რომაელთა თავი 7

1 . ან, განა არ იცით, ძმებო, - რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, - რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია?

2 . რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის შეკრული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან.

3 . ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცის გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ ჩაეთვლება.

4 . ასე თქვენც, ჩემო ძმებო, რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ სხვისი, მკვდრეთით აღმდგარის კუთვნილება გახდეთ, რათა ნაყოფი მოვუტანოთ ღმერთს.

5 . ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მეშვეობით ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი მოგვეტანა.

6 . ახლა კი მკვდრები რჯულისათვის, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით რჯულისაგან, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.

7 . მაშ, რაღა ვთქვათ, ნუთუ ცოდვაა რჯული? არამც და არამც! ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეშვეობით, რადგან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: "არ ისურვო!”

8 . ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი; რადგან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.

9 . ხოლო მე, ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი;

10 . და მცნება, რომელიც სასიცოცხლოდ იყო მოცემული, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის,

11 . რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით.

12 . ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.

13 . ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც! მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი გამხდარიყო მცნების მეშვეობით.

14 . რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი - ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული.

15 . ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.

16 . ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ კეთილია იგი.

17 . მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.

18 . ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება - არა!

19 . ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.

20 . ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში ცხოვრობს.

21 . ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება.

22 . რადგან შინაგანი კაცის მიხედვით ღვთის რჯულით ვხარობ.

23 . მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულს ვხედავ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.

24 . უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?

25 . ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით. ამრიგად, ჩემი გონებით ღვთის რჯულის მონა ვარ, ხოლო სხეულით - ცოდვის რჯულსა.