1 . კაცი, რომელიც მრავალი მხილებისას ქედს არ იდრეკს, უცაბედად განადგურდება და კურნება არ ექნება.
2 . მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, უმართლოთა ბატონობისას კი კვნესის.
3 . სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს, მეძავთა მადევარი - ქონებას ანიავებს.
4 . მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, ქრთამის ამღები კაცი კი დააქცევს მას.
5 . მოყვასთან მლიქვნელი, ბადეს უგებს მას ფეხქვეშ.
6 . ბოროტი კაცი თავისივე დანაშაულის ხაფანგშია გაბმული, მართალი კი მღერის და ხარობს.
7 . იცის მართალმა ღარიბთა უფლებები, უკეთურს კი არც უნდა რომ იცოდეს.
8 . თავქარიანები ცეცხლს უკიდებენ ქალაქს, ბრძენნი კი უკუაქცევენ რისხვას.
9 . უგუნურ კაცთან მოდავე ბრძენს, ბრაზობს თუ იცინის, არ აქვს მოსვენება.
10 . სისხლისმღვრელ კაცს სძულს უბიწო, წრფელნი კი მის სიცოცხლეს მფარველობენ.
11 . ბრიყვი მთელ თავის შინაგანს გადმოღვრის, ბრძენი კი - თავშეკავებულია.
12 . ბატონი, რომელიც ყურს უგდებს ტყუილ სიტყვას, ყველა მისი მსახური უკეთურდება.
13 . ღატაკსა და მჩაგვრელს ერთი აქვთ საერთო; ორივესთვის უფალია თვალის ჩინის მიმცემი.
14 . მეფე, რომელიც სიმართლით განიკითხავს ღარიბთ, სამუდამოდ განამტკიცებს თავის ტახტს.
15 . წკეპლა და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი დედას არცხვენს.
16 . ბოროტეულთა აღზევებისას დანაშაულიც მრავლდება; მართალნი კი მოესწრებიან მათ დაცემას.
17 . დასაჯე შენი შვილი და მოგასვენებს, სულს დაგიამებს.
18 . ხედვის გარეშე თავს იშვებს ხალხი; რჯულის დამცველი კი ნეტარია.
19 . სიტყვით არ გაიწვრთნება მონა, რადგან რომც გაიგოს, არ შეისმენს.
20 . გინახავს სიტყვაში მოჩქარე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
21 . სიყმაწვილიდანვე განებივრებული მონა შემდგომში მემკვიდრედ გაგიხდება.
22 . მრისხანე კაცი შფოთს იწვევს, გულფიცხი - მრავალ დანაშაულს.
23 . ქედმაღლობა კაცს დაამდაბლებს, თავმდაბალი სული კი პატივს დაიმკვიდრებს.
24 . ქურდის მოზიარეს სძულს საკუთარი სიცოცხლე, ესმის რომ აფიცებენ, მაგრამ არაფერს ამბობს.
25 . ადამიანის მოშიშარს მახე დაეგება, უფალზე დანდობილი კი - დაცული იქნება.
26 . მრავალნი ეძებენ მთავართა კეთილგანწყობას, მაგრამ კაცთა განკითხვა უფლისაგან არის.
27 . უსამართლო კაცი სისაძაგლეა მართალთათვის და სწორი გზით მოსიარულე სიბილწეა ბოროტეულთათვის.