1 . იყო იქ ერთი უღირსი კაცი, სახელად შება, ბიქრის ძე, ბენიამინის ტომიდან; ჩაჰბერა საყვირს და გამოაცხადა: "არა გვაქვს წილი დავითში, არა გვაქვს სამკვიდრებელი იესეს ძეში! ყველა თავის კარავს დაუბრუნდეს, ისრაელიანნო!”
2 . ზურგი აქციეს ისრაელიანებმა დავითს და გაჰყვნენ შებას, ბიქრის ძეს. იუდა კი იორდანედან იერუსალიმამდე თავის მეფესთან დარჩა.
3 . როცა დაუბრუნდა დავითი თავის სახლს იერუსალიმში, გამოიყვანა მეფემ ათი ხარჭა, რომლებიც სასახლის მისახედად ჰყავდა დატოვებული, სახლში ჩაკეტა და მცველები დაუყენა. არჩენდა, მაგრამ აღარ შესულა მათთან. სიკვდილამდე გამოკეტილნი იყვნენ ისინი და ქვრივებივით ცხოვრობდნენ.
4 . უთხრა მეფემ ყამასას: "სამ დღეში შემიყარე იუდა და მაშინვე აქ დაბრუნდი”.
5 . წავიდა ყამასა იუდას მოსახმობად, მაგრამ მეფის მიერ დადებულ ვადაზე მეტად დაყოვნდა.
6 . უთხრა დავითმა აბიშაის: "აბესალომზე მეტად გვიბოროტებს შება, ბიქრის ძე; წაიყვანე შენი ბატონის მსახურნი და მისდიე, სანამ არ იპოვნი, რომ გამაგრებული ქალაქები არ შეიგულოს და არ მიეფაროს ჩვენს თვალთაგან”.
7 . და მიჰყვნენ იოაბის ხალხს ქერეთელნი და ფერეთელნი, ყველა ძლევამოსილი ვაჟკაცი; წავიდნენ იერუსალიმიდან შებას, ბიქრის ძის სადევნად.
8 . გაბაონის დიდ ქვასთან იყვნენ მისული და ყამასაც მივიდა მათთან შესახვედრად. თავისი მხედრული სამოსით იყო იოაბი შემოსილი, ზედ მახვილი ეკიდა თავისი ქარქაშით; წინ რომ გამოვიდა, ქარქაშიდან ამოუვარდა მახვილი.
9 . მოიკითხა იოაბმა ყამასა: "ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო?” და მარჯვენა ხელი წვერზე მოკიდა ყამასას, საამბორებლად.
10 . ვერ დაიცვა თავი ყამასამ მახვილისგან, იოაბს რომ ეჭირა, ჩასცა იოაბმა მუცელში და ნაწლავები მიწაზე გადმოაყრევინა. მეორედ აღარ დაურტყამს იოაბს. მოკვდა ყამასა, იოაბი და მისი ძმა აბიშაი კი შება ბიქრის ძის კვალს მიჰყვნენ.
11 . იოაბის მსახურთაგან ერთ-ერთმა შესძახა: "ვისაც უყვარს იოაბი და ვინც დავითთანაა, მიჰყვეს იოაბის კვალს”.
12 . ყამასა კი შუა გზაზე ეგდო და სისხლში ცურავდა; დაინახა იმ კაცმა, რომ ყოვნდებოდა ხალხი, გზიდან მინდორზე გადაათრია ყამასა და სამოსელი გადააფარა, რადგან ხედავდა, რომ ყოველი გამვლელი ჩერდებოდა და უყურებდა.
13 . როგორც კი გზიდან გადაათრია, ყველანი იოაბის კვალს მიჰყვნენ, რათა შება ბიქრის ძეს დადევნებოდნენ.
14 . ისრაელის ყოველი ტომი მოიარა შებამ აბელ-ბეთ-მაყაქამდე და მთელი ბერიმი. იკრიბებოდნენ და მიჰყვებოდნენ.
15 . მოვიდა იოაბის ხალხი და ალყა შემოარტყეს აბელ-ბეთ-მაყაქაში; მიწაყრილი აღმართეს ქალაქთან და გალავანს გაუტოლეს. იოაბის მთელმა ხალხმა კი კედლის ნგრევა იწყო.
16 . დაიძახა ერთმა ბრძენმა დედაკაცმა ქალაქიდან: "მომისმინეთ, მომისმინეთ, უთხარით იოაბს, ახლოს მოდგეს, უნდა ველაპარაკო”.
17 . მიუახლოვდა. ჰკითხა დედაკაცმა: "შენ ხარ იოაბი?” უპასუხა: "მე ვარ”. უთხრა დედაკაცმა: "ყური უგდე შენი მხევლის სიტყვას”. მიუგო: "გისმენ”.
18 . თქვა დედაკაცმა: "ძველად ამბობდნენ, ვისაც კითხვა სურს, აბელში მოიკითხოსო. ასე წყვეტდნენ საქმეს.
19 . მე ერთი მშვიდობიანი და ერთგული ქალაქი ვარ ისრაელის ქალაქებს შორის; შენ კი ქალაქი გინდა დააქციო, დედა ისრაელში; რად უნდა ჩაყლაპო უფლის სამკვიდრებელი?”
20 . მიუგო იოაბმა: "შორს ჩემგან, შორს ჩემგან, დაქცევა და განადგურება!
21 . სხვაგვარადაა საქმე. კაცმა ეფრემის მთიდან, ბიქრის ძემ, შებამ, ხელი აღმართა მეფე დავითის წინააღმდეგ; მომეცით ის კაცი და წავალ აქედან”. უთხრა იოაბს დედაკაცმა: "აჰა, გალავნიდან გადმოგიგდებენ მის თავს”.
22 . ბრძნულად მიუდგა დედაკაცი ხალხს. თავი მოკვეთეს შებას, ბიქრის ძეს და იოაბს გადაუგდეს. ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და ყველა თავ-თავის კარავს დაუბრუნდა ქალაქიდან. იოაბი კი მეფესთან დაბრუნდა იერუსალიმში.
23 . ისრაელის მთელ ლაშქარს სარდლობდა იოაბი; ბენაია იეჰოიადაყის ძე კი - ქერეთელებსა და ფელეთელებს.
24 . ყადორამი - ხარკის აკრეფას უძღვებოდა, იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო.
25 . შევა - მწერლობდა და ცადოკი და აბიათარი - მღვდლები იყვნენ.
26 . ყირა იაირელიც მღვდლობდა დავითთან.