1 . უთხრეს იოაბს: "აჰა, ტირის მეფე, აბესალომს გლოვობს”.
2 . და გლოვად გადაექცა იმდღევანდელი გამარჯვება მთელ ხალხს, რადგან გაიგეს, რომ წუხდა მეფე თავის ძეზე.
3 . ჩუმად მოიპარებოდა იმ დღეს ქალაქში ხალხი, როგორც ბრძოლის ველიდან უკუქცეული და შერცხვენილი ხალხი მოიპარება ხოლმე.
4 . სახე დაიფარა მეფემ და ხმამაღლა მოსთქვამდა: "შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! შვილო!”
5 . მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: "სირცხვილში ჩააგდე დღეს ყველა შენი მსახური, რომელთაც გადაგირჩინეს ვაჟები, ასულები, ცოლები და ხარჭები.
6 . შენი მოძულენი შეგყვარებია და მოყვარულნი შეგძულებია; დღეს დაგვანახე, რომ არაფრად აგდებ არც მთავრებს და არც მსახურებს. ახლა ვხვდები, რომ გერჩია აბესალომი გყოლოდა ცოცხალი, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით.
7 . ახლა ადექი და გადი, გული გაუმაგრე შენს მსახურთ, რადგან თუ არ გახვედი, უფალს გეფიცები, ერთი კაციც არ შეგრჩება ამაღამ. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია”.
8 . ადგა მეფე და დაჯდა კარიბჭესთან. ამცნეს ხალხს: აჰა, კარიბჭესთან ზის მეფე. და მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავ-თავის კარვებში გაიქცა.
9 . ასე ამბობდა ხალხი ისრაელის ყოველ ტომში: "მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და ფილისტიმელთაგან გაგვათავისუფლა. ახლა კი, თავად გაიქცა ქვეყნიდან აბესალომის გამო.
10 . ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ. ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?”
11 . კაცი გაგზავნა მეფე დავითმა ცადოკ და აბიათარ მღვდლებთან და შეუთვალა: "ასე უთხარით იუდას უხუცესებს: რაღად აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, როცა უკვე მოაღწია მთელი ისრაელის სიტყვამ მეფემდე მის სახლში?
12 . ჩემი ძმები ხართ, ჩემი ძვალი და ხორცი, რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?
13 . ყამასას უთხარით: განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ!”
14 . ერთი კაცივით გადაიბირა დავითმა მთელი იუდას გული და მათაც შეუთვალეს მეფეს: "დაბრუნდი შენს მსახურებთან ერთად”.
15 . დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდა მივიდა გილგალს, რომ მიჰგებებოდა მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანა იგი.
16 . შიმყა გერას ძემ, ბენიამინელმა, რომელიც ბახურიმიდან იყო, იჩქარა და იუდასთან ერთად ჩამოვიდა მეფე დავითის შესახვედრად.
17 . თან ათასი ბენიამინელი კაცი ახლდა. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მსახურით; იჩქარეს და მეფეზე წინ გადმოლახეს იორდანე.
18 . გაღმა გავიდა ბორანი, რომ მეფის სახლი გადმოეყვანა და კეთილად მომსახურებოდნენ. იორდანე რომ გადმოლახა მეფემ, დაემხო მის წინაშე შიმყა გერას ძე.
19 . უთხრა მეფეს: "დანაშაულად ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი, ნუ გაიხსენებს, რომ დააშავა შენმა მსახურმა იმ დღეს, როცა იერუსალიმიდან გამოდიოდა მეფე-ბატონი, გულში წყენას ნუ ჩაიდებს მეფე.
20 . რადგან იცის შენმა მსახურმა, რომ შევცოდე. აჰა, იოსების მთელი სახლიდან პირველი მოვედი დღეს, რომ მივგებებოდი მეფეს, ჩემს ბატონს”.
21 . თქვა აბიშაიმ, ცერუიას ძემ: "განა არ უნდა მოკვდეს შიმყა, იმის გამო, რომ დაწყევლა უფლის ცხებული?”
22 . უთხრა დავითმა: "რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ გამოსულხართ დღეს ჩემს წინააღმდეგ? განა დღეს ვინმე უნდა მოკვდეს ისრაელში, როცა გავიგე, რომ კვლავ ისრაელის მეფე ვარ?”
23 . უთხრა მეფემ შიმყას: "არ მოკვდები”. და შეჰფიცა მეფემ.
24 . მეფიბოშეთიც ჩამოვიდა, საულის ძე, მეფესთან მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში შეუსწორებია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლიდან მისი მშვიდობით დაბრუნების დღემდე.
25 . როდესაც მივიდა მეფესთან შესახვედრად, ჰკითხა მეფემ: "ჩემთან ერთად რატომ არ წამოხვედი, მეფიბოშეთ?”
26 . უპასუხა: "მეფევ ბატონო! ჩემმა მსახურმა მომატყუა. ვუთხარი შენმა მორჩილმა, სახედარი შემიკაზმე-მეთქი, რათა შევმჯდარიყავი და გავყოლოდი მეფეს, რადგან კოჭლია შენი მორჩილი.
27 . ცილი დამწამა შენს მსახურს მეფე-ბატონთან, მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს!
28 . განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეთა შორის დაისვი შენი მსახური, რა უფლება მაქვს, ვიწუწუნო მეფის წინაშე?”
29 . მიუგო მეფემ: "რატომღა ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი მიწები”.
30 . უთხრა მეფიბოშეთმა მეფეს: "ყველაფერი წაიღოს, რაკი მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში”.
31 . ბარზილაი გილყადელიც ჩამოვიდა როგელიმიდან და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინა მეფე იორდანეს გაღმა.
32 . ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლისა. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან დიდი შეძლების კაცი იყო.
33 . უთხრა მეფემ ბარზილაის: "გადმომყევი მეორე მხარეს და მე გარჩენ იერუსალიმში”.
34 . მიუგო ბარზილაიმ მეფეს: "რამდენი დღე დამრჩენია, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს?
35 . ოთხმოცი წლისა ვარ. განაღა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მსახურმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა გალობის მოსმენა? რატომ დავუმატო ტვირთი მეფეს, ჩემს ბატონს?
36 . ცოტაზე კიდევ გაჰყვება მეფეს შენი მორჩილი იორდანეს გაღმა; ასეთი წყალობით რისთვის უნდა მაჯილდოვებდეს მეფე?
37 . ნება მიეცი შენს მსახურს, რომ დაბრუნდეს თავის ქალაქში და თავისი დედ-მამის საფლავთან მოკვდეს. აჰა, შენი მორჩილი ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს. მოექეცი, როგორც გენებოს”.
38 . უპასუხა მეფემ: "ქიმჰამი გადმოვა ჩემთან ერთად მეორე მხარეს და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება. რასაც მთხოვ, ყველაფერს გავაკეთებ”.
39 . და გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. აკოცა მეფემ ბარზილაის, აკურთხა და ისიც დაბრუნდა თავის ადგილზე.
40 . გილგალისკენ გაემართა მეფე და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ხალხის ნახევარიც აცილებდა მეფეს.
41 . აჰა, მთელი ისრაელი მოვიდა მეფესთან და უთხრა: "რატომ მოგიტაცეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა, რომ მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს მეორე მხარეს გადაეყვანათ?”
42 . უპასუხეს იუდას კაცებმა ისრაელის კაცებს: "იმიტომ, რომ ჩვენი ახლო ნათესავია მეფე. რატომ გაბრაზებთ ეს ამბავი? განა მეფის ხარჯზე გვიჭამია, ან განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?”
43 . მიუგეს ისრაელის კაცებმა იუდას კაცებს: "ათი წილი გვერგება მეფეში და დავითიც თქვენზე მეტად გვეკუთვნის. რად დაგვამცირეთ? განა პირველმა ჩვენ არა ვთქვით სიტყვა ჩვენი მეფის დასაბრუნებლად?” მაგრამ ისრაელზე უფრო მკაცრად ლაპარაკობდა იუდა.