იგავნი თავი 15

1 . ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.

2 . ბრძენთა ენა ცოდნას მიმზიდველს ხდის, ბრიყვთა პირი კი სისულელეს აფრქვევს.

3 . ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ.

4 . მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვრული კი სულს მუსრავს.

5 . ბრიყვი უარყოფს მამის შეგონებას, მხილების შემსმენი კი გონიერდება.

6 . მართლის სახლში დიდი განძია, უკეთურის მონახვეჭში კი გასაჭირი.

7 . ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გონებას კი ეს არ შეუძლია.

8 . უფლისთვის ბოროტეულის მსხვერპლი სისაძაგლეა, წრფელთა ლოცვა კი საამურია მისთვის.

9 . უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.

10 . მკაცრი სასჯელი ელის სწორი გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.

11 . უფლის წინაშე ქვესკნელი და ჯოჯოხეთია გაშიშვლებული, მით უმეტეს ადამის შვილთა გულები.

12 . დამცინავს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენთან არ წავა იგი.

13 . მხიარული გული სახესაც ამხიარულებს, გულის წუხილისას კი სული შემუსრულია.

14 . კეთილგონიერის გული ცოდნას ეძიებს, ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება.

15 . ავია ჩაგრულის ყოველი დღე, მხიარულ გულს კი მუდამ ლხინი აქვს.

16 . მცირედი სჯობია უფლისმოშიშებაში, ვიდრე დიდი საუნჯე შფოთვაში.

17 . სჯობს გქონდეს ბოსტნეულის სადილი და სიყვარული, ვიდრე ნასუქალი ხარი და სიძულვილი მასთან ერთად.

18 . ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს, სულგრძელი კი აცხრობს დავას.

19 . ზარმაცის გზა ეკლიანი ღობესავითაა, წრფელთა გზა კი მოსწორებულია.

20 . ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.

21 . ბრიყვის სიხარული უგუნურებაა, გონიერი კაცი კი სწორი გზით დადის.

22 . რჩევის გარეშე განზრახვა იშლება, ბევრი მრჩევლისას კი სრულდება.

23 . კაცის სიხარული მისი ბაგეების პასუხშია; კარგია თავის დროზე ნათქვამი სიტყვა.

24 . ბრძენის ცხოვრების გზა აღმავალია, რათა დაბლა ქვესკნელს განერიდოს.

25 . ამპარტავანთა სახლს უფალი დაანგრევს, ქვრივის საზღვარს კი განამტკიცებს.

26 . საძაგელია უფლისთვის ბოროტის ზრახვანი, წრფელი სიტყვები კი სასიამოვნო.

27 . მტაცებლობით მომხვეჭელი თავის სახლს აპარტახებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.

28 . დაფიქრდება მართლის გული სანამ უპასუხებს, ბოროტთა პირი კი სიავეს აფრქვევს.

29 . შორსაა უკეთურთაგან უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.

30 . ნათელი თვალები გულს ახარებს და კარგი ამბავი ძვლებს აპოხიერებს.

31 . სასიცოცხლო მხილების შემსმენი ყური ბრძენთა შორის გაათევს ღამეს.

32 . დარიგების უარმყოფელს სძულს საკუთარი თავი, შეგონების შემსმენი კი საზრიანობას იხვეჭს.

33 . უფლის შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს; და დიდებას წინ მორჩილება უსწრებს.