1 . მატყუარა სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სწორი საწონი კი სასურველია მისთვის.
2 . მოვა ამპარტავნობა და მოჰყვება შერცხვენა, თავმდაბლობას კი სიბრძნე ახლავს.
3 . წრფელთ უბიწობა წარუძღვება, მოღალატეთ კი ორგულობა გაანადგურებს.
4 . ქონება ვერ გასარგებლებს რისხვის დღეს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.
5 . უბიწოს სიმართლე გაუსწორებს გზას, ბოროტი კი თავისი ბოროტებით ეცემა.
6 . წრფელთ მათი სამართლიანობა იხსნის, მოღალატენი კი თავისი ბოროტი ვნებებით შეიპყრობიან.
7 . მოკვდება უმართლო და მისადმი მოლოდინიც კვდება, იღუპება მის შეძლებაზე დამყარებული იმედი.
8 . მართალი თავს დააღწევს განსაცდელს, მის ნაცვლად ბოროტს ეწევა იგი.
9 . უღმერთონი თავისი პირით ღუპავენ მოყვასს, ხოლო მართალი ცოდნით გამოიხსნება.
10 . მართალთა სიკეთით ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვისას კი ყიჟინას დასცემს.
11 . წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.
12 . გონიერებას მოკლებული ზიზღს გამოხატავს ახლობლისადმი, გონიერი კაცი კი დუმს.
13 . ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას.
15 . ვინც თავდებად უდგება უცხოს, უსათუოდ დაზიანდება, თავდებობის მოძულე კი უსაფრთხოდ იქნება.
16 . მადლიანი ქალი პატივს იხვეჭს, უმოწყალონი კი სიმდიდრეს იხვეჭენ.
17 . მოწყალე კაცი სიკეთეს უზღავს თავის თავს, სასტიკი კი თავისივე სხეულს აზიანებს.
18 . უკეთური ტყუილ გასამრჯელოს იღებს, სიმართლის მთესველს კი ჭეშმარიტი საზღაური აქვს.
19 . სიმართლეს კაცი სიცოცხლისკენ მიჰყავს, ბოროტების მიმდევარს კი სიკვდილი დაატყდება.
20 . გულმრუდნი საძულველნი არიან უფლისთვის, სწორი გზით მავალნი კი სათნონი არიან მისთვის.
21 . ხელს ხელზე დავარტყამ, რომ ვერ გაექცევა სასჯელს ბოროტი, მართალთა მოდგმა კი გამოხსნილ იქნება.
22 . ღორის დინგზე წამოცმული ოქროს ბეჭედივითაა ლამაზი, მაგრამ უგუნური ქალი.
23 . მართალთა წადილი მხოლოდ სიკეთეა, ბოროტეულთა მოლოდინი კი რისხვა.
24 . ზოგი ხელგაშლილია, მაგრამ გამუდმებით ემატება, ზოგი ხელმოჭერილია, მაგრამ მაინც უჭირს.
25 . გულუხვი კაცი წარმატებული იქნება; სხვათა დამარწყულებელი, თვითონაც დარწყულდება.
26 . მარცვლეულის დამჭერს ერი წყევლის, გამცემის თავზე კი კურთხევაა.
27 . სიკეთის გულმოდგინედ მაძიებელი, კეთილგანწყობას მოიხვეჭს, ბოროტების მაძიებელს კი ბოროტება მოეწევა.
28 . თავის სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა, მართალი კი მწვანე ფოთოლივით გაიშლება.
29 . თავისი სახლეულის შემაჭირვებელი ქარს დაიმკვიდრებს; სულელი გულბრძენის მსახური იქნება.
30 . მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა; და ვინც სულებს იძენს ბრძენია.
31 . აჰა, მართალს მიეზღვება მაგიერი ამ ქვეყნად, მითუმეტეს - უმართლოსა და ცოდვილს.