იგავნი თავი 21

1 . მეფის გული წყლის ნაკადია უფლის ხელში, საითაც მოისურვებს, იქით მიუშვებს.

2 . კაცის ყველა გზა მართებულია მის თვალში, მაგრამ უფალი გულებს სწონის.

3 . სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე სასურველია უფლისთვის.

4 . ზვიადი თვალები და ამაყი გული - უკეთურთა ლამპარი და ცოდვაა.

5 . ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა, დაუდევარი კი გაღატაკდება.

6 . მატყუარა ენით სიმდიდრის მოხვეჭა წარმავალი ორთქლია და სიკვდილის მახე.

7 . უმართლოთა ძალადობა მათვე მიუბრუნდება, ვინაიდან სამართლის ქმნა უგულებელჰყვეს.

8 . მრუდეა უმართლოს გზა, სუფთა კაცი კი პირდაპირია მოქმედებაში.

9 . ერდოს კუთხეში ცხოვრება სჯობს, ანჩხლ ქალთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.

10 . ბოროტი სწადია უმართლოს გულს, წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მოყვასი.

11 . დამცინავის დასჯისას გულუბრყვილო გონიერდება ბრძენი კი შეგონებით იძენს ცოდნას.

12 . აკვირდება მართალი უმართლოს სახლს, როგორ ეცემა და ნადგურდება.

13 . ვინც ყურს მოიყრუებს ღარიბის ღაღადზე, თვითონაც მოუხმობს ერთ დღეს და არავინ უპასუხებს.

14 . ფარულად მიძღვნილი საჩუქარი რისხვას აცხრობს და ქრთამი უბეში - ძლიერ გულისწყრომას.

15 . სიმართლის ქმნა - სიხარულია მართლისთვის და შიშის ზარი - ბოროტის მქმნელისთვის.

16 . გონიერების გზიდან გადავარდნილი ადამიანი მკვდართა კრებულში დაისვენებს.

17 . სიამეთა მოყვარული გაჭირვებაში იქნება, ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.

18 . ბოროტეული მართლის გამოსასყიდია, მოღალატე კი - გულწრფელისა.

19 . უდაბურ მიწაზე ცხოვრება სჯობს, ანჩხლ და ბრაზიან ქალთან ყოფნას.

20 . სანუკვარი განძი და ზეთია ბრძენის სახლში, ბრიყვი კაცი კი შთანთქავს მათ.

21 . სიმართლისა და მოწყალების მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლესა და პატივს ჰპოვებს.

22 . ძლიერთა ქალაქს დაიპყრობს ბრძენი და დაანგრევს მის საიმედო სიმაგრეს.

23 . ვინც თავის ბაგესა და ენას უფრთხილდება უბედურებისგან იცავს თავის თავს.

24 . ამაყი, ქედმაღალი და დამცინავია მისი სახელი, ვინც ამპარტავნულად მოქმედებს.

25 . ზარმაცს საკუთარი სიხარბე კლავს, რადგან მისი ხელები უარს ამბობენ მუშაობაზე;

26 . მთელ დღეს ხარბად სწადია რაღაც, მართალი კი გასცემს და არ ზოგავს.

27 . უკეთურთა მსხვერპლი სისაძაგლეა, მით უმეტეს, თუ ცბიერებით მოაქვს იგი.

28 . ცრუ მოწმე მოიკვეთება, ჭეშმარიტების გამგონი კაცი კი მუდამ ილაპარაკებს.

29 . ბოროტი კაცი სახეს ისასტიკებს, მართალი კი თავის გზას აკვირდება.

30 . არ არსებობს სიბრძნე, გონება და რჩევა, უფალს რომ დაუპირისპირდეს.

31 . ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა.