ამოსი თავი 2

1 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ მოაბს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - ედომის მეფის ძვლების კირად გამოწვის გამო.

2 . დავუშვებ ცეცხლს მოაბზე, შთანთქავს სასახლეებს კერიოთში და მოკვდება მოაბი ჩოჩქოლში, საომარ ყიჟინასა და საყვირის ხმაზე.

3 . მოვკვეთ მოსამართლეთ მისი წიაღიდან და ყველა მის მთავარს დავხოცავ მასთან ერთად! - ამბობს უფალი.

4 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ იუდას სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავდნენ მის დადგენილებებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მიჰყვებოდნენ.

5 . დავუშვებ ცეცხლს იუდაზე და შთანთქავს იერუსალიმის სასახლეებს!

6 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ისრაელს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო - ვინაიდან მართალს ვერცხლზე ყიდიან და წყვილ ფეხსაცმელზე - ღარიბს.

7 . თავზე მიწის მტვერს აყრიან უმწეოთ და გზას უმრუდებენ ჩაგრულთ; მამა-შვილი ერთ ქალთან შედის, რათა შებღალონ ჩემი წმიდა სახელი!

8 . გირაოში წამოღებულ ტანსაცმელზე წვებიან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთების სახლში.

9 . მე გავანადგურე მათ წინაშე ამორელნი, რომელთა სიმაღლეც კედარივით იყო და სიმაგრე მუხასავით. მოვსპე მისი ნაყოფი ზევით და ფესვები ქვემოთ.

10 . მე გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოც წელიწადს გატარებდით უდაბნოში, რათა დაგემკვიდრებინათ ამორელთა ქვეყანა.

11 . დავადგინე თქვენი ძენი წინასწარმეტყველებად და თქვენი ჭაბუკნი - მოწმიდრებად. განა ასე არაა, ძენო ისრაელისა? - ამბობს უფალი.

12 . თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდრებს, წინასწარმეტყველთ კი უბრძანებდით: არ იწინასწარმეტყველოთო!

13 . აჰა, ისე გაგჭყლეტთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჭყლეტს.

14 . მალემსრბოლი ვეღარ გაიქცევა, ვეღარც ძლიერი მოიკრებს ძალას და ვერც მამაცი იხსნის თავის თავს.

15 . ვერც მშვილდის დამჭერი აღდგება, ვერც მალემსრბოლი გადარჩება და ვერც ცხენზე ამხედრებული იხსნის თავის სულს,

16 . მამაცთაგან ყველაზე გაბედულიც კი შიშველი გაიქცევა იმ დღეს! - ამბობს უფალი.