1 . პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: "კაცნო, ძმანო, ყოველივეში კეთილი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე დღემდე”.
2 . მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა, რომ სახეში გაერტყათ მისთვის.
3 . მაშინ უთხრა პავლემ: "ღმერთი გცემს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! მანდ იმიტომ ზიხარ, რომ რჯულით განმიკითხო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას”.
4 . უთხრეს იქ მდგომებმა: "ღვთის მღვდელმთავარს შეურაცხჰყოფ?”
5 . უთხრა მათ პავლემ: "არ ვიცოდი, ძმებო, ეგ თუ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი”.
6 . იცოდა პავლემ, რომ კრებულში ნაწილი სადუკეველები იყვნენ, ნაწილი კი ფარისევლები, და იყვირა სინედრიონში: "კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები”.
7 . ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ჩამოვარდა, და გაიყო კრებული.
8 . რადგან სადუკეველნი ამბობდნენ, არ არის აღდგომა, არც ანგელოზი და სულიო, ფარისევლები კი ორივეს აღიარებდნენ.
9 . ატყდა დიდი აურზაური. წამოდგნენ მწიგნობრები ფარისეველთა მხრიდან, დავობდნენ და ამბობდნენ: "ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ, იქნებ სული ან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას, ღმერთს ნუ ეწინააღმდეგებით!”
10 . რაკი შფოთმა იმატა, შეშინდა ათასისთავი, პავლე არ გაგლიჯონო; ამიტომ ჯარისკაცებს უბრძანა, შესულიყვნენ, გამოერიდებინათ იგი მათგან და ციხე-სიმაგრეში წაეყვანათ.
11 . მომდევნო ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: "გამხნევდი, რადგან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ისე რომშიც გმართებს დამოწმება”.
12 . რომ გათენდა, იუდეველთაგან ზოგიერთნი შეითქვნენ და დაიფიცეს, რომ არ ეჭამათ და არ ესვათ, სანამ პავლეს არ მოკლავდნენ.
13 . ორმოცზე მეტნი იყვნენ შეთქმულები.
14 . მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: "დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, სანამ პავლეს არ მოვკლავთ.
15 . თქვენ და სინედრიონმა ათასისთავს შეუთვალეთ, რომ თქვენთან მოიყვანოს იგი, ვითომ უფრო დაწვრილებით გინდათ მისი საქმის გამოძიება; ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოაღწევს, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად”.
16 . შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ციხე-სიმაგრეში და პავლეს უთხრა.
17 . პავლემ კი ერთი ასისთავთაგანი იხმო და უთხრა: "ეს ჭაბუკი ათასისთავთან მიიყვანე, რაღაც აქვს მისთვის სათქმელი”.
18 . მანაც წაიყვანა, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: "პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, რადგან სათქმელი აქვს შენთვის”.
19 . ათასისთავმა ხელი მოჰკიდა მას, განზე გაიყვანა და ჰკითხა: "რა არის, რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?”
20 . მან უთხრა: "იუდევლები შეთანხმდნენ გთხოვონ, რომ ხვალ პავლე სინედრიონში წაიყვანო, თითქოს მისი საქმის უფრო დაწვრილებით გამოკვლევა სურდეთ.
21 . მაგრამ ნუ დაუჯერებ მათ; ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, სანამ პავლეს არ მოკლავენ, ჩასაფრდნენ და გამზადებულნი არიან, შენს ბრძანებასღა ელიან”.
22 . გაუშვა ათასისთავმა ჭაბუკი, თან უბრძანა, არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო.
23 . გამოიძახა ორი ასისთავთაგანი და უთხრა: "ღამის მესამე საათისთვის ორასი ჯარისკაცი, სამოცდაათი ცხენოსანი და ორასი შუბოსანი მოამზადეთ კესარიაში წასასვლელად,
24 . და პირუტყვიც, პავლეს შესასმელად, რათა გამგებელ ფელიქსთან მიიყვანოთ”.
25 . თან ეს წერილი მისწერა:
26 . "კლავდიუს ლისია აღმატებულ გამგებელს ფელიქსს, იხარებდე!
27 . ეს კაცი იუდევლებმა შეიპყრეს და მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული; მივედი ჯარისკაცებით და როცა გავიგე, რომ რომის მოქალაქეა, გამოვარიდე მათ.
28 . მინდოდა გამეგო, რაში ადანაშაულებდნენ და სინედრიონში მივუყვანე მათ.
29 . აღმოვაჩინე, რომ მათი რჯულის საკითხებში დაუდევთ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ სიკვდილის ან ბორკილების ღირსი იყოს.
30 . ხოლო, როდესაც გავიგე, რომ ამ კაცის წინააღმდეგ შეითქვნენ, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე შენთან. ბრალმდებლებსაც ვუბრძანე, შენს წინაშე ილაპარაკონ მასზე. იცოცხლე!”
31 . ამრიგად, ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრიამდე.
32 . მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და თვითონ ციხე-სიმაგრეში დაბრუნდნენ.
33 . მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ, გამგებელს წერილი გადასცეს და პავლეც წარუდგინეს.
34 . გამგებელმა წაიკითხა წერილი და ჰკითხა, საიდან ხარო. როცა შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, თქვა:
35 . "მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ”. და ბრძანა, ჰეროდესეულ პრეტორიუმში ჰყოლოდათ.