ლუკა თავი 13

1 . ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთნი და უამბეს გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლიც მათ მსხვერპლთა სისხლს შეურია პილატემ.

2 . იესომ უთხრა მათ: "გგონიათ, რომ ეს გალილეველები ყველა სხვა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ ეწამნენ?

3 . არა, გეუბნებით! არამედ, თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!

4 . ან ხომ არ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომელთაც სილოამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის დანარჩენი მკვიდრნი?

5 . არა, გეუბნებით! თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!”

6 . უთხრა ეს იგავი: "ერთ კაცს ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ მასზე ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა.

7 . უთხრა ეს იგავი: "ერთ კაცს ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ მასზე ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა.

8 . მან კი მიუგო პასუხად: ბატონო, ამ წელიწადსაც დატოვე, ძირს შემოვუთოხნი და ნაკელს მოვაყრი;

9 . იქნებ გამოიღოს ნაყოფი. თუ არა და, მოჭერი”.

10 . შაბათს ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.

11 . და აჰა, დედაკაცი, რომელიც თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით იყო შეპყრობილი; დაკრუნჩხული, წელში ვერ იმართებოდა.

12 . დაინახა იგი იესომ, მოიხმო და უთხრა: "დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენი სნეულებისგან”.

13 . დაასხა ორივე ხელი, მაშინვე გაიმართა იგი და ადიდებდა ღმერთს.

14 . სინაგოგის უფროსი კი გაჯავრდა, შაბათს რომ განკურნა იესომ და უთხრა ხალხს: "ექვსი დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება; ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს - არა”.

15 . უფალმა კი უთხრა პასუხად: "თვალთმაქცო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად?

16 . ეს კი აბრაჰამის ასულია, რომელიც აგერ უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრა სატანამ. განა არ შეიძლებოდა ამ ხუნდებიდან შაბათ დღეს მისი გათავისუფლება?”

17 . როცა ამას ლაპარაკობდა, მის ყველა მოწინააღმდეგეს რცხვენოდა. ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის მიერ ქმნილი დიდებული საქმეების გამო.

18 . მან თქვა: "რისი მსგავსია ღმერთის სამეფო და რას მივამსგავსო იგი?

19 . მდოგვის მარცვალს ჰგავს იგი, რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა; გაიზარდა, იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს”.

20 . კვლავ თქვა: "რას მივამსგავსო ღმერთის სამეფო?

21 . იგი წააგავს საფუარს, რომელიც აიღო დედაკაცმა და ჩაფლა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად გაფუვდებოდა”.

22 . დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და იერუსალიმისკენ მიემართებოდა.

23 . ვიღაცამ ჰკითხა: "უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?” მან უთხრა:

24 . "ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან; რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შეძლებს.

25 . როცა სახლის პატრონი წამოდგება და კარს დაკეტავს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით: უფალო, უფალო, გაგვიღე! მაგრამ ის პასუხად მოგიგებთ: არ გიცნობთ, საიდან ხართ.

26 . მაშინ ეტყვით: შენ წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი.

27 . მაგრამ ის მოგიგებთ: გეუბნებით, არ გიცნობთ, საიდან ხართ. გამშორდით, ყოველნო მოქმედნო უსამართლობისა!

28 . და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როცა იხილავთ აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სამეფოში, თქვენს თავს კი - გარეთ განდევნილებს.

29 . მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და დასხდებიან ღმერთის სამეფოში.

30 . და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომლებიც პირველნი იქნებიან, და პირველნი, რომლებიც უკანასკნელნი იქნებიან!”

31 . ამ დროს მოვიდა ზოგი ფარისეველთაგანი და უთხრა: "წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს უნდა შენი მოკვლა”.

32 . უთხრა მათ: "წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღეს და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ.

33 . მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალაც და ზეგაც, რადგან არ იქნება, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს!

34 . იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლველო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი კრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ისურვეთ!

35 . აჰა, ოხრად გრჩებათ სახლი. გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!”