ლუკა თავი 10

1 . ამის შემდეგ სხვა სამოცდაათი ამოარჩია უფალმა და ორ-ორი მიავლინა წინასწარ, ყველა იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა.

2 . უთხრა მათ: "სამკალი ბევრია, მუშაკი - ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.

3 . წადით! აჰა, მე გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.

4 . არც ქისა წაიღოთ თან, არც აბგა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში.

5 . რომელ სახლშიც შეხვალთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს!

6 . თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ.

7 . იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც ექნებათ, ვინაიდან მუშა ღირსია თავისი საზღაურისა. ერთი სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ.

8 . რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რასაც შემოგთავაზებენ.

9 . განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: მოგიახლოვდათ-თქო ღმერთის სამეფო.

10 . ხოლო თუ რომელიმე ქალაქში არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:

11 . თქვენი ქალაქის მტვერს, ფეხებზე რომ მოგვეკრო, ვიბერტყავთ თქვენს წინაშე; ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ-თქო ღმერთის სამეფო.

12 . გეუბნებით, სოდომისთვის უფრო ასატანი იქნება ის დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის.

13 . ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რაც თქვენთან მოხდა, დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენ.

14 . ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება განკითხვისას, ვიდრე თქვენთვის.

15 . შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები.

16 . ვინც თქვენ მოგისმენთ, მე მომისმენს; თქვენი უარმყოფელი, მე უარმყოფს; ჩემი უარმყოფელი კი ჩემს მომავლინებელს უარყოფს!”

17 . სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და ამბობდნენ: "უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან”.

18 . მან კი უთხრა მათ: "ვუყურებდი სატანას ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან.

19 . აჰა, გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას გველთა, მორიელთა და მტრის ყოველგვარი ძალის დასათრგუნად; თქვენ კი არაფერი გევნებათ.

20 . თუმცა, ის კი ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ ის, რომ თქვენი სახელები ზეცაშია ჩაწერილი”.

21 . იმ დროს გაიხარა სულში იესომ და თქვა: "გმადლობ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რომ ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ეს და ჩვილებს გამოუცხადე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენ წინაშე.

22 . ყოველივე მამისგან გადმომეცა, და არავინ იცის ვინ არის მამა, გარდა ძისა; და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს რომ განუცხადოს”.

23 . მიუბრუნდა მოწაფეებს და ცალკე უთხრა: "ნეტარია თვალები, რომლებიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ;

24 . რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ ნახა; ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა”.

25 . აჰა, ერთი რჯულის მცოდნე წამოდგა და გამოსაცდელად ჰკითხა: "მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო,

26 . იესომ უთხრა: "რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?”

27 . მან უპასუხა: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.

28 . უთხრა მას იესომ: "სწორად მიპასუხე. ასე მოიქეცი და იცოცხლებ”.

29 . მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და ჰკითხა იესოს: "ვინ არის ჩემი მოყვასი?”

30 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხოს მიდიოდა; თავს დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ; ის კი ნახევრადმკვდარი მიატოვეს.

31 . შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია.

32 . ლევიანმაც ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მანაც გვერდი აუქცია.

33 . მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეებრალა.

34 . მივიდა, ზეთითა და ღვინით მობანა ჭრილობები, შეუხვია, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და უპატრონა.

35 . მეორე დღეს, სანამ წავიდოდა, ორი დინარი ამოიღო, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, გადაგიხდიო.

36 . როგორ ფიქრობ, იმ სამიდან რომელი იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?”

37 . უპასუხა: "რომელმაც წყალობა უყო მას”. მაშინ უთხრა იესომ: "წადი და შენც ასევე მოიქეცი”.

38 . განაგრძეს გზა და შევიდა ერთ სოფელში. დედაკაცმა, სახელად მართამ, თავის სახლში მიიწვია იგი.

39 . მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და მის სიტყვას ისმენდა.

40 . მართა კი გულუხვად გამასპინძლებაზე ზრუნავდა. მივიდა და უთხრა: "უფალო, ნუთუ არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს”.

41 . მიუგო უფალმა და უთხრა: "მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ;

42 . საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა”.