1 . ანგელოზი, მე რომ მელაპარაკა, მობრუნდა და გამომაღვიძა, როგორც მძინარე კაცს აღვიძებენ.
2 . მკითხა: რას ხედავ? მივუგე: აჰა, მთლად ოქროს სასანთლეს ვხედავ, თავზე ფიალით - ზეთისთვის, ასევე შვიდი ლამპრითა და შვიდი საწრეტით ლამპრებზე, რომლებიც მის თავზეა;
3 . ორი ზეთისხილის ხეა მასთან, ერთი ფიალის მარჯვნივ და ერთიც მარცხნივ.
4 . მივუგე და ვუთხარი ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზს: რა არის ესენი, ბატონო?
5 . მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: განა არ იცი რა არის ესენი? ვუპასუხე: არა, ჩემო ბატონო.
6 . მომიგო და ასე მიპასუხა: აი, უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ: არა ძლიერებით და არა ძალით, არამედ ჩემი სულით! - ამბობს ცაბაოთ უფალი.
7 . რა ხარ, დიადო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები და გამოიღებს იგი ქვაკუთხედს ტაძრისთვის შეძახილით: მადლი, მადლისა წილ!
8 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
9 . ზერუბაბელის ხელმა დააფუძნა ეს სახლი და მისი ხელივე დაასრულებს! და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა, წარმომგზავნა თქვენთან.
10 . რადგან ვინ მოიძულა მცირე წამოწყების დღე? გაიხარებენ ისინი, რადგან იხილავენ შვეულს ზერუბაბელის ხელში - ეს უფლის შვიდი თვალია, ისინი გადასწვდებიან მთელ ქვეყნიერებას.
11 . მივუგე და ვკითხე: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?
12 . მეორედაც მივმართე და ვკითხე: რა არის ეს ორი რტო ზეთისხილისა, საიდანაც ოქროს ორი საწრეტით იღვრება ოქრო?
13 . მიპასუხა: განა არ იცი, რა არის ეს? ვუთხარი: არა, ჩემო ბატონო!
14 . მითხრა: ეს არის ორი ცხებული, რომელიც მთელი ქვეყნიერების ბატონის წინაშე დგას.