1 . იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მკვიდრთათვის, ცოდვისა და უწმინდურებისგან განსაბანად.
2 . იმ დღეს იქნება - ამბობს ცაბაოთ უფალი - მოვსპობ კერპთა სახელებს ამ ქვეყანაზე, რომ მეტად აღარ იხსენებოდნენ; ცრუ წინასწარმეტყველებსა და უწმიდურ კაცსაც აღვგვი ამ ქვეყნიდან.
3 . ხოლო თუ ისევ იწინასწარმეტყველებს ვინმე, მაშინ ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ იცოცხლებ, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო; და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა იწინასწარმეტყველებს.
4 . იმ დღეს შერცხვებიან წინასწარმეტყველნი თავიანთი ხილვების გამო, როცა იწინასწარმეტყველებენ და აღარ შეიმოსავენ ბეწვიან შესამოსელს ხალხთა მოსატყუებლად.
5 . იტყვიან: არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწათმოქმედი კაცი ვარ, რადგან სიყრმიდანვე კაცთაგან ვისწავლე მესაქონლეობა.
6 . ეტყვიან: ეგ რა ჭრილობები გაქვს ხელზე? უპასუხებს: ჩემი მეგობრების სახლში ვარ ნაგვემი.
7 . აღსდექ, მახვილო, ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი ახლობელი კაცის წინააღმდეგ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ აღვმართავ კრავებზე ხელს.
8 . მთელ ქვეყანაზე - ამბობს უფალი - ორი მესამედი მოისპობა და დაიღუპება, ერთი მესამედი კი გადარჩება.
9 . ცეცხლში გავატარებ ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება და გამოვცდი, როგორც ოქრო გამოიცდება; მოუხმობენ ჩემს სახელს და მე ვუპასუხებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ხალხი! იტყვიან: უფალია ჩემი ღმერთი.