1 . ამასობაში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, ისე რომ ერთმანეთს თელავდნენ. იესომ ჯერ თავის მოწაფეებს მიმართა: "მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც თვალთმაქცობაა.
2 . რადგან არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.
3 . ამიტომ, რასაც ბნელში იტყვით, სინათლეზე მოისმენენ, და რასაც ოთახებში ჩასჩურჩულებთ ერთმანეთს, ერდო-ბანებზე გახმაურდება.
4 . გეუბნებით თქვენ, ჩემო მეგობრებო, იმათი ნუ შეგეშინდებათ, ვინც სხეულს კლავს და ამის მეტი აღარაფრის გაკეთება შეუძლია.
5 . გიჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც მოკვლის შემდეგ გეენაში ჩაგდების ხელმწიფება აქვს. აჰა, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.
6 . განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღმერთის წინაშე.
7 . თქვენს თავზე კი ყოველი თმაც დათვლილია. ნუ გეშინიათ, ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
8 . ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, ძე კაცისაც აღიარებს ღმერთის ანგელოზთა წინაშე.
9 . ხოლო, ვინც ადამიანთა წინაშე უარმყოფს, თავადაც უარყოფილი იქნება ღმერთის ანგელოზთა წინაშე.
10 . და ყველას, ვინც ძე კაცისას წინააღმდეგ იტყვის სიტყვას, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება.
11 . სინაგოგებში რომ შეგიყვანენ მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იდარდებთ, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ.
13 . ხალხიდან ვიღაცა შეესიტყვა: "მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ მემკვიდრეობა გამიყოს”.
14 . მან კი უთხრა მას: "ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?”
15 . უთხრა: "იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული”.
16 . და უთხრა მათ იგავი: "ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა.
17 . იფიქრა თავისთვის: რა ვქნა, ვინაიდან არ მაქვს მოსავლის დასაბინავებელი?
18 . თქვა, ასე მოვიქცევი: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს.
19 . და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
20 . მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?
21 . ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება”.
22 . უთხრა თავის მოწაფეებს: "ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ დარდობთ თქვენს თავზე - რა ჭამოთ, ნურც სხეულისთვის - რით შეიმოსოთ.
23 . რადგან სული საზრდოზე მეტია და სხეული - სამოსელზე.
24 . ყორნებს დააკვირდით: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლები აქვთ, არც საწყობი და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს?
25 . რომელ თქვენგანს შეუძლია, დარდით ერთი საათი მაინც შემატოს თავის სიცოცხლეს?
26 . მაშ, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, დანარჩენზე რაღად დარდობთ?
27 . დაუკვირდით შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც ჯაფა აქვთ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
28 . თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასეთნაირად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
29 . ამიტომ ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ.
30 . რადგან ყოველივე ამას ქვეყნიერების ხალხები ეძიებენ; თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ეს ყველაფერი.
31 . მაშ, ეძიეთ ღმერთის სამეფო და ყოველივე ეს შეგემატებათ.
32 . ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ კეთილინება თქვენთვის ცათა სამეფოს მოცემა.
33 . გაყიდეთ თქვენი ქონება და გაეცით მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ დააზიანებს.
34 . რადგან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ იქნება.
35 . დე, იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და თქვენი ლამპარი - ანთებული.
36 . იმ ადამიანთა მსგავსად, თავიანთი ბატონის დაბრუნებას რომ ელიან ქორწილიდან, რათა როგორც კი დააკაკუნებს, იმწამსვე გაუღონ.
37 . ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ჰპოვებს. ჭეშმარიტად გეტყვით, შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება.
38 . მეორე ან მესამე გუშაგობისას რომ მოვიდეს და ასე ჰპოვოს, ნეტარ არიან ისინი.
39 . ესეც იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის გატეხვას არ დაანებებდა.
40 . ამიტომ მზად იყავით, რადგან, როცა არ მოელით, მაშინ მოვა ძე კაცისა”.
41 . პეტრემ ჰკითხა: "უფალო, ამ იგავს ჩვენ გვეუბნები თუ ყველას?”
42 . უთხრა უფალმა: "ვინ არის ერთგული და გონიერი სახლმართველი, რომელსაც თავის მსახურებზე დააყენებს ბატონი, დროულად რომ მისცეს მათ ულუფა?
43 . ნეტარია ის მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამის მოქმედს ჰპოვებს მას.
44 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას.
45 . ხოლო თუ იტყვის ეს მონა თავის გულში: აგვიანებსო მოსვლას ჩემი ბატონი და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა-სმასა და ლოთობას,
46 . მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, რომელზეც არ ფიქრობს, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს.
47 . ის მონა კი, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგრად იგვემება.
48 . ხოლო, რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ გვემა დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ; ვისაც მეტს მიანდობენ, მეტსაც მოჰკითხავენ.
49 . ქვეყანაზე ცეცხლის დასანთებად მოვედი და როგორ მინდა, რომ უკვე ენთოს.
50 . ნათლობით უნდა მოვინათლო და როგორ ვწუხვარ, ვიდრე ეს აღსრულდება.
51 . გგონიათ, ქვეყანაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ, გასაყოფად.
52 . რადგან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში, სამნი ორის წინააღმდეგ და ორი სამის წინააღმდეგ.
53 . გაიყოფიან, მამა ძის წინააღმდეგ და ძე - მამის წინააღმდეგ; დედა - ასულისა და ასული დედის წინააღმდეგ”.
54 . ხალხსაც უთხრა: "როცა დასავლეთიდან მომავალ ღრუბელს დაინახავთ, მაშინვე იტყვით: იწვიმებსო, და ასეც ხდება.
55 . ხოლო, როცა სამხრეთის ქარი დაუბერავს, იტყვით: დაცხებაო, და ხდება.
56 . თვალთმაქცნო! ცისა და მიწის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ?
57 . თავად რაღატომ არ განსჯით, რა არის სამართლიანი?
58 . როცა მეტოქესთან ერთად მიდიხარ მთავართან, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მოსამართლესთან არ მიგიყვანოს, მოსამართლემ მოხელეს არ გადაქცეს და მოხელემ საპყრობილეში არ ჩაგაგდოს.
59 . გეუბნები, ვეღარ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ ლეპტასაც არ გადაიხდი”.