საქმენი მოციქულთა თავი 11

1 . გაიგეს იუდეაში მყოფმა მოციქულებმა და ძმებმა, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა.

2 . და როცა იერუსალიმში ავიდა პეტრე, უსაყვედურეს ზოგიერთებმა წინადაცვეთილთაგან.

3 . უთხრეს: "წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი სახლში და მათთან ერთად ჭამე”.

4 . ხოლო პეტრემ თანმიმდევრულად განმარტება დაიწყო და თქვა:

5 . "ქალაქ იაფოში ვიყავი, ვლოცულობდი და აღტაცებაში მოსულმა ჩვენება ვიხილე: რაღაც დიდი ტილოს მსგავსი, უცნაური ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი დაეშვა ზეციდან და ჩემამდე მოვიდა.

6 . შევხედე, დავაკვირდი და შიგ დედამიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი დავინახე.

7 . მერე ხმა მომესმა; მითხრა: ადექი პეტრე, დაკალი და ჭამე!

8 . მივუგე: არა, უფალო! რადგან ბიწიერი და უწმიდური არასოდეს არაფერი ჩამსვლია პირში.

9 . მეორედაც მომმართა ხმამ ზეციდან: ღმერთის მიერ განწმედილს, ბიწიერად ნუ მიიჩნევ!

10 . ეს სამჯერ მოხდა; მერე ყველაფერი ისევ ზეცად ამაღლდა.

11 . და აჰა, მაშინვე იმ სახლის ჭიშკარს, სადაც მე ვიყავი, კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა.

12 . მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და მივედით იმ კაცის სახლში.

13 . მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში ანგელოზი, რომელმაც უთხრა: გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს.

14 . ის გეტყვის სიტყვას, რომლითაც გადარჩები შენ და მთელი შენი სახლეულიც.

15 . როგორც კი ვიწყე ლაპარაკი, სულიწმიდა ისევე გადმოვიდა მათზე, როგორც ჩვენზე დასაწყისში.

16 . მაშინ გამახსენდა უფლის სიტყვა, რომ გვეუბნებოდა - იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებითო.

17 . თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?”

18 . ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ - აჰა, წარმართებსაც მისცაო ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.

19 . სტეფანეს გამო დაწყებული დევნით დაფანტულები, ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე მივიდნენ; თუმცა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას, იუდეველთა გარდა.

20 . თუმცა ზოგიერთი კვიპროსელთაგან და კვირინელთაგან, ანტიოქიაში მისვლისას გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ახარებდა უფალ იესოს.

21 . უფლის ხელი იყო მათთან, ძალიან ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისკენ.

22 . ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდეც მიაღწია და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში.

23 . როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში.

24 . კეთილი კაცი იყო იგი, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე, ამიტომ მრავალი ხალხი შეემატა უფალს.

25 . ამის შემდეგ ტარსუსში წავიდა სავლეს საძებნელად.

26 . როგორც კი ნახა, ანტიოქიაში ჩაიყვანა. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და დიდძალ ხალხს ასწავლიდნენ; პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები.

27 . იმ დღეებში ჩამოვიდნენ წინასწარმეტყველნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში.

28 . ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, წამოდგა და სულით გამოაცხადა, რომ მთელ ქვეყნიერებაზე დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს.

29 . მაშინ, გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, დახმარება გაეგზავნათ ძმებისთვის, რომლებიც იუდეაში ცხოვრობდნენ.

30 . ასეც მოიქცნენ, და ბარნაბასა და სავლეს ხელით გაუგზავნეს უხუცესებს.