რომაელთა თავი 5

1 . მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,

2 . რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.

3 . და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას,

4 . მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს,

5 . ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

6 . რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის.

7 . ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის, შესაძლოა, ვინმემ კიდეც გაბედოს სიკვდილი.

8 . ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის.

9 . მით უმეტეს ახლა, როცა გავმართლდით მისი სისხლით, მისით გადავრჩებით რისხვისაგან.

10 . რადგან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებულნი, გადავრჩებით მისი სიცოცხლით.

11 . და არა მარტო ამით, ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.

12 . ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა,

13 . რადგან რჯულამდეც იყო ცოდვა ქვეყანაზე, ცოდვა კი, არ ითვლება თუ რჯული არ არის,

14 . თუმცა სიკვდილი სუფევდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ ადამივით, რომელიც მომავლის სახეა.

15 . მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს.

16 . ხოლო საჩუქარი არ არის იგივე, რაც შედეგი ერთი შემცოდებლისაგან, რადგან განკითხვა ერთისაგან გამოდის მსჯავრდასადებად, მადლის საჩუქარი კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად.

17 . ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით.

18 . ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.

19 . ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.

20 . რჯული იმისთვის შემოვიდა, რომ დანაშაული გამრავლებულიყო, ხოლო როცა ცოდვა გამრავლდა, მადლმაც გადააჭარბა.

21 . რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილში, ისე მადლს ემეფა სიმართლეში, მარადიული სიცოცხლისათვის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.