1 . მაშ, ვამბობ: ნუთუ უარყო თავისი ხალხი ღმერთმა? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაჰამის თესლისაგან, ბენიამინის ტომისაგან.
2 . არ უარყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს:
3 . "უფალო! შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ”.
4 . მაგრამ რას ეუბნება მას ღმერთის პასუხი? "დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუდრეკავთ ბაყალის წინაშე”.
5 . ასევე ახლანდელ დროშიც, ღმერთის მადლისმიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი.
6 . ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნებოდა მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის, თორემ საქმე აღარ არის საქმე.
7 . მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენები კი გაგულქვავდნენ.
8 . როგორც წერია: "მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე”.
9 . და დავითიც ამბობს: "დაე, მახედ იქცეს მათი ტაბლა, ბადედ, საცდურად და შურისგებად,
10 . თვალები დაებინდოთ, რომ ვერ ხედავდნენ, ხოლო ხერხემალი მათი მუდამ მოხრილი იყოს”.
11 . მაშ, ვამბობ: ნუთუ იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დანაშაულით ხსნა ეწიათ წარმართებს, რათა შური აღძრულიყო მათში.
12 . და თუ მათი დანაშაული წუთისოფლის სიმდიდრეა და მათი დაკნინება - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად დიდი იქნება მათი სავსება.
13 . ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
14 . ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს თვისტომთა შორის და ზოგიერთი მათგანის ხსნა.
15 . რადგან, თუ მათი განდევნა ღმერთთან ქვეყნიერების შერიგებაა, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა მკვდართაგან სიცოცხლე?
16 . თუ ნათავარი წმიდაა, მაშ - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ - რტოც.
17 . ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ შორის დაემყენ და გახდი ზეთისხილის ფესვის ნოყიერების თანაზიარი,
18 . ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.
19 . შენ იტყვი: რტოები გადატყნენ, რათა მე დავმყნობილიყავიო!
20 . კეთილი; ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყდნენ, შენ კი დგახარ რწმენით; ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.
21 . რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს.
22 . ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებასა და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ დარჩები მის სიკეთეში, თორემ შენც მოიკვეთები.
23 . და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ დარჩებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა.
24 . ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.
25 . რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: ნაწილობრივ სიჯიუტე მოუხდა ისრაელს, ვიდრე წარმართთა სისავსე არ მივა ღმერთთან.
26 . და ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: "მოვა სიონიდან მხსნელი და უღმრთოებას ააცდენს იაკობს.
27 . ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს”.
28 . დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის, ხოლო ამორჩევის მიხედვით - საყვარელნი მამების გულისათვის.
29 . რადგან არ იცვლება ღვთის ნიჭები და მოწოდება.
30 . ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებული ხართ მათი ურჩობის გამო.
31 . ისე ახლა ისინიც ურჩობენ იმისათვის, რათა ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ.
32 . ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.
33 . ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
34 . რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი?
35 . ან ვინ რა მისცა მას წინასწარ, რომ უკან დაუბრუნოს?
36 . რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!