2მეფეთა თავი 7

1 . როგორც კი თავის სახლში დაიწყო ცხოვრება მეფემ, მოასვენა უფალმა გარშემო მტრებისგან.

2 . უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: "შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი კარავში ასვენია”.

3 . მიუგო მეფეს ნათანმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი”.

4 . მაგრამ ესმა იმ ღამეს უფლის სიტყვა ნათანს:

5 . "წადი და უთხარი ჩემს მსახურს, დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი, განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?

6 . იმ დროიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ისრაელი, სახლში არ ვმკვიდრობ, დღემდე კარავსა და სავანეში ვიმყოფები.

7 . აბა, ისრაელიანთა შორის ყოფნისას, ოდესმე თუ მითქვამს სიტყვა ისრაელის რომელიმე ტომისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?

8 . ახლა უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის მწყემსობიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის მთავარი გამხდარიყავი.

9 . ყველგან თან გახლდი, სადაც კი მიდიოდი და ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე; და განვადიდე შენი სახელი, დიდებული ადამიანების მსგავსად ამ ქვეყანაზე.

10 . ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნებ მას, რათა იცხოვროს თავის ადგილზე. და მეტად აღარ შეშფოთდება, და ძველებურად ვეღარ შეაჭირვებენ მას ბოროტმოქმედნი,

11 . როგორც მაშინ, როცა მსაჯულები დავუდგინე ჩემს ხალხს, ისრაელს; ყველა შენი მტრისგან მოგასვენებ და გაუწყებს შენ უფალი: უფალი აგიშენებს სახლს!

12 . და დრო რომ დაგიდგება და განისვენებ შენს მამებთან, აღვადგენ შენს შემდგომ შენს შთამომავალს, შენი საზარდულიდან გამოსულს და განვუმტკიცებ სამეფოს.

13 . ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და უკუნისამდე განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს.

14 . მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. როდესაც დააშავებს, დავსჯი კაცთა კვერთხით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.

15 . მაგრამ არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა და სიკეთე, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე შენს წინ.

16 . მტკიცედ იდგება შენი სახლი და შენი სამეფო საუკუნოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება შენი ტახტი უკუნისამდე!”

17 . ყველა ეს სიტყვა და მთელი ეს ხილვა მოუთხრო ნათანმა დავითს.

18 . მივიდა მეფე დავითი, დადგა უფლის წინაშე და თქვა: "უფალო ღმერთო, ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე ამამაღლე?

19 . ესეც გეცოტავა შენს თვალში უფალო, ღმერთო ჩემო და წინასწარ ილაპარაკე შენი მსახურის სახლზე. კაცთა წესია ეს, უფალო, ღმერთო!

20 . კიდევ რისი თქმა შეუძლია შენთვის დავითს? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო!

21 . შენი სიტყვისა და შენი ნების თანახმად მოიმოქმედე ეს დიადი საქმეები, რომ ამცნო შენს მსახურს.

22 . ამიტომაც დიადი ხარ შენ, უფალო ღმერთო, რადგან არავინაა შენი მსგავსი და არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც მოგვისმენია ჩვენი ყურით.

23 . რომელი ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა და თავის ერად ექცია, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები შენი ხალხის თვალწინ, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, განდევნე რა ხალხები და მათი ღმერთები მათ წინაშე?

24 . შენ განამტკიცე შენი ხალხი, ისრაელი, რომ შენს ხალხად გაგეხადა უკუნისამდე, ხოლო შენ, უფალო, მათი ღმერთი გამხდარიყავი.

25 . ახლა კი, უფალო ღმერთო, იმოქმედე შენი აღთქმისამებრ და აღასრულე შენი სიტყვა, რომელიც შენს მსახურზე და მის სახლზე თქვი,

26 . რათა განდიდდეს სახელი შენი უკუნისამდე და თქვან: ცაბაოთ უფალია ისრაელის ღმერთი. და მტკიცე იყოს, შენი მსახურის დავითის სახლი შენს წინაშე.

27 . რადგან შენ, ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, გამოუცხადე შენს მსახურს და უთხარი, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაბედა შენმა მსახურმა, რომ ასე ელოცა შენს მიმართ.

28 . ახლა, უფალო ღმერთო! ჭეშმარიტია შენი სიტყვები და ასეთი სიკეთე გაქვს აღთქმული შენი მსახურისთვის.

29 . ახლა ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ საუკუნოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ასე გაქვს ნაბრძანები, უფალო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მსახურის სახლი უკუნისამდე”.