1 . იმ დღეს, როცა უფალმა ყოველი მისი მტრის ხელთაგან იხსნა დავითი, ამ სიტყვებით უგალობა მან უფალს:
2 . "უფალი კლდეა ჩემი, ციხესიმაგრეა და მხსნელი ჩემი.
3 . ღმერთი კლდეა ჩემი, იგია ჩემი თავშესაფარი; ფარია ჩემი და ხსნის რქაა, სიმაგრეა და თავშესაფარი ჩემი, ჩემი მხსნელია, რომელმაც დამიფარა ძალადობისგან.
4 . მოვუხმე უფალს, დიდად საქებარს და გადამარჩინა ჩემი მტრებისგან.
5 . ალყაში მომიქციეს სიკვდილის ტალღებმა, განადგურების ნაკადები დამესხნენ თავს,
6 . ქვესკნელის ბორკილები შემომეხლართა და სიკვდილის ბადეებში გავები.
7 . გასაჭირში მოვუხმე უფალს, ჩემს ღმერთს შევღაღადე; და ისმინა ჩემი ხმა თავის ტაძარში და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
8 . შეირყა, იძრა დედამიწა, ათრთოლდა და შეირყა ზეცის საფუძველი ღვთის განრისხებისას.
9 . კვამლი ავარდა მისი ნესტოებიდან, მშთანმთქმელი ცეცხლი - მის ბაგეებიდან; ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.
10 . მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა; უკუნი ნისლი იდგა მის ფეხქვეშ.
11 . ქერუბიმებზე ამხედრებული გაფრინდა და გამოჩნდა ქარიშხლის ფრთებზე;
12 . წყვდიადი შემოირტყა გარშემო კარვებად, წყლის ბინულებად ცათა ღრუბელნი.
13 . მისმა ელვარებამ ცეცხლის ნაკვერჩხლები ააგიზგიზა.
14 . ზეციდან დაიქუხა უფალმა, ხმა გამოსცა უზენაესმა.
15 . ისრებით გაფანტა ჩემი მტრები, ელვით გაანადგურა ისინი.
16 . შერისხა უფალმა, თავისი ნესტოების სუნთქვა მიაქცია და გამოჩნდნენ ზღვის დინებანი და გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი.
17 . მაღლიდან მომწვდა, ამიყვანა და წყალთა მორევიდან გამომიყვანა.
18 . უძლიერესი მტრისგან მიხსნა, მათგან, ვისაც ვძულდი, ვინც ძლიერი იყო ჩემზე.
19 . თავს დამესხნენ ჩემი გასაჭირის დღეს და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20 . გაშლილ სივრცეში გამიყვანა და მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.
21 . ჩემი სიმართლისამებრ მომაგო უფალმა, ჩემი ხელის სიწმინდისამებრ გადამიხადა.
22 . რადგან ვიცავდი უფლის გზას, და ჩემი ღმერთისთვის არ შემიცოდავს.
23 . რადგან ჩემ წინაშეა მისი მცნებები და არ გადამიხვევია მის დადგენილებათაგან;
24 . უბიწო ვიყავი მის წინაშე და ცოდვას გავურბოდი.
25 . საზღაური მომაგო უფალმა ჩემი სიმართლისა და სიწმიდის გამო მის თვალში.
26 . წყალობის მქნელს - წყალობით ექცევი და წრფელ კაცთან წრფელი ხარ.
27 . წმიდასთან - წმიდა ხარ და მზაკვართან - მისი ცბიერებისამებრ.
28 . დაჩაგრულ ხალხს შველი, ქედმაღლებს კი მზერით დაამდაბლებ;
29 . რადგან შენ ხარ ჩემი ლამპარი, უფალო; უფალი გამინათებს ბნელს.
30 . რადგან შენით შევმუსრავ ლაშქარს და ჩემი ღვთით გადავევლები გალავანს.
31 . უმწიკვლოა ღვთის გზა; წმიდაა უფლის სიტყვა, ფარია მათთვის, ვინც მასში ეძებს თავშესაფარს.
32 . რადგან ვინაა ღმერთი უფლის გარდა ან ვინაა კლდე გარდა ჩვენი ღმერთისა?
33 . ღმერთი მტკიცე ციხესიმაგრეა ჩემი; უბიწოებს, თავის გზაზე აყენებს იგი,
34 . ფურირმის ფეხებს მომცემს და მწვერვალებზე დამაყენებს.
35 . გაწრთვნის ჩემს ხელებს საბრძოლველად და სპილენძის მშვილდს მოჭიმავენ ჩემი მკლავები.
36 . შენგან მომეცა ხსნის ფარი და შენმა მოწყალებამ შემმოსა დიდებით.
37 . შენ გამიფართოვე ნაბიჯები, რათა არ მომიცურდეს ფეხები.
38 . ვდიე ჩემს მტრებს და არ მოვბრუნებულვარ, ვიდრე არ წარვხოცე ისინი.
40 . შენ მმოსავ ძალით ბრძოლისთვის და ჩემს წინ აჩოქებ ჩემს წინააღმდგომთ.
41 . შენ უკუაქციე ჩემგან მტრები, და მეც გავანადგურე ჩემი მოძულენი.
42 . ეძიებენ და არავინ ჰყავთ მშველელი; უფალსაც კი უხმობენ და არ პასუხობს უფალი.
43 . მიწის მტვერივით ვფანტავ, ქუჩის ტალახივით ვთელავ მათ.
44 . შენ მიხსენი ჩემი ხალხის ამბოხისგან; შენ შემინახე, რათა ერების მთავარი ვიყო; ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.
45 . უცხოტომელთა შვილები მეპირფერებიან, მემორჩილებიან, როგორც კი ესმით ჩემს შესახებ.
46 . უცხოტომელთა შვილები მისავათდებიან და თავისი სიმაგრეების მიღმა შეძრწუნდებიან.
47 . ცოცხალია უფალი! კურთხეულ იყოს სიმტკიცე ჩემი! ამაღლდეს ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა;
48 . ღმერთი იძიებს ჩემთვის შურს და ის დამიმორჩილებს ხალხებს.
49 . ის მიხსნის მტრისგან და ამამაღლებ მათზე, ვინც ჩემს წინააღმდეგ აღსდგა; მიხსნის მოძალადე კაცისგან.
50 . ამიტომ გმადლობ, შენ უფალო, ერებს შორის და ვუგალობებ შენს სახელს.
51 . ხსნის გოდოლია უფალი თავისი ცხებული მეფის, დავითისა და მისი შთამომავლობისთვის უკუნისამდე!