადლს ჰპოვებს, ვიდრე პირფერი ენის პატრონი.

24 . ვინც თავის მამას და დედას ართმევს და ამბობს: დანაშაული არ არისო, ის დამღუპველი კაცის ამხანაგია.

25 . ამპარტავანი კაცი შუღლს აღვივებს, უფალზე დაიმედებულს კი წარმატება ექნება.

26 . საკუთარ გონებას მინდობილი უგუნურია, ბრძნულად მოარული კი გადარჩება.

27 . ვინც ღარიბს აძლევს, არ გაუჭირდება, ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, მრავალ წყევლას მიიღებს.

28 . ბოროტთა აღზევებისას ხალხი იმალება, მათი დაღუპვისას კი მართალნი მრავლდებიან.