საქმენი მოციქულთა თავი 25

1 . ფესტუსი სამთავროში რომ ჩავიდა, სამი დღის შემდეგ იერუსალიმს გაემგზავრა კესარიიდან.

2 . მღვდელმთავრებმა და წარჩინებულმა იუდევლებმა მას პავლეს წინააღმდეგ თავიანთი სარჩელის შესახებ აცნობეს და შეევედრნენ,

3 . იერუსალიმში გამოეძახა პავლე, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ.

4 . მაგრამ ფესტუსმა მიუგო, პავლე კესარიაშია მეთვალყურეობის ქვეშ და მალე თვითონაც იქ მივემგზავრებიო.

5 . და თქვა: "ახლა, რომელ თქვენგანსაც შეუძლია, წამომყვეს და, თუ იმ კაცს რაიმე დანაშაული აქვს, ბრალი დასდოს”.

6 . ათი თუ რვა დღე დაჰყო მათ შორის და დაბრუნდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა მსაჯულის ადგილზე და პავლეს მოყვანა ბრძანა.

7 . მოვიდა თუ არა, იერუსალიმიდან ჩამოსულმა იუდევლებმა პავლე შუაში ჩაიყენეს და ბევრი მძიმე ბრალდება წაუყენეს, თუმცა მათი დამტკიცება ვერ შეძლეს.

8 . მან კი თავის გასამართლებლად თქვა: "არაფერი შემიცოდავს არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ”.

9 . ფესტუსს იუდეველთა გულის მოგება უნდოდა და უპასუხა პავლეს: "იქნებ იერუსალიმში გინდა ასვლა, რომ იქ გასამართლდე ჩემს წინაშე ამის გამო?”

10 . ხოლო პავლემ უთხრა: "კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს კიდეც ჩემი განკითხვა. იუდეველთათვის არაფერი დამიშავებია, როგორც თვითონაც კარგად იცი.

11 . თუ მართალი არა ვარ და რაიმე ისეთი ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს; ხოლო, რაშიც ესენი მდებენ ბრალს, თუ ყველაფერი ტყუილია, არავის შეუძლია მათ ხელთ გადამცეს. კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ”.

12 . მაშინ ფესტუსი მოეთათბირა თავის საბჭოს და უპასუხა: "კეისრის სამსჯავროს მოითხოვ და წახვალ კეისართან”.

13 . რამდენიმე დღის შემდეგ, მეფე აგრიპა და ბერნიკე მივიდნენ კესარიაში ფესტუსის მოსაკითხად.

14 . მრავალი დღე დაჰყვეს იქ და უთხრა ფესტუსმა მეფეს პავლეზე: "ერთი კაცია, რომელიც ფელიქსმა დატოვა პატიმრად.

15 . იერუსალიმში რომ ვიყავი, მღვდელმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა შემომჩივლეს მასზე და მისი დასჯა მთხოვეს.

16 . ვუთხარი, არ სჩვევიათ-მეთქი რომაელებს სასიკვდილოდ ვინმეს გადაცემა, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ დაუდგებიან ბრალმდებელნი, რათა თავის მართლების საშუალება მიეცეს მას.

17 . აქ რომ მოვიდნენ, მეორე დღეს დაუყოვნებლივ დავჯექი მსაჯულის ადგილზე და ვბრძანე იმ კაცის მოყვანა.

18 . ბრალმდებლები გარს შემოეხვივნენ მას, მაგრამ ვერც ერთი ისეთი ბრალდება ვერ წაუყენეს, რასაც მე ვვარაუდობდი.

19 . რაღაცას ედავებოდნენ თავიანთ სარწმუნოებასა და ვიღაც გარდაცვლილ იესოზე, რომელზეც პავლე ამბობდა - ცოცხალიაო.

20 . ამ საქმის გარჩევა რომ გამიძნელდა, ვუთხარი, ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ გასამართლდე-მეთქი?

21 . მაგრამ პავლემ მოითხოვა, მისი საქმე ავგუსტუსის განსახილველად დაეტოვებინათ; მეც ვბრძანე, დაცვის ქვეშ იყოლიონ, ვიდრე კეისარს გავუგზავნი”.

22 . უთხრა აგრიპამ ფესტუსს: "მეც მინდა იმ კაცის მოსმენა”. ხოლო მან უპასუხა: "ხვალვე მოუსმენ მას”.

23 . მეორე დღეს, როცა აგრიპა და ბერნიკე დიდი ზარ-ზეიმით მოვიდნენ და ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად შევიდნენ დარბაზში, ფესტუსის ბრძანებით პავლეც მოიყვანეს.

24 . თქვა ფესტუსმა: "მეფე აგრიპავ და ყველა აქ დამსწრე კაცნო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც მრავალი იუდეველი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც ყვირილით: მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო.

25 . მაგრამ როგორც მივხვდი, მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია; და რაკი თვითონ მოითხოვა ავგუსტუსის სამსჯავრო, გადავწყვიტე გავგზავნო იგი.

26 . დამაჯერებელი კი არაფერი მაქვს, რომ მივწერო ხელმწიფეს; ამიტომ მოვიყვანე თქვენ წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპავ, რათა დაკითხვის მერე მეც მქონდეს რაიმე მისაწერი.

27 . ვინაიდან უაზრობად მიმაჩნია პატიმრის გაგზავნა მისი ბრალდების გარეშე”.