1 . აღვაპყარ თვალები და აჰა, კაცი, ხელში საზომი საბელით.
2 . ვკითხე: სად მიდიხარ? მიპასუხა: იერუსალიმის გასაზომად, მისი სიგანისა და მისი სიგრძის გასაგებად.
3 . და აჰა, გავიდა ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზი და სხვა ანგელოზი გამოვიდა მასთან შესახვედრად.
4 . უთხრა: გაიქეცი და ასე ელაპარაკე ამ ჭაბუკს: უგალავნოდ დასახლდება იერუსალიმი ადამიანთა და საქონლის სიმრავლის გამო.
5 . მე ვიქნები მისთვის - ამბობს უფალი - ცეცხლის გალავნად გარშემო და დიდებად მის წიაღში.
6 . ჰეი, ჰეი! გაიქეცით ჩრდილოეთის ქვეყნიდან - ამბობს უფალი - ვინაიდან ცის ოთხი ქარივით გაგფანტავთ - ამბობს უფალი.
7 . ჰეი, სიონო, თავს უშველე, ბაბილონის ასულთან დამკვიდრებულო!
8 . რაგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების ჟამის შემდეგ წარმომგზავნა თქვენი მძარცველი ხალხების წინააღმდეგ, რადგან, ვინც თქვენ გეხებათ, მისი თვალის გუგას ეხება.
9 . რადგან, აჰა, შევმართავ ხელს მათზე და მათივე მონების ნადავლად იქცევიან; და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა წარმომგზავნა.
10 . იყიჟინე და იმხიარულე, სიონის ასულო! რადგან, აჰა, მოვდივარ და დავმკვიდრდები შენს წიაღში - ამბობს უფალი.
11 . იმ დღეს მრავალი ერი შეუერთდება უფალს და იქნებიან ჩემს ხალხად; დავმკვიდრდები შენს წიაღში და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა წარმომგზავნა შენთან.
12 . დაეუფლება უფალი იუდასა და წმიდა მიწას, როგორც თავის წილს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.
13 . ყოველი ხორციელი დადუმდეს უფლის წინაშე, რადგან აჰა, წამოიმართა თავისი წმიდა სამკვიდრებლიდან.