1 . როცა შეიტყო იესომ, რომ გაიგეს ფარისევლებმა, იესო იოანეზე მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავსო,
2 . თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები,
3 . დატოვა იუდეა და კვლავ გალილეაში წავიდა.
4 . გზად სამარიაზე უნდა გაევლო.
5 . მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ჰქვია, იმ მიწის ნაკვეთის მახლობლად, იაკობმა რომ მისცა თავის ძეს - იოსებს.
6 . და იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
7 . მოვიდა სამარიელი დედაკაცი წყლის ამოსაღებად. უთხრა იესომ: "წყალი დამალევინე,”
8 . რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად.
9 . სამარიელმა დედაკაცმა უთხრა: "შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს როგორ მთხოვ, დამალევინეო? იუდევლებს ხომ ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან”.
10 . უპასუხა იესომ: "შენ რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს”.
11 . უთხრა დედაკაცმა: "ბატონო, არც ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?
12 . ნუთუ შენ ჩვენს მამა იაკობზე მეტი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?”
13 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.
14 . ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.
15 . დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ”.
16 . უთხრა იესომ: "წადი, შენს ქმარს დაუძახე და აქ მოდი”.
17 . დედაკაცმა მიუგო: "ქმარი არა მყავს”. იესომ უთხრა: "მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო,
18 . რადგან ხუთი ქმარი გყავდა; ხოლო ის, ვინც ახლა გყავს, არც ის არის შენი ქმარი. ეს მართალი თქვი”.
19 . დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
20 . ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ის ადგილი, სადაც თაყვანს უნდა სცემდნენო”.
21 . იესომ მიუგო: "დედაკაცო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.
22 . თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს; ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგან არის.
23 . მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
24 . ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს”.
25 . უთხრა დედაკაცმა: "ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს”.
26 . იესომ უთხრა: "მე ვარ, ვინც გელაპარაკება”.
27 . ამ დროს მისი მოწაფეები დაბრუნდნენ და გაუკვირდათ, რომ იგი დედაკაცს ესაუბრებოდა, მაგრამ არცერთს არ უკითხავს, რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.
28 . დედაკაცმა თავისი ჭურჭელი მიატოვა, ქალაქში დაბრუნდა და ხალხს უთხრა:
29 . "წადით, ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი რამ ჩამიდენია; ის ხომ არ არის ქრისტე?”
30 . გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.
31 . ამასობაში მოწაფეები ეუბნებოდნენ: "რაბი, ჭამე!”
32 . იესომ უთხრა მათ: "მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით”.
33 . მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე.
35 . განა არ ამბობთ, კიდევ ოთხი თვე და მკის დრო დადგებაო? აჰა, მე კი გეუბნებით, აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
36 . მომკელი საზღაურს ღებულობს და ნაყოფს აგროვებს საუკუნო სიცოცხლისთვის, რათა ერთად გაიხარონ მთესველმაც და მომკელმაც.
37 . ამიტომ ჭეშმარიტია ეს ანდაზა: ერთი თესავს, მეორე იმკის.
38 . მე თქვენ იმის მოსამკელად გგზავნით, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შეხვედით”.
39 . იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.
40 . ამიტომ სამარიელები მასთან რომ მოვიდნენ, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და ისიც ორ დღეს დარჩა იქ.
41 . კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო.
42 . იმ დედაკაცს კი უთხრეს: "უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი”.
43 . ორი დღე რომ გავიდა, იქიდან გალილეაში წავიდა.
44 . თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში პატივი არა აქვს;
45 . მაგრამ გალილეაში რომ მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც იერუსალიმში დღესასწაულზე მოიმოქმედა, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
46 . ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ გადააქცია. იყო იქ მეფის ერთი მოხელე, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავდა კაპერნაუმში.
47 . როგორც კი გაიგო, იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რომელიც სიკვდილის პირას იყო.
48 . იესომ უთხრა: "არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ”.
49 . მეფის მოხელემ მიუგო: "უფალო, წამოდი სანამ ჩემი შვილი არ მომკვდარა”.
50 . უთხრა მას იესომ: "წადი, ცოცხალია შენი შვილი”. ირწმუნა იმ კაცმა იესოს ნათქვამი სიტყვა და წავიდა.
51 . შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ და უთხრეს, რომ ცოცხალი იყო მისი ვაჟი.
52 . გამოიკითხა, რომელ საათზე გამოკეთდაო და უთხრეს: გუშინ მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ.
53 . მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.
54 . ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.