იოანე თავი 5

1 . ამ ამბების შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და იესო იერუსალიმში ავიდა.

2 . იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის აუზი, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხასდა ეწოდება და ხუთი დერეფანი აქვს,

3 . მათში იწვა ძალიან ბევრი სნეული: ბრმები, ხეიბრები, დავრდომილები, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ.

4 . დროდადრო ანგელოზი ეშვებოდა აუზში და წყალს ამღვრევდა. წყალი რომ აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი, განიკურნებოდა.

5 . იქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტანჯებოდა თავისი სნეულებით.

6 . იესომ მწოლარე რომ დაინახა, მიხვდა, რომ დიდი ხნის სნეული იყო და ჰკითხა: "გინდა გამოჯანმრთელდე?”

7 . მიუგო ავადმყოფმა: "უფალო, არავინა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ აუზში ჩამიშვას. ჩემს მისვლამდე სხვა ჩადის”.

8 . უთხრა იესომ: "ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე”.

9 . იგი მყისვე გამოჯანსაღდა. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს კი შაბათი იყო.

10 . ამიტომ იუდევლებმა განკურნებულს უთხრეს: "შაბათია და სარეცლის აღების უფლება არა გაქვს”.

11 . მან კი მიუგო: "ვინც განმკურნა, მანვე მითხრა, აიღე შენი სარეცელი და გაიარეო”.

12 . ჰკითხეს, ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და გაიარეო?

13 . განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილზე მყოფ ხალხს შეერია.

14 . ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: "აჰა, შენ გამოჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს”.

15 . ის კაცი წავიდა და უთხრა იუდევლებს, რომ იესომ განკურნა.

16 . იუდევლებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა.

17 . მან კი მიუგო: "მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ”.

18 . ამიტომ იუდევლები მით უფრო მეტად ცდილობდნენ მის მოკვლას, რადგან არა მარტო შაბათი გატეხა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.

19 . უთხრა მათ იესომ ამის პასუხად: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ იხილავს, რას აკეთებს მამა, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.

20 . რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს მას, ისე რომ გაგიკვირდებათ.

21 . რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევეა ძეც - აცოცხლებს მას, ვინც სურს.

22 . არც არავის განიკითხავს მამა, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა,

23 . რათა ყველამ მიაგოს პატივი ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მის მომავლინებელ მამას მიაგებს პატივს.

24 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.

25 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოდის ჟამი და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან.

26 . რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.

27 . განკითხვის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძეა იგი.

28 . ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან დგება ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მოისმენენ მის ხმას.

29 . კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.

30 . ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ და განკითხვა ჩემი სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.

31 . თუ მე ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.

32 . სხვა ამოწმებს ჩემ შესახებ და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემ შესახებ.

33 . თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან და დაამოწმა ჭეშმარიტება.

34 . თუმცა ადამიანისგან მოწმობას არ ვიღებ, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ.

35 . იგი ანთებული და მანათობელი ლამპარი იყო, და თქვენც გინდოდათ, მის შუქზე გეხარათ ერთხანს.

36 . მე კი იოანეზე აღმატებული მოწმობა მაქვს; რადგან საქმენი, რომლებიც მამამ მომცა აღსასრულებლად და თვით, ჩემ მიერ გაკეთებული საქმენი, ამოწმებენ ჩემ შესახებ, რომ მამამ მომავლინა.

37 . და ჩემმა მომავლინებელმა მამამ დაამოწმა ჩემ შესახებ. თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც გამოსახულება გიხილავთ მისი.

38 . მისი სიტყვა არ მკვიდრობს თქვენში, რადგან არ გწამთ მისი წარმოგზავნილისა.

39 . წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ.

40 . ჩემთან მოსვლა კი არ გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.

41 . ადამიანთაგან არ ვღებულობ დიდებას,

42 . მაგრამ გიცნობთ თქვენ, ღმერთის სიყვარული არა გაქვთ თქვენში.

43 . მე მამაჩემის სახელით მოვედი და არ მღებულობთ; სხვა ვინმე მოვა თავისი სახელით და მას მიიღებთ.

44 . როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთადერთი ღმერთისგან არის, არ ეძებთ?

45 . ნუ იფიქრებთ, რომ მე დაგდებთ ბრალს მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიც გაქვთ.

46 . რადგან მოსესი რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემ შესახებ დაწერა.

47 . ჰოდა, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, ჩემს ნათქვამს როგორღა იწამებთ?”