ამოსი თავი 8

1 . მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, კალათა იყო მწიფე ხილით სავსე.

2 . მითხრა: რას ხედავ, ამოს? მივუგე: კალათას, ზაფხულის ხილით სავსეს. მითხრა უფალმა: მოვიდა ჩემი ხალხის, ისრაელის აღსასრული. მეტად აღარ ვაპატიებ.

3 . გოდებად იქცევა ტაძრის სიმღერები იმ დღეს, - ამბობს უფალი ღმერთი, - უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრილი უხმოდ.

4 . გაიგონეთ ეს, გაჭირვებულთა ფეხქვეშ გამთელავნო და გლახაკთა დამღუპველნო,

5 . რომ ამბობთ: როდის გაივლის თვე, რომ მარცვლეული გავყიდოთ და შაბათი, რომ ხორბლის ბეღელი გავხსნათ, საწყაო შევამციროთ, შეკელის ფასი გავზარდოთ და მოვატყუოთ ცრუ სასწორებით.

6 . ვერცხლით ვიყიდოთ უმწეონი და გაჭირვებული - წყვილი ქალამნით; რათა მონარჩენი მარცვლეულიც გავყიდოთ.

7 . იაკობის დიდება დაიფიცა უფალმა: უკუნისამდე არ დავივიწყებ არცერთ მათ საქმეს.

8 . განა არ უნდა შეიძრას მიწა ამის გამო და არ უნდა იგლოვოს ყოველმა მისმა მკვიდრმა?! აზვირთდება იგი და კვლავ უკან დაიხევს, როგორც ეგვიპტის მდინარე.

9 . და იქნება იმ დღეს - ამბობს უფალი ღმერთი - შუადღის მზეს ჩავიყვან და მთელ დღეს დავაბნელებ ქვეყანას.

10 . თქვენს დღესასწაულებს გლოვად ვაქცევ და თქვენს ყველა სიმღერას - გოდებად! ყველას ძაძას ჩავაცმევ და ყველა თავი გადაიპარსება; ქვეყანას ერთადერთ ძეზე მგლოვიარესავით ვაქცევ და მისი ბოლო მწარე დღე იქნება.

11 . აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი ღმერთი - შიმშილს დავუშვებ ქვეყანაზე; არა პურის შიმშილს და წყლის წყურვილს, არამედ ღმერთის სიტყვის მოსმენის წყურვილს.

12 . იწანწალებენ ზღვიდან ზღვამდე და იხეტიალებენ ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე უფლის სიტყვის სათხოვნელად, მაგრამ ვერ იპოვნიან.

13 . ღონე გამოეცლებათ იმ დღეს წყურვილისგან მშვენიერ ქალწულთ და ჭაბუკთ,

14 . სამარიის ურჯულოებას რომ იფიცებენ და ამბობენ - ცოცხალიაო შენი ღმერთი, დან! და - ცოცხალიაო ბეერ-შებას გზა! დაეცემიან და ვეღარ ადგებიან.