1 . ასეთი ხილვა მომცა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გაზაფხულის ბალახის ამოსვლისას და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ.
2 . და იყო, მოამთავრა კალიამ ქვეყნის ბალახის ჭამა და ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი.
3 . გადაიფიქრა უფალმა; ‘არ მოხდებაო’ - თქვა უფალმა.
4 . და მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს, რომელმაც დიდი უფსკრული შთანთქა და მინდვრის შთანთქმა დაიწყო.
5 . ვთქვი: უფალო ღმერთო! გთხოვ, შეჩერდი. როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი.
6 . გადაიფიქრა უფალმა; ‘არ მოხდებაო’ - თქვა უფალმა ღმერთმა.
7 . ასეთი ხილვა მომცა: აჰა, აღმართულ კედელთან იდგა უფალი და შვეული ეჭირა ხელში.
8 . მითხრა: რას ხედავ, ამოს? ვუპასუხე: შვეულს. თქვა: აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ხალხის, ისრაელის შუაგულში და მეტად აღარ დავინდობ.
9 . ისაკის მაღლობები გაუკაცურდება, ისრაელის საწმიდრები ნანგრევებად იქცევა, მახვილით აღვდგები იერობყამის სახლზე.
10 . ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, შეუთვალა იერობყამს, ისრაელის მეფეს. აუწყა: შეთქმულებას გიწყობს ამოსი ისრაელის სახლის შუაგულში; მიწა ვერ აიტანს მის ყველა სიტყვას.
11 . ასე ამბობს ამოსი: იერობყამი მახვილით მოკვდება, ხოლო ისრაელი უსათუოდ ტყვეობაში წავაო თავისი ქვეყნიდან.
12 . უთხრა ამაციამ ამოსს: წინასწარმეტყველო, წადი, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე.
13 . ნუღარ იწინასწარმეტყველებ ბეთელში, რადგან, აჰა, მეფის საწმიდარი და სამეფო სახლია ის.
14 . მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი, მეჯოგე ვარ და ლეღვს ვუვლი.
15 . მაგრამ წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა: წადი, უწინასწარმეტყველეო ჩემს ხალხს, ისრაელს.
16 . ახლა მოისმინე უფლის სიტყვა: შენ ამბობ, ნუ იწინასწარმეტყველებ ისრაელის წინააღმდეგ და ნუ ილაპარაკებო ისაკის სახლის წინააღმდეგ.
17 . ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი ქალაქში იმეძავებს, ხოლო შენი ძენი და შენი ასულნი მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება და უწმიდურ მიწაზე მოკვდები; ისრაელი კი უსათუოდ ტყვეობაში წავა თავისი მიწიდან.