იოანე თავი 18

1 . ეს რომ თქვა, იესო კედრონის ხევს გაღმა გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად, სადაც იყო ბაღი, რომელშიც შევიდნენ ის და მისი მოწაფეები.

2 . ეს ადგილი მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა, რადგან იესო ხშირად ხვდებოდა აქ თავის მოწაფეებს.

3 . ამიტომ, იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და მღვდელმთავრებისა და ფარისეველების მსახურები იახლა და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით.

4 . იესომ იცოდა რა ყველაფერი, რაც მოელოდა, გამოვიდა და ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?”

5 . მიუგეს მას: "იესო ნაზარეველს”. უთხრა მათ: "მე ვარ”. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.

6 . როცა უთხრა: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.

7 . ხელახლა ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?” უთხრეს: "იესო ნაზარეველს”.

8 . იესომ მიუგო: "ხომ გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, ეს კაცები გაუშვით, წავიდნენ”.

9 . ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიკარგავს.

10 . სიმონ-პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, იშიშვლა ის, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოზი ერქვა.

11 . უთხრა იესომ პეტრეს: "ჩააგე მახვილი ქარქაშში. ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, მამამ რომ მომცა?”

12 . მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს.

13 . პირველად ანასთან წაიყვანეს, კაიაფას, იმდროინდელი მღვდელმთავრის სიმამრთან.

14 . ეს ის კაიაფა იყო, იუდევლებს რომ ურჩია, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.

15 . იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე გაჰყვნენ. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.

16 . პეტრე კარს გარეთ იდგა. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, დაელაპარაკა მეკარეს და პეტრეც შეიყვანა.

17 . მეკარე გოგონამ უთხრა პეტრეს: "განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უთხრა: "არა ვარ”.

18 . ციოდა, ამიტომ ეზოში მდგომ მსახურებსა და მონებს ნაკვერჩხლები გაეღვივებინათ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან ერთად იდგა და თბებოდა.

19 . მღვდელმთავარმა იესოს მისი მოწაფეებისა და სწავლების შესახებ ჰკითხა.

20 . მიუგო მას იესომ: "მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთისოფელს; მუდამ სინაგოგებსა და ტაძარში ვასწავლიდი, სადაც იკრიბება ყველა იუდეველი. ფარულად არაფერი მილაპარაკია.

21 . მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი”.

22 . ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა იქ მდგომმა მსახურმა ხელი გაარტყა იესოს და უთხრა: "ასე ელაპარაკები მღვდელმთავარს?”

23 . მიუგო იესომ: "თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ, და თუ კარგად - რადა მცემ?”

24 . მაშინ ანამ შებოჭილი იესო მღვდელმთავარ კაიაფასთან გაგზავნა.

25 . სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. ჰკითხეს: "განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უარყო; თქვა: "არა ვარ”.

26 . მღვდელმთავრის ერთ-ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ყური რომ ჩამოათალა პეტრემ, უთხრა: "განა ბაღში მასთან ერთად არ გნახე?”

27 . კვლავ უარყო პეტრემ და მამალმაც იყივლა.

28 . იესო კაიაფასგან პრეტორიუმში წაიყვანეს. თენდებოდა; პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.

29 . პილატე გარეთ გამოვიდა მათთან და იკითხა: "რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?”

30 . უთხრეს: "ბოროტის მოქმედი რომ არ იყოს, არ გადმოგცემდით”.

31 . უთხრა მათ პილატემ: "წაიყვანეთ და თქვენი რჯულის მიხედვით განსაჯეთ”. იუდევლებმა უპასუხეს: "ჩვენ უფლება არა გვაქვს სიკვდილით დავსაჯოთ ვინმე”.

32 . რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.

33 . პილატე პრეტორიუმში შებრუნდა, მოუხმო იესოს და ჰკითხა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?”

34 . მიუგო იესომ: "შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?”

35 . მიუგო პილატემ: "განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?”

36 . თქვა იესომ: "ჩემი სამეფო წუთისოფლისგან არ არის; ჩემი სამეფო რომ ამქვეყნიური ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდევლებს ხელში არ ჩავვარდნოდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამეფო არ არის აქაური”.

37 . უთხრა პილატემ: "მაშ, მეფე ხარ!” იესომ მიუგო: "შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემს ხმას”.

38 . ჰკითხა პილატემ: "რა არის ჭეშმარიტება?” ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდევლებთან და უთხრა მათ: "მე ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე მასში.

39 . ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექზე? გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?

40 . მაშინ კვლავ აყვირდნენ და ამბობდნენ: "ეს კი არა, ბარაბა!” ბარაბა კი ავაზაკი იყო.